The Daily Show-ს ახალი ეპიზოდის ანონსში მაიკროსოფტიდან წამოსული მილიარდერი წამყვანს ეუბნება, რომ გეიტსის საქველმოქმედო ფონდს მთავრობებისგან განსხვავებით კორონავირუსთან ბრძოლისთვის რესურსების უფრო სწრაფი მობილიზება შეუძლია.

"ვინაიდან ჩვენს ფონდს ინფექციური დაავადებების საკითხში დიდი გამოცდილება აქვს, ჩვენ ვიფიქრეთ ეპიდემიაზე, დავაფინანსეთ ვაქცინის შემუშავება და ცხადია, დროული დაფინანსება ამ პროცესს დააჩქარებს",— ამბობს გეიტსი.

გეიტსის თქმით, მან შვიდი ყველაზე დამაიმედებელი ვაქცინის ვარიანი შეარჩია და მათ გასავითარებლად წარმოების განვითარებას გეგმავს. "მიუხედავად იმისა, რომ ბოლოს სავარაუდოდ ორ დასრულებულ ვაქცინაზე მეტს ვერ მივიღებთ, ჩვენ გადავწყვიტეთ ქარხნები შვიდივე მათგანისთვის დავაფინანსოთ, ნაცვლად იმისა, რომ დაველოდოთ, როდის დაზუსტდება საბოლოოდ, რომელი ვაქცინაა ყველაზე ოპტიმალური, რადგან ამ შემთხვევაში ბევრ დროს დავკარგავთ",— აგრძელებს ის.

მილიარდერის აზრით, ვაქცინის კანდიდატების ერთდროული ტესტირება და საწარმო სიმძლავრეების გაზრდა უაღრესად მნიშვნელოვანია სწრაფი შედეგის მისაღებად, რაც მისივე თქმით, დაახლოებით 18 თვეს წაიღებს. Washington Post-ში გამოქვეყნებულ საავტორო სტატიაში გეიტსი აღნიშნავს, რომ ვაქცინის ყველაზე წარმატებული ვარიანტები წარმოებისთვის უნიკალურ აღჭურვილობას საჭიროებენ.

"ეს იქნება ამ ქარხნების მშენებლობაში გახარჯული ფული, რომელსაც სხვები ვერ გამოყოფენ იმ მიზეზით, რომ რაღაც უფრო მნიშვნელოვანი არსებობს. მაგრამ როცა რამდენიმე მილიარდი დოლარის პარალელურად იკარგება ტრილიონობით დოლარი, ეს ხარჯი ამად ღირს" — აცხადებს მილიარდერი.

"ჩვენ [გეიტსის ფონდმა] შეგვიძლია ავიღოთ ეს დატვირთვა საკუთარ თავზე, მივცეთ ამას მიმართულება და დავზოგოთ თვეები, რადგან თითოეული თვე მნიშვნელოვანია"— ამატებს გეიტსი.

ბილ და მელინდა გეიტსებმა კორონავირუსთან საბრძოლველად უკვე გაიღეს 100 მილიონი დოლარი. გეიტსის ფონდმა კი ვაშინგტონის შტატში კორონავირუსის სწრაფი ტესტები გაგზავნა.

Washigton Post-ის საავტორო სტატიაში გეიტსმა მთავრობას თითოეულ შტატში შეზღუდვების გამკაცრებისკენ მოუწოდა. მისივე პროგნოზით ეპიდემიის დასაძლევად აშშ-მა საყოველთაო კარანტინში კიდევ 10 კვირა უნდა გაატაროს.