რამდენად იქონია მანგამ გავლენა იმაზე, თუ როგორ აღიქვამს სამყარო იაპონიას
როგორც მანგას მოყვარულებს სჩვევიათ ხოლმე თქმა, მანგა ყველანაირი გემოვნებისთვის მოიძებნება. არ აქვს მნიშვნელობა, რის შესახებ გსურთ წაკითხვა: იქნება ეს თინეიჯერი ათლეტები, სერიული მკვლელები, ანთროპომორფული კატები, რადიოაქტიური ნარჩენების მწმენდავები, ძლევამოსილი ბიბლიოთეკარები თუ მიუსაფარი ღვთაებები, თქვენ აუცილებლად აღმოაჩენთ მანგას ნებისმიერ თემატიკაზე.
მანგა და ანიმე უამრავ არაიაპონელს პირველ და ხშირად საბაზისო შთაბეჭდილებას უქმნის ამ ქვეყნის კულტურაზე. ეს ეხება კორეელ მხატვარ-მულტიპიკატორს, იონ-სიკ ჰონგსაც, რომელმაც საკუთარი ოჯახის ისტორია კარიერისა და პირადი ცხოვრების დაბალანსებაზე გრაფიკულ მემუარებში, არაკომფორტულად ბედნიერად, აღწერა. ჰონგი ამბობს: "როდესაც იაპონურ კულტურაზე ვფიქრობ, პირველი, რაც თავში აზრად მომდის, ეს არის მანგა და ანიმე. უამრავი ისეთი კორეელიც, რომელსაც კომიქსებთან და ანიმაციებთან დიდი შეხება არ აქვს, ანალოგიურად ფიქრობს. მიმაჩნია, რომ სწორედ ეს ორი რამ წარმოაჩენს იაპონურ კულტურას".
ჰონგს სჯერა, რომ კორეასა და იაპონიას შორის არაერთგვაროვანი ურთიერთობის მიუხედავად, ეს ასოციაცია მაინც პოზიტიურია. სხვა თუ არაფერი, "კორეელების უმეტესობას ჯერ კიდევ კარგად ახსოვს კორეაში იაპონიის შეჭრისა და კოლონიური ბატონობის პერიოდი. ასე რომ, ჩვენ იაპონიას ვუწოდებთ ქვეყანას, რომელიც ერთდროულად ძალიან ახლოსაცაა და — ძალიან შორსაც". სიახლოვეში იგულისხება როგორც გეოგრაფიული ფაქტორი, ასევე პოპკულტურის მიერ ჩამოყალიბებული ცნობიერებაც.
ცხადია, ორივე მხარეს შეინიშნება გარკვეული უნდობლობაც. მაგალითისთვის, 2005 წელს გამოცემულმა იაპონურმა მანგამ, კენკანრიუმ იაპონელთა უმცირესობის ის შეხედულება გამოხატა, რომლის მიხედვითაც, კორეული კულტურა იაპონურზე დაბლა მდგომია. ამ დისკრიმინაციულ მანგას კორეაში მსგავსივე ტიპის წიგნებით უპასუხეს, სადაც, პირიქით, იაპონური კულტურა იყო დაკნინებული. ეს დაძაბულობა ნაწილობრივ წააქეზა მსოფლიო ექსპორტზე გათვლილ პოპკულტურაში გაჩენილმა მზარდმა კონკურენციამ, რომელშიც მნიშვნელოვან როლს იაპონური მანგა და კორეული მანჰვაც თამაშობს.
საინტერესოა, რომ კოლონიური მემკვიდრეობა მანგასადმი დამოკიდებულებაზე გავლენას აზიისგან მოშორებულ ტერიტორიებზეც ახდენს. ამერიკაში სვარტმორის კოლეჯის ფრანგული ენისა და ფრანკოფონური სწავლებების ასოცირებული პროფესორი, ალექსანდრა გეიდან-ტურეკი მიიჩნევს, რომ მანგა პოსტკოლონიური ერებისთვის საკუთარ კულტურულ იდენტობებში გარკვევის ხელსაყრელ საშუალებას წარმოადეგნს. მან ალჟირულ Dz-მანგას წარმოშობაში დუალისტური მიდგომა შენიშნა: "ერთი მხრივ, ესაა გაუცხოება, რომელიც მანგას წარმოაჩენს როგორც დასავლური კომიქსების, ასევე ტრადიციული ისლამური ხელოვნების ალტერნატივად; მეორე მხრივ კი, ესაა ლოკალიზაცია, რაც იმ ნარატივების საშუალებით ვლინდება, რომლებიც უშუალოდ ადგილობრივ ახალგაზრდა მკითხველზეა გათვლილი".
