ირმის ნახტომის გამრუდების მიზეზი, შესაძლოა, გალაქტიკური შეჯახება იყოს — ახალი მონაცემები
ასტრონომებისთვის ცნობილი ფაქტია, რომ ჩვენი გალაქტიკის დისკი მრუდდება, თუმცა დაზუსტებით არავინ იცის თუ რა იწვევს ამ პროცესს.
აღნიშნულ მოვლენასთან დაკავშირებით წლების განმავლობაში მრავალი თეორია ჩამოყალიბდა, მათ შორის შიდაგალაქტიკური მიზიდულობის ძალის გავლენისა და უხილავი მატერიის შესახებ, რომელიც გალაქტიკებს გარშემო აკრავს.
თანამგზავრ Gaia-ს მიერ 2018 წელს გამოგზავნილი მონაცემების წყალობით კი, შესაძლოა, ასტრონომებმა გამრუდებაზე პასუხისმგებელი მექანიზმის დადგენა შეძლონ.
სწორედ ამ მონაცემების მეშვეობით, იტალიის ასტროფიზიკის ეროვნული ინსტიტუტის მკვლევართა გუნდმა, რომელსაც ელიოზ პოჯი ხელმძღვანელობდა, დაადასტურა ვარაუდი, რომლის მიხედვითაც გამრუდება სტატიკური არ არის — იგი დროთა განმავლობაში ადგილმდებარეობას იცვლის.
უფრო მეტიც, გამრუდების სიჩქარე იმაზე ბევრად სწრაფია, ვიდრე წარმოედგინათ. მსგავსი სისწრაფე შიდაგალაქტიკური მიზიდულობის ძალით ვერ იხსნება, ეს კი ნიშნავს, რომ გამრუდებას სხვა მიზეზი უნდა ჰქონდეს.
"ჩვენ გამრუდების სიჩქარე მონაცემების საკუთარ მოდელებთან შედარებით გავზომეთ. იგი ერთ სრულ ბრუნს გალაქტიკის ცენტრის გარშემო 600 ან 700 მილიონ წელს მოანდომებს, ეს იმაზე ბევრად სწრაფია, ვიდრე ჩვენ გვეგონა", — განაცხადა პოჯიმ.
გუნდის მიხედვით, გამრუდების მიზეზს სხვა გალაქტიკასთან შეჯახება წარმოადგენს, თუმცა ასტრონომებმა არ იციან თუ რომელი გალაქტიკა შეიძლება იწვევდეს ამ პროცესს ან როდის დაიწყო იგი.
ერთ-ერთი კანდიდატი ირმის ნახტომის თანამგზავრი ჯუჯა გალაქტიკა Sagittarius-ია. ასტრონომები მიიჩნევენ, რომ დროთა განმავლობაში ჩვენი გალაქტიკა მას შთანთქავს და მათი თქმით, ეს პროცესი უკვე დაწყებულია.
"Gaia-ს წყალობით ახლა უკვე უამრავი ვარსკვლავის მოძრაობის გაზომვა შეგვიძლია, რაც კოსმოსური მასშტაბების უკეთ გააზრებასა მისი ფორმირების ისტორიის შესწავლაში გვეხმარება", — აცხადებს ევროპული კოსმოსური სააგენტოს (ESA) Gaia პროექტის მეცნიერი ჯო დე ბრუნი.
ამჟამად, თანამგზავრი დაკვირვებებს განაგრძობს, ასტრონომები კი ახალ მონაცემებს ელოდებიან, რომელთა გამოგზავნაც 2020 წლის ბოლოსა და 2021 წლის მეორე ნახევარში იგეგმება.
აღნიშნული კვლევა ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები