19 იანვარს — ჩინურ ახალ წლამდე ერთი კვირით ადრე — ტომი ტანგმა თავის შეყვარებულთან ერთად შენჯენი დატოვა, რათა დასვენების დღეებში უხანში მისი ოჯახი მოენახულებინათ. მათ უკვე გაეგოთ ახალი კორონავირუსის შესახებ (რომელსაც ახლა ოფიციალური დასახელებით COVID-19 ჰქვია), თუმცა ისიც სმენოდათ, რომ ის პატარა არეალში იყო ლოკალიზებული. ადგილობრივ მთავრობას ხალხი დაერწმუნებინა, რომ ვირუსის შეყრის რისკის ქვეშ მხოლოდ ისინი იყვნენ, ვინც საკვების კონკრეტულ ბაზრებს ესტუმრნენ და დაავადება პირდაპირ გარეული ცხოველებისგან გადაედოთ.

მაგრამ 20 იანვრის ღამეს ექიმმა ჩჟუნ ნანშანმა — იმავე პიროვნებამ, რომელმაც 2003 წელს პირველმა გამოავლინა მწვავე რესპირატორული სინდრომის, SARS-ის მასშტაბები — ტელევიზიით იქამდე გავრცელებული ოფიციალური ცნობები შეასწორა. "ვირუსი, შეიძლება, ადამიანიდან ადამიანზე გადავიდეს", — თქვა მან. ამას პანიკა მოჰყვა. იმ ღამითვე ქალაქში პირბადეების ტარება დაიწყეს. ტანგმა და მისმა შეყვარებულმა მალევე გააცნობიერეს, რომ იქ დარჩენა უსაფრთხო არ იყო. მათ გააუქმეს თავიანთი გეგმები და მეორე დღეს უხანი მატარებლით დატოვეს. 48 საათზე ნაკლებ დროში ქალაქის საზღვრები ჩაიკეტა.

შენჯენში მათ 14-დღიანი კარანტინი მოიწყეს, ბინას კი მხოლოდ ნაგვის გადასაყრელად, პირბადეებით, დღეში ერთხელ ტოვებდნენ. ტანგს, რომლის ოჯახიც ასევე შენჯენში ცხოვრობს, დღესასწაული მათთან ერთად არ აღუნიშნავს. მან დედამისს ბედნიერი ახალი წელი თავისი ბინიდან უსურვა. ტანგი ყველაფერს — საკვებიდან დაწყებული, საპნითა და ტუალეტის ქაღალდით დასრულებული — ონლაინ უკვეთავდა და პროდუქტთა სახლში მიტანის სერვისებით სარგებლობდა. კარანტინის დაწყებიდან მესამე დღეს მას ელდა ეცა, როცა აღმოაჩინა, რომ ონლაინ მაღაზიებიდან ყველაფერი გაყიდული იყო.

"აღარაფერი იყო — არანაირი ბოსტნეული", — იხსენებს ის და მაშინვე ურთავს, — "მაგრამ უხანთან შედარებით ჩვენთან ყველაფერი ბევრად მსუბუქადაა".

ფოტო: The Daily Beast / Getty Images

მისთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელი სოციალურ მედიაში გავრცელებული ამბების ყურების მტანჯველი პროცესი აღმოჩნდა. ყოველივე ამან ტანგს ისეთი შიში განაცდევინა, როგორიც აქამდე არასდროს უგრძნია. ის და მისი შეყვარებული ღამით ინსომნიით იტანჯებოდნენ და არაერთი პანიკური შეტევის მსხვერპლნი გახდნენ. მათ ვირუსით დაავადების შესაძლებლობაზე გაფიქრებაც კი ზარავთ და უხანში მცხოვრები ოჯახის წევრების კეთილდღეობაზე ნერვიულობენ.

"სიმართლე გითხრათ, რთულია იმის აღწერა, თუ რა ხდებოდა იმ 14 დღის განმავლობაში", — ამბობს ის, — "სიახლეების კითხვის გარდა სხვა არაფერი გვქონდა საკეთებელი, ამბები კი დღით დღე უარესდებოდა. ეს ყველაზე რთული რამეა, რისი გადატანაც უხანის გარეთ მყოფ ხალხს გვიწევს".

2 თებერვალს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, WHO-მ, ახალ კორონავირუსს მასობრივი ინფოდემია უწოდა, რაც მიემართებოდა "იმგვარი ინფორმაციის დიდძალი რაოდენობით გავრცელებას, რომელთაგანაც ზოგი სწორია, ზოგი ხარვეზებით აღსავსე. ეს კი ხალხს სანდო წყაროებისა და სარწმუნო რჩევების პოვნას უძნელებს მაშინ, როცა ეს მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ".

