მეცნიერებმა ანტარქტიდის მიკროსკოპული წყალმცენარეების პირველი მასშტაბური რუკა შექმნეს, რომელიც გამდნარი თოვლის ზედაპირზე წარმოქმნილ მწვანე ზედაპირს ასახავს. აღსანიშნავია, რომ გამწვანებული ზონები სხვადასხვა ცოცხალი ორგანიზმებისთვის კვების წყაროს წარმოადგენს.

მკვლევართა ბრიტანული ჯგუფის აზრით, აყვავებული წყალმცენარეების მრავალფეროვნება თოვლის დნობასთან ერთად გაფართოვდება, რასაც გლობალური დათბობა მხოლოდ ხელს შეუწყობს.

როგორც ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნებულ კვლევაში აღნიშნავენ, ზოგიერთ მონაკვეთში ერთუჯრედიანი სიცოცხლის ფორმების სიმჭიდროვე თოვლს ერთგვარ ღია მწვანე შეფერილობას აძლევს. ეს ფერთა ცვლილება კოსმოსიდანაც კარგად ჩანს.

ფოტო: Dr Matt Davey/University of Cambridge/SAMS/AFP via Getty Images

კემბრიჯის უნივერსიტეტის და ანტარქტიდის ბრიტანული ექსპედიციის ბიოლოგები ექვსი წლის განმავლობაში მწვანე წყალმცენარეებს საველე დაკვირვებასთან ერთად კოსმოსიდან გადაღებული სურათებით იკვლევდნენ.

ექსპედიციის შედეგად შეიქმნა ანტარქტიდის წყალმცენარეების პირველი სრულმასშტაბიანი რუკა, რომელიც მომავალში დაეხმარება მეცნიერებს განსაზღვრონ ის სიჩქარე, რომლითაც თეთრი კონტინენტი მწვანდება და ამით ახალი სახეობების არსებობას უწყობს ხელს.

უკვე ცნობილია, რომ წყალმცენარეებმა მცირე ზომის სოკოვან სპორებთან და ბაქტერიებთან მჭიდრო კავშირი განავითარეს. "ეს ერთგვარი გაერთიანებაა. ამ პროცესს სიცოცხლისთვის გამოსადეგი ახალი ადგილების ფორმირება შეუძლია. ეს შესაძლოა ახალი ეკოსისტემის დაბადებასაც ნიშნავდეს", — მიიჩნევს კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერი მეტ დეივი.

მკვლევარმა წყალმცენარეების რუკას ანტარქტიდის ნახშირბადის ციკლის თავსატეხის აქამდე უცნობ ნაწილს უწოდებს.

კვლევის შედეგად თოვლის მწვანე წყალმცენარეების ცალ-ცალკე წარმოქმნილი 1679 ყვავილი გამოვლინდა, რომლებიც ჯამში 1,9 კვადრატულ კილომეტრს ფარავენ.

აქამდე მეცნიერებმა მწვანე ლიქენისა და ხავსის ცვლილებებიც შეუნიშნავთ, თუმცა ისინი წყალმცენარეებთან შედარებით ნელა იზრდებიან. მომავალში მკვლევრები წითელი და ნარინჯისფერი წყალმცენარეების საფარების კვლევასაც აწარმოებენ და დაადგენენ, თუ რა გავლენას მოახდენენ ეს ფერები თოვლის სითბოს არეკვლაზე.