ფოტო: NSO/AURA/NSF

ასტრონომებმა რამდენიმე დღის წინ მზის ყველაზე მაღალი გარჩევადობის ფოტო გამოაქვეყნეს. ფოტო, რომელიც გადაღებული იყო მაუიში ახლად განთავსებული დანიელ კ. ინოუეს ტელესკოპის (DKIST) მიერ, შესაძლოა, აქამდე არსებული საიდუმლოებების ამოხსნაში დაგვეხმაროს.

ახალი ფოტო ტელესკოპის პოტენციალის კარგი დემონსტრაციაცაა. ჩვენი ვარსკვლავისთვის ასეთი დეტალური ფოტო აქამდე არასდროს გადაგვიღია, მასზე კარგად ჩანს ზედაპირზე არსებული ბზარები და მდუღარე პლაზმა, რომელიც ზედაპირის ნაპრალებში ჩაედინება.

"ჩვენ ვიხილეთ მზის სისტემაში ყველაზე დიდი ობიექტის ყველაზე პატარა დეტალები", — ამბობს ახალი ტელესკოპის, DKIST-ის დირექტორი.

ფოტო 10 დეკემბერსაა გადაღებული, როცა გიგანტური ტელესკოპის მშენებლობა ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული. რეალურად ტელესკოპი სრულად ფუნქციური ჯერაც არ არის.

DKIST-ით მზეზე დაკვირვება ივლისში დაიწყო. მისი [ტელესკოპის] ოთხმეტრიანი სარკის გამო DKIST მსოფლიოში ყველაზე ძლიერი მზის ტელესკოპია. ის ჰავაიში, ქალაქ მაუის ყველაზე მაღალ მთაზე — ჰალეაკალაზე დგას და მისი გამოყენებით უპრეცედენტოდ დეტალური ფოტოების გადაღებაა შესაძლებელი.

ახალ ტელესკოპს მზეზე 30 კილომეტრის სიგრძის დეტალების გარჩევა შეუძლია. მაუის ტელესკოპი ნიუ-მეხიკოში განთავსებულ მზის ტელესკოპზე, რომელიც აქამდე ყველაზე ძლიერ მზის ტელესკოპად ითვლებოდა, ხუთჯერ მძლავრია.

ტელესკოპი სპეციალურად არის შექმნილი ისე, რომ ზუსტად მოახერხოს მზის ატმოსფეროს ზედა შრის, ე.წ. გვირგვინის მაგნიტური ველის ზუსტი გამოკვლევა. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ახალი ტელესკოპის მეშვეობით, ისინი შეძლებენ დაადგინონ თუ რატომ არის მზის ატმოსფეროს გარე შრე, მის [მზის] ზედაპირზე ბევრად ცხელი.

ფოტო: NSO

6 თვეში ტელესკოპის ყველა ხელსაწყო სრულად ამოქმედდება, რაც მეცნიერებს დამატებით ტემპერატურის, გამოსხივების და მზის ზედაპირის სტრუქტურის დეტალურად შესწავლის შესაძლებლობას მისცემს.

მალე მზის ახალი ციკლი დაიწყება, რაც ნიშნავს, რომ მზე განსაკუთრებით "აქტიური" გახდება. მისი აქტივობის შესასწავლად კი ეს იდეალური დროა.

მზეზე დაკვირვება მარტივი საქმე არაა და ტრადიციული მეთოდებით აქ ხშირად არ გვადგება. DKIST-ის ტელესკოპს ყველაზე დახვეწილი ადაპტური ოპტიკური სისტემა აქვს. მზეზე დაკვირვებისთვის, ჩვეული სარკეების ნაცვლად, ტელესკოპი "დეფორმირებად" სარკეებს იყენებს, რომელსაც დაკვირვების დროს დედამიწის ატმოსფეროს მიერ გამოწვეული უზუსტობების აღმოფხვრა და მათი მაქსიმალურად შემცირება შეუძლია. ეს სპეციალური სარკეები ფორმას წამში 2 000-ჯერ იცვლის.

არეკლილი სინათლე ტელესკოპის მეტალის კომპონენტებს ძალიან აცხელებს. შეიძლება ითქვას, რომ გაგრილების სისტემის გარეშე ტელესკოპი უბრალოდ დადნებოდა. ამიტომ, DKIST-ის გუნდი, ტელესკოპის გასაგრილებლად უზარმაზარ ყინულის რეზერვუარს იყენებს.

მიზეზები, რატომაც მზეზე უკეთ დაკვირვება გვჭირდება, მრავლადაა. როცა მზის ატმოსფეროდან მაგნიტური ენერგია თავისუფლდება, ამ დროს ადგილი აქვს ეგრედწოდებულ "მზიურ აფეთქებას" (Solar Flare). შედეგად, უზარმაზარი ენერგიით დატვირთული ნაწილაკები ყველა, მათ შორის ჩვენი მიმართულებითაც მოექანება.

ფოტო: NSO/NSF

უზარმაზარი ენერგიის გამოსხივება შეიძლება სახიფათო იყოს GPS დანადგარებისთვის, თანამგზავრებისთვის და ელექტროენერგიით მომმარაგებელი ქსელებისთვის. მზის აქტივობაზე უფრო დეტალური ინფორმაცია მოახლოებული საფრთხის შესახებ უკეთ რეაგირების საშუალებას მოგვცემს.

ჰავაის ტელესკოპის მშენებლობას უპრობლემოდ არ ჩაუვლია. ჰალეაკალა — მთა სადაც ტელესკოპი აშენებულია, ადგილობრივი ჰავაელებისთვის დიდ კულტურულ მნიშვნელობას ატარებს. რის გამოც ისინი ტელესკოპის მშენებლობას აკრიტიკებდნენ და 2015 წელს მის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებიც გაიმართა.

პროტესტებზე საპასუხოდ, DKIST-ის გუნდა მაუის კოლეჯში 20 მილიონიანი საგანმანათლებლო პროგრამა წამოიწყო. სირთულეების მიუხედავად, ტელესკოპი მაინც აშენდა.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ახალი ტელესკოპი მზის ოთხ ციკლს დააკვირდება, ანუ 44 წელი იფუნქციონირებს.

"ჩვენ ახლა ძალიან ხანგრძლივი მარათონის ბოლოში ვართ", — განაცხადა თომას რიმელმა — "ეს ფოტოები კი მხოლოდ დასაწყისია".