ამით ახალი კორონავირუსი აქამდე გავრცელებული სხვა ვირუსული ეპიდემიებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. მართალია, SARS-მა, ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომმა MERS-მა და ზიკას ვირუსმა, სამივემ გამოიწვია მსოფლიო პანიკა, მაგრამ კორონავირუსის ირგვლივ დატრიალებული შიში განსაკუთრებით გამძაფრებულია სოციალური მედიის მიერ. სწორედ ამ მიზეზით უპრეცედენტო სისწრაფით გავრცელდა დეზინფორმაცია, რამაც შექმნა სრულიად განსხვავებული გარემო: ხალხში უსაფრთხოების განცდამ მნიშვნელოვნად იკლო, რის შედეგადაც წარმოიშვა დიდი ვნებათაღელვა და გაღვივდა რასისტული გრძნობები — როგორც რეალურ, ასევე ონლაინ სივრცეში.

ფოტო: Sam Whitney / Getty Images

WHO, თავის მხრივ, შეეცადა, სხვადასხვა სოციალურ ქსელთან, მათ შორის ტვიტერთან, ფეისბუქთან და TikTok-თან, თანამშრომლობით ინფორმაცია დეზინფორმაციისგან გაეფილტრა. მათ ასევე შექმნეს გუგლის SOS ფუნქცია, რაც გულისხმობს იმას, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული საკითხების დაგუგვლისას WHO-ს ინფორმაცია ძებნის შედეგების თავზე ექცევა. ორგანიზაცია ასევე მუშაობს ფეისბუქთან, რათა კონკრეტულ დემოგრაფიულ ჯგუფებს რეკლამებით ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიეწოდოს.

სოციალური მედია და ჯანდაცვის ორგანიზაციები დამოუკიდებელი ძალებითაც იბრძვიან. TikTok შეეცადა, წაეშალა ვიდეოები, რომლებსაც ხალხი შეცდომაში შეჰყავდა და განაცხადა, რომ არ დაუშვებდა ისეთი დეზინფორმაციის გავრცელებას, რომელიც მის მომხმარებლებს ან უფრო ფართო საზოგადოებას ზიანს მიაყენებდა. ფეისბუქი შეეცადა, გაეფილტრა პოსტები ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საეჭვო რჩევებისგან. WeChat-ის მფლობელმა Tencent-მა კი გამოიყენა საკუთარი ფაქტების შემოწმების პლატფორმა, რათა ონლაინ სივრცეში კორონავირუსის შესახებ გავრცელებული ჭორები გამოევლინა.

მაგრამ დეზინფორმაციის თავს დამტყდარმა ცუნამმა გადაფარა მის წინააღმდეგ მიმართული გაერთიანებული ძალები. ამან კი, თავის მხრივ, ნიადაგი მოამზადა ქსენოფობიური შინაარსის შემცველი განცხადებებისთვის. რასისტული მიმები და დისკრიმინაციული ტექსტები გავრცელდა TikTok-სა და Facebook-ზე. ზოგიერთი მოზარდი კორონავირუსის დიაგნოზის გაყალბებასაც კი შეეცადა, რათა სოციალურ ქსელში პოპულარობა მოეპოვებინა. ეს "ონლაინ-ტოქსიკურობა" პირად ურთიერთობებშიც გადაიზარდა. აზიელები დადგნენ აშკარა რასიზმისა და შევიწროების პირისპირ. მსოფლიოს მასშტაბით ჩინურ უბნებსა და რესტორნებში კი ბიზნესმა დაღმა იწყო სვლა.

დისკრიმინაციის მსგავსი ფორმები გამოვლინდა ჩინეთშიც უხანის და უფრო ფართო პროვინციის, ჰუბეის მაცხოვრებლების წინააღმდეგ. იყო შემთხვევები, როცა კარანტინის გამოცხადების დროს ქალაქიდან გასული უხანელები თავშესაფრის გარეშე დარჩენილან, რადგან სასტუმროებმა მათ თავიანთ ნომრებში შეშვებაზე უარი უთხრეს.

პეკინის მეტრო, 2020 წლის 28 იანვარი.