ამგვარად, იაპონია საერთო ისტორიის ქონის კუთხითაც და გეოგრაფიულადაც საკმარისად შორსაა ალჟირისგან იმისათვის, რომ ტრადიციული ფრანგული ზეგავლენის ალტერნატივას წარმოადგენდეს. გეიდან-ტურეკი მიიჩნევს, რომ ეს ტენდენცია კულტურის ისეთ გამრავალფეროვნებასაც ემსახურება, რომლის ამოსავალი წერტილიც მაინცდამაინც იპონია არაა: "Dz-მანგას მიმზიდველობა ნაკლებადაა დაკავშირებული იაპონური კულტურით მონუსხვასთან და მეტად იმ ფაქტთან, რომ აქ მანგა აღიქმება როგორც პოპკულტურის ადაპტირებადი გლობალური პროდუქტი".
ალჟირელებისთვის "მანგა საშუალებაა, აღმოაჩინონ კულტურა, რომელიც მათგან ძალიან დაშორებულია", — ამბობს ალჟირული მანგას საგამომცემლო სახლის, Z-link-ის დირექტორი, სალიმ ბრაჰიმი, — "ალჟირელებისთვის მანგა იაპონური კულტურის აღმოჩენისა და გათავისების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა". თუმცა ამავეს თქმა შეიძლება იაპონური კულტურის სხვა ისეთ ფორმებზეც, როგორიცაა ვიდეოთამაშები და სამზარეულო. აღსანიშნავია, რომ გამომცემლობა Z-link წიგნებს არაბულ, ფრანგულ და ბერბერულ ენებზე აქვეყნებს; ასევე იქცევა ჟურნალი Laabstore-იც, რომელიც მანგას, ანიმესა და ვიდეოთამაშებს ეძღვნება.
ალჟირელების შედარებით ბოლოდროინდელი ინტერესი მანგას მიმართ გარკვეულწილად ეხმიანება ფრანგების იაპონური კულტურით ხანგრძლივი მონუსხვის ფაქტს. ჯერ კიდევ გვიანდელი მეჩვიდმეტე საუკუნიდან მოყოლებული, ფრანგი კოლექციონერები ენთუზიაზმით იტაცებდნენ ლაქირებული ხის ავეჯის მსგავს იაპონურ ნამუშევრებს, რომლებიც შეცდომით "ჩინურ პროდუქტად" ინათლებოდა. ამას მოგვიანებით მოჰყვა უკიო-ეთი, იაპონური საფერწერო ჟანრით გატაცება, რომლის ექსპორტმაც ევროპაში "იაპონიზმით შეპყრობილობას" დაუდო საფუძველი. ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ ეს კონკრეტული გრავიურები თანამედროვე მანგას ადრეულ წინამორბედებად მიიჩნევა.
თანამედროვე საფრანგეთში იაპონიისადმი ხანგრძლივი ინტერესი აისახა ფრანგული და ბელგიური კომიქსების მდიდარ კულტურაზეც, რომელსაც Bande Dessinée ეწოდება. გეიდან-ტურეკის თნახმად, "საფრანგეთში მანგას ამჟამინდელი პოპულარობა ზოგადად უკავშირდება 1970-80-იანების შუა წლებში საფრანგეთის სატელევიზიო სივრცეში ანიმეს გავრცელებას. თუმცა ეკრანებზე, ძირითადად, ბლოკბასტერის ტიპის ანიმე ჩანდა, რომელიც ხელს უწყობდა იაპონურ კულტურაზე გამარტივებული და დამახინჯებული შეხედულებების ჩამოყალიბებას. მასში ჭარბობდა ისეთი ასპექტები, როგორიცაა გარკვეული ძალადობრივი ესთეტიკა და კავაის სუბკულტურა. შედეგად კი უგულებელყოფილი იყო მხატვრული და ლიტერატურული ნიუანსები, რომლებიც ისეთ გრაფიკულ ნამუშევრებს ახასიათებთ, როგორიცაა, მაგალითად კეიჯი ნაკაძავას მანგა, ფეხშიშველა გენი".
