ძაღლებმა, შესაძლოა, კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანები ამოიცნონ
სპეციალურად გაწრთვნილი ძაღლები ტესტირებების სიმცირით გამოწვეული კრიზის დროს, შესაძლოა, ეფექტიანი გამოსავალი აღმოჩნდეს. არაკომერციული ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, მათ სამეციდინო ძაღლებს დღეში ყნოსვით 750 ადამიანის ტესტირება შეუძლიათ.
კორონავირუსის პანდემიის დროს ძაღლების პოტენციალი ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლამ (LSHTM) შეამჩნია. სკოლამ მოხსენება მარტის ბოლოს გამოაქვეყნა, სადაც ექსპერიმენტული პროექტია აღწერილი, რომლის ფარგლებშიც დამტკიცდება, შეუძლიათ თუ არა ძაღლებს სხვა დაავადებების მსგავსად, COVID-19-ის ამოცნობა.
ისინი ექვსი ძაღლის გაწრთვნას გეგმავენ, რაც ძირითადად ვირუსით ინფიცირებული პაციენტის ნიღბის დაყნოსვით ხდება. დაყნოსვით მათ უნდა აღმოაჩინონ აქვს თუ არა კორონავირუსს სპეციფიკური სუნი და შეუძლია თუ არა ძაღლის განვითარებულ ყნოსვას მისი აღმოჩენა. ექსპერიმენტს რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდება და მისი დასრულების შემდეგ გვეცოდინება შეუძლიათ თუ არა მათ ვირუსის ამოცნობა.
LSHTM-ის დაავადებების კონტროლის განყოფილების უფროსმა, ჯეიმს ლოგანმა განაცხადა, რომ COVID-19-ის სუნით ამოცნობის ტექნიკა ძალიან "ახალგაზრდაა." მისი თქმით, მათ ჯერ დაზუსტებით არ იციან აქვს თუ არა COVID-19-ს სპეციფიკური სუნი, მაგრამ იციან, რომ სხვა რესპირატორული დაავადებები ჩვენი სხეულის სუნს ცვლიან და, შესაძლოა, ამ შემთხვევაშიც ასე ხდებოდეს.
"თუკი ეს ასეა, ძაღლები მის ამოცნობას შეძლებენ. დიაგნოსტიკის ეს საშუალება კი რევოლუციური იქნება", — აცხადებს ის.
სამედიცინო ძაღლები ზოგჯერ გამოიყენება ისეთი დაავადებების ამოსაცნობად, როგორიცაა კიბო, მალარია და პარკინსონი.
"ძაღლებმა ადამიანებში დაავადებების ამოცნობაში უკვე საკმაოდ ბევრ წარმატებას მიაღწიეს და მჯერა, რომ ამას COVID-19-ის შემთხვევაშიც მოახერხებენ", — განაცხადა ძაღლების საწრთვნელი საქველმოქმედო ორგანიზაციის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა კლერ გესტმა.
კომენტარები