ფოტო: Noel Celis / Getty Images

მართალია, სოციალური მედია დეზინფორმაციას ავრცელებს, მაგრამ ის გადამოწმებული ინფორმაციის მნიშვნელოვან წყაროდაც რჩება. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჟურნალისტები ჩინური სოციალური მედიის ცნობებს იყენებენ, რათა მეტი ზუსტი ინფორმაცია შეკრიბონ და ისეთი გადამოწმებული ცნობების არქივი შექმნან, რომელიც კაცობრიობას მომავალში მსგავსი ეპიდემიის გაჩენისას გამოადგება. მედიაში გავრცელებული დიდძალი ოდენობის პირადი ისტორიებისა და ცნობების გამო ჩინეთის მთავრობა იძულებული გახდა, კრიზისის შესახებ თვითონაც უფრო ზუსტი ინფორმაცია გაემხილა საზოგადოებისთვის.

მაგალითად, ვირუსის გავრცელების პირველ დღეებში ზოგიერთი ექიმი სოციალური ქსელების მეშვეობით ცდილობდა სიტუაციის სიმძმის გამო განგაშის ატეხვას. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ მათ საყვედური მალევე შეუთვალა და ინფორმაციის მზარდი ნაკადის კონტროლს შეეცადა, ექიმების გაფრთხილებები ვირუსივით გავრცელდა, რამაც, სავარაუდოდ, დააჩქარა მთავრობა, მიეღო შესაბამისი ზომები მოახლოებული ეპიდემიის წინააღმდეგ. მოგვიანებით, როცა ამ ექიმთაგან ერთი, ლი ვენლიანგი, კორონავირუსით გარდაიცვალა, ჩინურ პლათფორმებზე მომხმარებლები სიბრაზითა და ტკივილით აენთნენ. მათ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს მთავრობის გადაწყვეტილებების სისწორე და მისი ავტორიტეტი. უკმაყოფილება იმდენად დიდი იყო, რომ ცენზურის ყველანაირი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.

ექიმი ლის ამ ილუსტრაციას ადამიანები ჩინური სოციალური მედიის, Weibo-ს საშუალებით აზიარებდნენ.

ფოტო: Kuang Biao

მსგავსი აქტივობა სოციალურ მედიაში, შეიძლება, მომავალში ახალი ვირუსების დროულად შემჩნევისა და გავრცელების კონტროლისთვის ხელსაყრელ იარაღად ვაქციოთ. რამდენიმე სერვისი უკვე იყენებს ამ მეთოდებს, რათა საჯარო ჯანდაცვის დაწესებულებების თანამშრომლებს კორონავისუსის გავრცელების მონიტორინგში დაეხმაროს. ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის ბიოუსაფრთხოების ექსპერტმა, რაინა მაკინტაირმა, იანვარში ჟურნალ Epidemiology-ში გამოაქვეყნა სტატია, სადაც ნაჩვენები იყო, რომ ერთ გეოგრაფიულ არეალში ვირუსზე დაწერილი ტვიტების სიმრავლე ავადმყოფობის გავრცელების კარგი ინდიკატორი შეიძლება იყოს. "განსაკუთრებით იქ, სადაც დაავადებებზე ცნობებს ცენზურის ან რესურსების ნაკლებობის გამო არ ავრცელებენ", — ამბობს ის, — "ამ გზით ჯანდაცვის ორგანიზაციებს ვირუსზე კიდევ უფრო ადრე რეაგირება შეეძლებათ და მისი იქამდე შეჩერების შანსი მიეცემათ, სანამ მსოფლიო ჯანდაცვას საფრთხე შეექმნება".

უცნაური ფორმით, სოციალური მედია კოლექტიური მწუხარების ადგილიც გახდა. Weibo-სა და WeChat-ზე მრავლად შევხვდებით ისტორიებს სასოწარკვეთილებასა და სიკეთეზე. კარანტინში მყოფ ხალხსა და ადეკვატური მკურნალობის არმქონე პაციენტებზე დარდის გამოხატვის გარდა აქ ასევე ვკითხულობთ ამბებს ფულად შემოწირულობებზე, მოხალისეობასა და ურთიერთდახმარების მოულოდნელ და კეთილშობილურ შემთხვევებზე.

"დაავადების შესახებ ასეთ პერსონალურ ისტორიებს თქვენ ხშირად ვერ წაიკითხავთ საერთაშორისო მედიის მიერ გაშუქებულ ამბებში", — ამბობს შენ ლუ, ჟურნალისტი ბოსტონიდან, რომელიც კორონავირუსის ირგვლივ ჩინური სოციალური ქსელების აქტივობას ყურადღებით აკვირდება. მიუხედავად ამისა, სოციალური ქსელები — როგორც ჩინეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთ — კრიზისისთვის თვალყურის დევნების მნიშვნელოვან წყაროდ რჩება, რომელიც ტოქსიკურობისა და პანიკის გარდა იმედის სხივსაც ავრცელებს.