ფრანგ მკითხველთა ერთ-ერთი საყვარელი მანგა იყო და დღემდე არის ჩის საყვარელი სახლი, რომელიც კატის თავგადასავლებს გვიყვება. თუმცა გეიდან-ტურეკი იმასაც აღნიშნავს, რომ არსებობს ასევე la nouvelle ტიპის მანგა, რომელიც იაპონურ და ფრანკო-ბელგიურ ხელოვანებს აერთიანებს. ეს ნაკლებად მეინსტრიმული ალტერნატივა კულტურთა მრავალფეროვნების გამომხატველ ჰიბრიდულ ნიმუშებს გვთავაზობს.
გარდა იმისა, რომ მანგა საფრანგეთში საერთაშორისო კავშირების გახანგრძლივების საშუალება იყო, ალჟირში კი ფრანგული კულტურის ალტერნატივას წარმოადგენდა, მან ასევე უზრუნველყო ამერიკული ღირებულებების კონტრსივრცის შექმნა რუსეთში, სადაც ანიმე, Sailor Moon, ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. მანგა იქ პოსტ-საბჭოთა პერიოდში გავრცელდა და განათლებულ ახალგაზრდა თაობებს საშუალება მისცა, ეპოვათ თავშესაფარი როგორც კომუნიზმის შეზღუდვებისგან, ასევე კაპიტალიზმისთვის ნიშნეული გადაჭარბებული კონსუმერიზმისგან. სწორედ ეს იყო ახალი, გიკური სუბკულტურის, ოტაკუს მთავარი ღირებულება, რომელმაც რუსი ახალგაზრდები "დამცავი ნიშათი" უზრუნველყო.
უფრო ზოგადად, მანგას გავლენა მკითხველებსა და მათ მსოფლმხედველობაზე გაცილებით გააძლიერა იმ ფაქტმა, რომ ადამიანები ხელოვნების ამ დარგს, როგორც წესი, ახალგაზრდობაში, ანუ ცხოვრების იმ პერიოდში უსინჯავენ პირველად გემოს, როცა მარტივია შთაბეჭდილების ქვეშ მოქცევა. 2006 და 2007 წლებში ევროპის ოთხ ქვეყანაში ჩაატარებულმა გამოკითხვამ ცხადყო, რომ რესპოდენტთა 15-მა პროცენტმა მანგა პირველად 10 წლის ასაკამდე წაიკითხა, 45 პროცენტისთვის ეს ასაკი 10 დან 14 წლამდე მერყეობდა, ხოლო 29 პროცენტმა მანგა პირველად 18 წლამდე გადაშალა. რასაკვირველია, ეს იდენტობის ჩამოყალიბების თვალსაზრისით გარდამტეხი პერიოდებია და მანგა ახალგაზრდებს სხვა ქვეყნებზე წარმოდგენის შექმნისა და იაპონური კულტურის გაცნობისკენ უბიძგებს.
უკვე ათწლეულებია, რაც სუზან ნეპიერი მანგასადმი სწორედ მსგავს დამოკიდებულებებს აკვირდება. ნეპიერი ამერიკაში, ტუფტის უნივერსიტეტში იაპონოლოგიას ასწავლის, გასულ წელს კი მხატვარ-მულტიპლიკატორის, ჰაიაო მიაძაკის შესახებ წიგნი გამოაქვეყნა. იმ ამერიკელი სტუდენტების წარმოდგენები, რომელთაც იაპონური კულტურა თავდაპირველად მანგასა და ანიმეს საშუალებით გაისიგრძეგანეს, ხშირად უკავშირდება სამურაებსა და სკოლის მოსწავლე გოგოებს. ნაპიერი განიცდის, რომ ამგვარი დამოკიდებულება დღემდე გავრცელებულია, რაც განსაკუთრებით საშიში ისეთი წარმოდგენების გამყარების დროსაა, რომლებიც მოუმწიფებელ სტერეოტიპებს ამკვიდრებს აზიელი ქალების დამყოლობასთან დაკავშირებით და უგულებელყოფს იმ მრავალფეროვან, სიღრმისეულ პერსონაჟებს, რომლებიც მანგას ფურცლებზე მრავლად არიან.
