კოლექტიური იმუნიტეტი პანდემიას ნელ-ნელა შეზღუდავს — მოსაზრება
კორონავირუსი საკმაოდ ვერაგი ინფექციაა. თითქმის ყოველი მე-4 ინფიცირებული პაციენტი სრულიად ასიმპტომურია, რის გამოც მეცნიერებს უჭირთ ინფიცირებულთა ზუსტი რიცხვის დასახელება.
იმუნოლოგიის საფუძვლებიდან ვიცით, რომ ინფიცირებიდან გარკვეული დროის შემდეგ ორგანიზმი ვირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტს გამოიმუშავებს.
"იმუნოლოგიის ოქროს წესის მიხედვით, ინფექციის ერთხელ გადატანის და სრული გამოჯანმრთელების შემდეგ, იმავე ვირუსით ხელმეორედ, დიდი ალბათობით, აღარ დაინფიცირდებით", — აცხადებს Case Western Reserve უნივერსიტეტის იმუნოლოგი, მარკ კემერონი, რომელიც 2003 წელს SARS-თან ბრძოლაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა.
ახალი ვირუსით ინფიცირებისას თქვენს სისხლში დამცავი ცილების, იმავე ანტისხეულების წარმოქმნის პროცესი იწყება. ეს ანტისხეულები კი მომავალში ორგანიზმს ვირუსით ხელმეორედ ინფიცირებისგან დაიცავს.
იმუნიტეტის რეაქცია ახალ კორონავირუსის შემთხვევაშიც მსგავსია, თუმცა სპეციალისტები კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ ადამიანებზე დაკვირვებას აგრძელებენ, რათა გაარკვიონ, რამდენად მდგრადი და ხანგრძლივია ასეთი სახით გამომუშავებული იმუნიტეტი. მაგალითისთვის, მწვავე რესპირატორული სინდრომის გადატანის შემდეგ, პაციენტს იმუნიტეტი საშუალოდ 2-3 წლის განმავლობაში უნარჩუნდება.
"თუ კორონავირუსს გადაიტანთ, ანტისხეულები თქვენს სხეულშიც გამომუშავდება. დარწმუნებულები ვართ, რომ ადამიანები ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ იმუნურები გახდებიან."— აღნიშნავს მედიცინის მეცინერებათა დოქტორი ვინს სილენციო.
მნიშვნელობა არ აქვს რამდენად მძიმედ გადაიტანა პაციენტმა კორონავირუსი, რადგან თითქმის არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ უსიმპტომო ან მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტებში იმუნიტეტიც შედარებით სუსტად გამომუშავდება.
"შესაძლოა, ასიმპტომურ პაციენტებში ისეთივე მძლავრი იმუნიტეტი განვითარდეს, როგორც ის მკვეთრად გამოხატული სიმპტომების მქონე პაციენტებში ყალიბდება", — აცხადებს კემერონი.
ზოგ შემთხვევაში რატომ მიმდინარეობს დაავადება უსიმპტომოდ? ამის შესაძლო მიზეზად გენეტიკური და ჯანმრთელობის მდგომარეობის განსხვავებები სახელდება.
"არ გამოვრიცხავთ, რომ ასიმპტომური პაციენტები ინფექციის მცირე დოზით ინფიცირდებიან", — აცხადებს ნოტრ-დამის უნივერსიტეტის ბიოქიმიკოსი, ბრაიან ბეიკერი.
ინფიცირების მსუბუქ, ასიმპტომურ და მძინე გამოვლინების მიზეზების კვლევა წლების განმავლობაში გაგრძელდება, რადგან მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებმა COVID-19-თან დაკავშირებული მრავალი კვლევა უკვე ჩაატარეს, მეცნიერებისთვის ის მაინც ახალია.
სამხრეთ კორეასა და ჩინეთში გამოჯანმრთელებულ პაციენტებში კორონავირუსის ხელმეორედ დადასტურების შემთხვევებზე საუბარში კემერონი აცხადებს: "ამჟამად მსგავსი შემთხვევები ვირუსის მიმართ იმუნიტეტის გამომუშავებასთან დაკავშირებით გარკვეულ კითხვებს აჩენს".
შესაძლოა, აღნიშნული პაციენტები სიმპტომების შესუსტების გამო უბრალოდ დროზე ადრე გაწერეს, რამაც მათში კორონავირუსის ხელახალი პროგრესირება გამოიწვია.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი გამომუშავებული იმუნიტეტის მოქმედების ვადას უკავშირდება.
"სასიხარულოა, რომ კორონავირუსს აქამდე სწრაფი მუტაცია არ განუცდია", — განმარტავს ბეიკერი. ეს იმას ნიშნავს, რომ ვირუსი შედარებით სტაბილურია. ამჟამად უცნობია გამომუშავებული იმუნიტეტის ეფექტიანობის ზუსტი ხანგრძლივობა, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის უახლოესი პერიოდის განმავლობაში ადამიანებს ხელმეორედ ინფიცირებისგან დაიცავს. ვირუსის მუტაცია ძალიან ნელა მიმდინარეობს, რაც ეფექტიანი ვაქცინის შესაქმნელად უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.
თუ ყოველი მე-4 ადამიანი ვირუსს ასიმპტომურად გადაიტანს, მაშინ მილიონობით ადამიანი ახალი ვირუსის მიმართ იმუნური იქნება და ვირუსის ხელმეორედ გავრცელება შენელდება.
მართალია, ჩვენ პანდემია ვერ შევაკავეთ, თუმცა მას აუცილებლად დავასრულებთ. ამას ხელს შეუწყობენ ის ადამიანები, რომლებსაც უკვე აქვთ იმუნიტეტი ვირუსის წინააღმდეგ და ვაქცინა, რომელიც საბოლოო ჯამში გაზრდის იმ ადამიანების რიცხვს, ვისაც ახალი კორონავირუსი საფრთხეს ვეღარ შეუქმნის.
კომენტარები