როგორ მიულოცა მსოფლიომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობის 102-ე წლისთავი აღნიშნა. კორონავირუსის პანდემიის გამო ამ დღემ მასშტაბური საზეიმო ღონისძიებების გარეშე ჩაიარა. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო პანდემიას ებრძვის, საქართველოს მეგობარმა ქვეყნებმა დამოუკიდებლობის დღის მოსალოცად მაინც მოიცალეს. საქართველოსადმი პატივიცისცემისა და მხარდაჭერის ნიშნად სხადასხვა ქვეყანაში შენობები ქართული დროშის ფერებში განათდა, გაიშალა საქართველოს დროშები, ჟღერდა ქართული ჰიმნი და მელოდიები.
მისალოცი წერილები გამოაგზავნეს უცხო ქვეყნის პოლიტიკურმა ლიდერებმა და დიპლომატებმა. საქართველოსთვის კეთილი სურვილები არ დაიშურეს რომის პაპმა და დიდი ბრიტანეთის დედოფალმაც.
დამოუკიდებლობის დღეს თავის შეხსენება არც ოკუპანტ მეზობელს დავიწებია. მილოცვა არა, მაგრამ პანდემიის ფონზე კონსპირაციები კიდევ ერთხელ გაავრცელა, ლუგარის ლაბორატორიის გამო შეშფოთება და ლაბორატორიაში რუსი სპეციალისტების შეშვების სურვილი გამოთქვა.
დონალდ ტრამპი
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიულოცა.
მან მილოცვაში ხაზი გაუსვა ათწლეულების განმავლობაში აშშ-სა და საქართველოს შორის მტკიცე პარტნიორობას, რომელიც საერთო ღირებულებებს და ინტერესებს ეფუძნება.
"გულითადად ვულოცავ ქართველებს, ვუსურვებ კეთილდღეობას, ნაყოფიერ და უსაფრთხო მომავალს", — ნათქვამია დონალდ ტრამპის მილოცვაში.
ელისაბედ მეორე
დამოუკიდებლობა მოგვილოცა დიდი ბრიტანეთის დედოფალმა, ელისაბედ მეორემაც.
"დიდი სიხარულით გილოცავთ ეროვნულ დღესასწაულს. საუკეთესო სურვილებით თქვენ და საქართველოს მოსახლეობას", — ნათქავმია დედოფლის მილოცვაში.
რომის პაპი
საქართველოს კეთილდღეობა უსურვა რომის პაპმა ფრანცისკემ. მან მისალოცი წერილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გამოუგზავნა.
"მაშინ როდესაც საქართველო აღნიშნავს თავის ეროვნულ დღესასწაულს, მე თქვენ და თქვენს თანამემამულეებს გისურვებთ მშვიდობის, კეთილდღეობისა და ჯანმრთელობის გულწრფელ სურვილებს", — წერს რომის პაპი.
ნორვეგიის სამეფოს ელჩი
საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ელჩი, ელენე სანდ ანდრესენმა სპეციალური ვიდეო ჩაწერა და აღნიშნა, რომ ნორვეგია მხარს უჭერს საქართაველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
"ნორვეგია საერთო მიზნების მიღწევაშიც საქართველოს სანდო პარტნიორად დარჩება. როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს. დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ", — ამბობს ელჩი.
ისრაელი
საქართველოში ისრაელის ელჩმა, რან გიდორმა სპეციალური მისალოცი ვიდეო მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ეზოში ჩაწერა, სწორედ იქ, სადაც 102 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადეს.
ასევე, იერუსალიმის ძველი ქალაქის კედლებზე საქართველოსა და ისრაელის დროშები გამოსახეს.
ლიეტუვა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საქართველოს დროშის ფერებში განათდა ვილნიუსის ცენტრში მდებარე ორი ისტორიული ხიდი.
საქართველოს დროშის ფერებში განათდა ქალაქ კაუნასის მერიის ისტორიული შენობა —რატუშე.
გარდა ამისა, ვილნიუსის მთავარი კათედრის მოედანზე გაიშალა საქართველოს გიგანტური დროშა და შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.
ესტონეთი
ტალინში ვირუს მოედანზე მდებარე საელჩოს შენობა საქართველოს დროშის ფერებში განათდა.
საბერძნეთი
თესალონიკის მერიის შენობა საქართველოს დროშის ფერებში განათდა.
სომხეთი
ერევნის ქუჩებში სარეკლამო ბანერები საქართველოს დროშის ფერებში განათდა.
ფოტო: პირველი არხი
ფოტო: პირველი არხი
აზერბაიჯანი
აზერბაიჯანში საელჩოს შენობა საქართველოს დროშის ფერებში განათდა და საქართველოს ჰიმნი გაჟღერდა.
ბელარუსი
მინსკის ცენტრში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს საიმიჯო ვიდეორგოლი ტრიალებდა.
ლატვია
ლატვიელმა მეგობრებმა დამოუკიდებლობის დღე ქართული ჰანგებით მოგვილოცეს.
იაპონია
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ტოკიოში სასტუმროს Blossom Hotel-ის ოთახების განათებით საქართველოს დროშა გამოისახა.
ასევე, ტოკიოში ქართული დროშის ფერებით განათდა შიბუიას გზაჯვარედინთან მდებარე ორგანიზაცია Edgeof-ის სათაო ოფისი.
ნიდერლანდები
ჰააგის წმინდა იაკობის სახელობის უძველესი ტაძრის სამრეკლოდან საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საქართველოს ეროვნული ჰიმნი გაჟღერდა.
გარდა ამისა, საქართველოს ეროვნული ჰიმნი და სხვადასხვა ჟანრის თუ ეპოქის ქართული ნაწარმოებები ჟღერდა: სხეფენინგენის, ვორსხოტენის, ალფემ ან დენ რაინის, გრონინგენის და ეინდჰოვენის ეკლესიების სამრეკლოებიდან.
გრონინგენის მარტინის სამრეკლო ასრულებს რევაზ ლაღიძის თბილისოს.
კომენტარები