გენდერის საკითხები
ისევე, როგორც რეალურ ცხოვრებაში, სექსის საკითხი მანგაშიც ჩახლართული შეიძლება იყოს. ჰარემის ჟანრი, რომლის ტიპური სიუჟეტური გადაწყვეტა უკავშირდება ერთი კაცის სურვილით შეპყრობილ უამრავ ქალს, რომლებიც მას თავზე ევლებიან, როგორც ჩანს, სურვილების დაკმაყოფილების ისეთი ფანტაზიაა, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით ავრცელებს მცდარ წარმოდგენებს აზიელი ქალების სექსუალური ხელმისაწვდომობის შესახებ; რომ აღარაფერი ვთქვათ ისეთ ჰენტაიზე, სადაც, მაგალითისთვის, საცეცებზე დაფუძნებული პორნოგრაფიული მანგა, ნაპიერის თქმით, გენდერულად განსაზღვრული "ძალაუფლებაზე ოცნების" განსახიერებაა.
ამის მიუხედავად, დაარსების დღიდან მანგას იმაზე მეტი სივრცე დაუთმია გენდერისა და სექსუალობის საკითხების მრავალმხრივი გადათამაშებისთვის, ვიდრე ბევრ სხვა მედიას. მანგას ერთ-ერთმა პირველმა შემქნელმა, ტეძუკა ოსამუმ, არაერთგვაროვანი გენდერის მქონე პერსონაჟები ორ ნამუშევარში, მეტროპოლისსა და პრინცესა რაინდში წარმოაჩინა (მან ასევე დასაბამი დაუდო დიდთვალება, ხაზგასმულად საყვარელი პერსონაჟების ტროპს, რომელიც დაფუძნებული იყო ომის შემდგომი პერიოდის ამერიკელი ხელოვანების ისეთ ქმნილებებზე, როგორებიცაა დისნეის გმირები და ბეტი ბუპი).
ასევე, იაოიმ, ანუ ბიჭების სასიყვარულო ისტორიების ქვე-ჟანრმა, ძირითადად ჰეტეროსექსუალ ქალებს მისცა სივრცე იმისათვის, რომ კაცებს შორის ურთიერთობის ამსახველი ნახატებისა და ისტორიების საშუალებით თავიანთი სექსუალობა უკეთ შეესწავლათ. აქვე ნაპიერი აღნიშნავს, რომ "მანგამ და ანიმემ შექმნეს ძალზედ პროგრესული მოდელები — იაპონურ კულტურაში ჰომოსექსუალიზმისადმი დაძაბული დამოკიდებულებისა და სექსუალობის შესახებ იაპონელთა პოზიციაზე გავრცელებული დასავლური სტერეოტიპების მიუხედავად". ქოსფლეის კულტურის ზოგიერთმა ქვიარ წარმომადგენელმა, რომლებთანაც ნაპიერმა ინტერვიუ ჩაწერა, აღნიშნა, რომ იაოი ამერიკული პოპკულტურის განმათავისუფლებელ ალტერნატივად ესახება.
ამგვარად, ნაპიერისთვის "მანგა და ანიმე წარმოადგენს როგორც იაპონურ სამყაროს, ასევე — წარმოსახვითსაც. ის ორ სივრცეში სუფევს; პირველი, ნამდვილი კულტურა ისაა, რომლის ნახვაც ყველას შეუძლია, ვინც იაპონიაში იმოგზაურებს. ხოლო მეორეა კულტურა, რომლის დანახვაც გონების თვალით შეიძლება". სწორედ მანგას კულტურული მოქნილობაა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ ის ქვეყნის საზღვრებს მრავალი ფორმით გასცდა.
"მანგა ახლა უკვე საერთაშორისო ენად ყალიბდება", — აცხადებს აღმოსავლეთ ანგლიის უნივერსიტეტის იაპონური ხელოვნებისა და კულტურის პროფესორი, ნიკოლ კულიჯ როსმანირი. მართლაც, როგორც ჩანს, მანგას ინტერნაციონალიზაციის პროცესი მომავალში მხოლოდ თუ ასწრაფდება, რადგან ესაა ხელოვნების დარგი, რომელიც სიღრმისეულად იაპონურიცაა და, ამასთან, იდეალურად ერგება მსოფლიოს ყველა კულტურას.
კომენტარები