მდინარე იანძის გიგანტად წოდებული ჩინური დინგნიჩაბა გადაშენდა
ექსპერტებმა გიგანტური ჩინური დინგნიჩაბას (Psephurus Gladius) გადაშენება დაადასტურეს. იგი მდინარე იანძში ბინადრობდა და 2003 წლის შემდეგ არ გამოჩენილა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სახეობის უკანასკნელი წარმომადგენლები 2005 წლიდან 2010 წლამდე შუალედში დაიღუპნენ.
იანძი ჩინეთის ყველაზე გრძელი მდინარეა. დინგნიჩაბას გადაშენების პროცესს მრავალმა ფაქტორმა შეუწყო ხელი — კაშხლები, გადაჭარბებული თევზჭერა, პორტები და დაბინძურება. ჩინური მდინარის დელფინია (Lipotes vexillifer) და ქაშაკის (Tenualosa toli) შემდეგ დინგნიჩაბა იანძის რიგით მესამე ბინადარია, რომელიც გადაშენდა.
"იანძის ეკოსისტემა ოდესღაც მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა, თუმცა ადამიანის საქმიანობით გამოწვეულმა ფაქტორებმა ეს მრავალფეროვნება დროთა განმავლობაში გაანადგურა," — აღნიშნავს კვლევის ერთ-ერთი ავტორი.
მეცნიერების თქმით, ჩინური დინგნიჩაბა უძველესი თევზების ჯგუფს მიეკუთვნებოდა, რომლებიც დედამიწაზე ჯერ კიდევ ადრეული იურული პერიოდიდან (200 მლნ. წლის წინ) ცხოვრობდნენ. მისი უცნაური ფორმების გამო მას ჩინეთში ბევრი ზედმეტსახელიც ჰქონდა. იგი საშუალოდ 250 კილოგრამს იწონიდა და სიგრძეში 3,6 მეტრს აღწევდა, სწორედ მისი ზომების გამო მას "მტკნარი წყლის მეფესაც" ეძახდნენ.
ჯერ კიდევ 1996 წელს დინგნიჩაბა განადგურების პირას მყოფ სახეობად გამოცხადდა და "იანძის პანდა" შეერქვა.
მდინარე იანძი 4 000-მდე სახეობის სახლია, თუმცა დაბინძურებისა და გადაჭარბებული რაოდენობით თევზჭერის გამო მათი უმეტესობა გადაშენების საფრთხის წინაშე დგას.
დანაკლისის საპასუხოდ, პეკინმა სათევზაო აკრძალვის შესახებ განაცხადა, რომელიც შემდეგი წლიდან ამოქმედდება.
მკვლევარების განმარტებით, მდინარეზე ორი კაშხლის აშენება იანძის პოპულაციებისთვის დამღუპველი აღმოჩნდა. დინგნიჩაბა მიგრირებადი თევზი იყო, რომელსაც კვერცხის დასადებად დინების საწინააღმდეგოდ გაცურვა სჭირდებოდა. კაშხლების აშენების შემდეგ კი მათ მიგრირება უჭირდათ.
ჩინეთის სახელმწიფო იმედოვნებს, რომ აკრძალვა სასარგებლოდ წაადგება მდინარის პოპულაციებს და ბიომრავალფეროვნების აღდგენას.
კვლევა ჟურნალ Science of The Total Environment-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები