SpaceX მომავალი წლის ბოლოს დედამიწის გარშემო სამოგზაუროდ ოთხ მოქალაქეს გაუშვებს. კომპანიამ Space Adventures-თან შეთანხმება სამშაბათს გააფორმა.

Space Adventures-ის განცხადებით, მისიის ღირებულება არ გასაჯაროვდება. ტურისტები SpaceX-ის Crew Dragon-ით დედამიწას ორჯერ ან სამჯერ შემოუფრენენ.

SpaceX-მა ბოლო რამდენიმე წელიწადი Dragon-ის ახალი ვერსიის მშენებლობასა და ტესტირებებს დაუთმო. ნასასთან დადებული კონტრაქტის მიხედვით, კომპანიამ ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურამდე (ISS) უნდა მიიყვანოს.

ახლახან კომპანიამ Crew Dragon-ის საევაკუაციო სისტემის ტესტირება წარმატებით ჩაატარა, რომელმაც გაშვებისას საგანგებო მდგომარეობის გაჩენის შემთხვევაში ასტრონავტების სიცოცხლე უნდა გადაარჩინოს.

2017 წელს კომპანია ორი მომხმარებლის შემოთავაზებას დათანხმდა, რომლებსაც მთვარის გარშემო 2018 წლის ბოლოს უნდა ემოგზაურათ. თუმცა, 2018 წლის სექტემბერში SpaceX-მა განაცხადა, რომ ერთ-ერთი მილიარდელის, იუსაკუ მაეზავას სამოგზაუროდ გაშვება გადაიდო. მეორე პირის შესახებ კი დღემდე არაფერია ცნობილი.

SpaceX-ს ნასას ასტრონავტებისთვის განკუთვნილი ფრენის გადადებაც მოუწია. ამჟამინდელი ცნობებით, ფრენა მიმდინარე წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი.

ახლახან გაცხადებული ფრენის შესახებ ცოტა რამაა ცნობილი.

ფოტო: SpaceX

ფოტო: Space

Crew Dragon-ის ინტერიერი საკმაოდ მინიმალისტურია — იგი მხოლოდ რამდენიმე დასაჯდომი ადგილით, სენსორული ეკრანის კომპლექტითა და შემორგოლილი ფანჯრებითაა აღჭურვილი. SpaceX-მა ასევე სპეციალური სკაფანდრები წარადგინა, რომლებსაც Dragon-ის მომავალი მგზავრები მოირგებენ. ახალი დიზაინის სკაფანდრი ნაკლებად მძიმე, ჰერმეტული და ცეცხლგამძლეა.

სკაფანდრის ახალი ხელთათმანები კი სენსორულ ეკრანთანაა შეთავსებადი.