Voyager 2 მარტო რჩება — 2021 წლამდე დედამიწა მის სიგნალებს ვეღარ უპასუხებს
NASA-ს კოსმოსურ ზონდ Voyager 2-ს შემდეგი 11 თვის განმავლობაში საკუთარ თავზე ზრუნვა თავად მოუწევს.
კოსმოსური სააგენტო 70 მეტრის სიგან პარაბოლური ანტენის გაუმჯობესებას გეგმავს, რომელიც ავსტრალიაში მდებარეობს და რომლის საშუალებითაც გუნდის წევრები ზონდთან კომუნიკაციას ამყარებენ.
Voyager 2 1977 წელს გაეშვა, შიდაგალაქტიკური მოგზაურობა კი 2018 წელს დაიწყო. Voyager 2-ს მარტო ყოფნა 2021 წლის იანვრამდე მოუწევს — იმ დრომდე, სანამ ანტენის გაუმჯობესების პროცესი არ დასრულდება.
მისიის გუნდის წევრების თქმით, Voyager 2-ზე ნერვიულობა არ ღირს.
"ანტენის გაუმჯობესებამდე ხომალდი კარგად იქნება. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ ჩაივლის, რისი შანსიც ყოველთვის არსებობს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ასაკოვან ხომალდთან გვაქვს, მას ავარიული თავდაცვითი სისტემა გააჩნია, რომელიც სიტუაციას გამოასწორებს", — განაცხადა Voyager პროექტის მენეჯერმა სუზანა დოდმა.
ავსტრალიური ანტენა ღრმა კოსმოსური ქსელის (DSN), NASA-ს მიერ შექმნილი სისტემის ნაწილია, რომლის მიზანსაც სხვადასხვა კოსმოსურ ხომალდთან კომუნიკაციის დამყარება წარმოადგენს. სულ DSN-ს სამი სადგური არსებობს, აქედან ერთი კალიფორნიაში, ერთი ესპანეთში, ხოლო ერთი ავსტრალიაშია.
თითოეული სადგური რამდენიმე დიდი ანტენითაა აღჭურვილი. მაგალითად, ავსტრალიის ქსელს, რომელიც 40 კილომეტრზეა გადაჭიმული, სამი 34 მეტრის სიგანის და ერთი 70 მეტრის სიგანის ანტენა აქვს. მონაცემების მიღება სამივე პატარა ანტენას შეუძლია, თუმცა ბრძანებების გადაცემა მხოლოდ ერთს, ყველაზე დიდს.
ავსტრალიის ანტენა 48 წლის განმავლობაში შეუჩერებლად მუშაობდა, ახლა კი განახლება სჭირდება. სააგენტომ მუშაობის დაწყება მარტში გადაწყვიტა.
"რა თქმა უნდა, 11-თვიანი სამუშაოები დანარჩენ ქსელებს შეზღუდავს, თუმცა როდესაც ავსტრალიის ანტენა ფუნქციონირებას დაუბრუნდება, იგი ბევრად სანდო იქნება", — განაცხადა DSN-ის მთავარმა ინჟინერმა ჯეფ ბერნერმა.
ანტენის გაუმჯობესება კომუნიკაციას არა მხოლოდ Voyager 2-თან, არამედ სხვა ხომალდებთანაც გააუმჯობესებს. მაგალითად, 2020 წლის მარსის როვერთან, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში გაეშვება და არტემისის პროექტთან, რომლის მიზანსაც 2024 წელს ადამიანების მთვარის სამხრეთ პოლუსზე დაშვება წარმოადგენს.
Voyager 2 და მისი ტყუპი Voyager 1 1977 წელს ერთად გაუშვეს, რათა მზის სისტემა გამოეკვლიათ. 2012 წელს Voyager 1 პირველი ადამიანის მიერ შექმნილი ობიექტი გახდა, რომელმაც ჰელიოსფერო დატოვა და შიდაგალაქტიკური მოგზურობა დაიწყო.
ორივე ხომალდი ენერგიის გამომუშავების უნარს ნელ-ნელა კარგავს, სწორედ ამიტომ, მისიის გუნდის წევრების გადაწყვეტილებით, ზონდის სიცოცხლის გასახანგრძლივებლად მათზე არსებული საკვლევი ინსტრუმენტების ნაწილი გათიშულია.
გუნდის თქმით, ორივე ხომალდს 2024 წლამდე მონაცემების გამოსაგზავნად საკმარისი ენერგია ექნებათ.
კომენტარები