Facebook-ის ახალი "ისტორიის გაწმენდის" (Clear History Tool) ფუნქცია დღეიდან ყველა ქვეყნის მოსახლეობისთვისაა ხელმისაწვდომი. ამის შესახებ მარკ ცუკერბერგმა თავის ბლოგზე განაცხადა.

ის პარამეტრების ახალი სექციის — "Off-Facebook Activity-ს" ნაწილია.

პანელი Off-Facebook Activity მოიცავს იმ კომპანიებისა და ვებსაიტების სიას, რომლებმაც Facebook-ს თქვენი აქტივობების ნუსხა გადასცეს — რას დააკლიკეთ მათ საიტზე, რისი ყიდვა გსურდათ, რა ინტერესები გაქვთ, რა მოიწონეთ და ასე შემდეგ. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით კი ფეისბუქი შესაბამის რეკლამებს გვთავაზობს.

"Off-Facebook Activity არის გამჭვირვალობისა და კონტროლის ახალი დონე" — განაცხდა მარკ ცუკერგბერგმა — "ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდით ამ ფუნქციაზე, რადგან მის დასანერგად გარკვეული სისტემების გადაწყობა იყო საჭირო".

ერთი შეხედვით შეიძლება იფიქროთ, რომ ახალი ფუნქციის საშუალებით სხვა ვებგვერდების მიერ თქვენს შესახებ ფეისბუქისთვის მიწოდებული ინფორმაციის "გაწმენდა" შეგიძლიათ, თუმცა, რეალურად, ახალი ფუნქცია ამ ინფორმაციას კი არ წმენდს, არამედ ამ მონაცემებსა და თქვენს ანგარიშს შორის კავშირს წყვეტს. ფეისბუქი ვებგვერდებიდან თქვენს შესახებ ინფორმაციის შეგროვებას გააგრძელებს, თუმცა მას თქვენს პირად პროფილს არ დაუკავშირებს.

ის ასევე გააგრძელებს თქვენთვის რელევანტური რეკლამების ჩვენებას, თუმცა იმის განსასაზღვრად, თუ რა იქნება თქვენთვის საინტერესო, ის თქვენს მიერ ფეისბუქზე განხორციელებულ აქტივობებს გამოიყენებს. თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამ უკანასკნელის გათიშვა სარეკლამო პარამეტრებიდანაა შესაძლებელი.

ფეისბუქი Off-Facebook Activity-ს ასახსნელად შემდეგ მაგალითს გვთავაზობს:

  • "ჯეინი რომელიმე ინტერნეტ მაღაზიიდან ფეხსაცმელს ყიდულობს"
  • "ფეისბუქის ბიზნეს ხელსაწყოების გამოყენებით მაღაზია ჯეინის აქტივობას ჩვენ გვიზიარებს"
  • "ჩვენ ვიღებთ ინფორმაციას ჯეინის აქტივობის შესახებ და მას ჯეინის ანგარიშთან ერთად ვინახავთ. ინფორმაციაში აქტივობა შემდეგნაირადაა აღწერილი: ჯეინი ამ ინტერნეტ მაღაზიას ეწვია და ფეხსაცმელი შეიძინა"
  • "ჯეინს ფეისბუქზე ხვდება რეკლამა, რომელიც მას შემდეგი ტანსაცმლის ან ფეხსაცმლის შეძენისას 10%-იანი ფასდაკლების კუპონს სთავაზობს."

ამ ფუნქციის დამატების შესახებ ჯერ კიდევ 2018 წელს, ფეისბუქის მიერ დეველოპერებისათვის გამართულ ყოველწლიურ კონფერენციაზე, F8-ზე შევიტყვეთ.

რამდენჯერმე გადადების შემდეგ თავდაპირველად ფუნქცია მხოლოდ 3 ქვეყნისთვის გახდა ხელმისაწვდომი, თუმცა დღეს, როგორც იქნა, ის უკვე ყველასათვის გააქტიურდა.

ფეისბუქის თქმით, ფუნქციის დაგვიანება კომპანიის მიერ ინფორმაციის შენახვის მეთოდის კომპლექსურობით იყო გამოწვეული.

28 იანვარი ინფორმაციის კონფიდენციალურობის დღეა, ამის აღსანიშნავად ფეისბუქმა მომხმარებლებს შეტყობინებები გაუგზავნა, რომლიდანაც ისინი Privacy Checkup Tool-ზე (რომელიც ყველგან ხელმისაწვდომი ჯერჯერბოით არაა) მისამართდებოდნენ. ეს ფუნქცია საშუალებას გაძლევთ, რომ თქვენი უსაფრთხოების პარამეტრები გადაამოწმოთ.

Off-Facebook Activity-ს პოვნა პარამეტრებიდან შემდეგნაირად შეგიძლიათ:

  • Settings
  • Your Facebook Information
  • Off-Facebook Activity

ან უბრალოდ ამ ბმულს მიჰყევით.