ლამას ანტისხეულები, შესაძლოა, COVID-19-თან ბრძოლაში გამოგვადგეს
2016 წელს SARS-COV-1 და MERS-CoV ვირუსების კვლევისას მეცნიერებმა 9 თვის ლამა სახელად ვინთერი ამ ვირუსების ვირულენტური "SPIKE ცილებით" დააინფიცირეს იმ იმედით, რომ ლამა, ადამიანების მსგავსად ანტისხეულებს გამოიმუშავებდა.
მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ლამას გამომუშავებული ანტისხეული VHH-72 ზემოხსენებული კორონავირუსების "SPIKE ცილებს" ეფექტიანად ბლოკავდა ანუ ვირუსულ ცილას, უჯრედთან მიმაგრების და გამრავლების საშუალებას არ აძლევდა.
2019 წელს ადამიანებში ახალი კორონავირუსი SARS-CoV-2 გავრცელდა, რომელიც დაავადება COVID-19-ს იწვევს. ამ უკანასკნელმა მსოფლიო კრიზისულ მდგომარეობაში ჩააგდო, WHO-მ კი გლობალური პანდემია გამოაცხადა.
მეცნიერებმა, რომლებიც SARS-CoV-2-ის "SPIKE ცილებს" სწავლობდნენ დახმარებისთვის ისევ ლამას მიმართეს. მათ შენიშნეს, რომ ლამას გამომუშავებული ანტისხეულები ახალი კორონავირუსის წინააღმდეგაც ეფექტიანია.
უშუალოდ VHH-72, რომელსაც ლამა გამოიმუშავებს, SARS-CoV-2-ის SPIKE ცილას ბოლომდე ეფექტიანად ვერ აკავებს, თუმცა მკვლევრებმა ორი VHH-72 ანტისხეულის შეტყუპებით ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო პოტენტური სინთეზირებული ანტისხეული შექმნეს.
"ეს ერთ-ერთი პირველი ანტისხეულია, რომელიც SARS-CoV-2-ს ანეიტრალებს", – ამბობს კვლევის თანაავტორი ჯეისონ მაკლელანი. კვლევა, რომელიც ლამას ანტისხეულების და კორონავირუსის ურთიერთქმედებას აღწერს, ჟურნალ Cell-ში 5 მაისს გამოქვეყნდება.
ამჟამად ლამას ანტისხეულების და SARS-CoV-2-ის ურთიერთქმედება მხოლოდ უჯრედულ კულტურაშია შესწავლილი. ეს ნიშნავს, რომ მეცნიერებს ანტისხეულები ცოცხალ ორგანიზმში (in vivo) არ შეუყვანიათ, არამედ ის მხოლოდ სინჯარაში დატესტეს.
მიუხედავად ამისა, მეცნიერები ანტისხეულებს სხვადასხვა ცხოველში, პრიმატებში და ზაზუნებში გამოცდიან, შემდეგ კი თუ ცხოველებში ჩატარებული ტესტები წარმატებული გამოდგა, ანტისხეულების მოქმედებას ადამიანებშიც შეამოწმებენ.
თუ ტესტები გაამართლებს, მკვლევრები იმედოვნებენ, რომ ანტისხეულები კორონავირუსით ინფიცირებულთა მკურნალობისთვის გამოსადეგი იქნება. ამასთანავე, შესაძლოა, სამედიცინო პერსონალის იმუნიზებაც, რათა პაციენტებისგან კორონავირუსის გადადების შანსი შემცირდეს.
მაკლელანი ამბობს, რომ ვაქცინისგან განსხვავებით, რომელიც ინფიცირებამდე ერთი ან ორი თვით ადრე უნდა იქნას შეყვანილი ადამიანში იმისთვის, რომ ვირუსისგან დაიცვას, დამცავი ანტისხეულები მომენტალურად აქტიურდება.
ამასთანავე, სიმპტომების შესამსუბუქებლად ანტისხეულების გამოყენება მკურნალობის კურსის დროსაც შეიძლება. ვაქცინა პრევენციული ზომა უფროა, ვიდრე პირდაპირი თერაპიის კურსი.
ლამას ანტისხეულები გამორჩეული კიდევ იმითაა, რომ მათი კატეგორიზება ზომის მიხედვით შეიძლება. სტანდარტული ზომის გარდა, ლამას მინიატურული ანტისხეულები, ეგრედწოდებული ნანოსხეულებიც აქვს.
მეცნიერები თვლიან, რომ ნანოსხეულების გამოყენება ინჰალატორშიც კი შეიძლება. "ამიტომ ეს ანტისხეული, რესპირატორული პათოგენის სამკურნალოდ საინტერესო პრეპარატია, რადგან მისი მიწოდება პირდაპირ ინფექციის ადგილას შეიძლება", — ამბობს კვლევის თანაავტორი, დანიელ ვრაპი.
ლამა სახელად ვინტერი, რომელიც სადღაც ბელგიაში ცხოვრობს, შესაძლოა, კორონავირუსის დახმარებაში მნიშვნელოვნად დაგვეხმაროს.
კომენტარები