ბირთვული ენერგია — რეალური ალტერნატივა თუ წარსულის ტექნოლოგია
ბევრისთვის ბირთვული ენერგია პირდაპირ ასოცირდება ატომურ იარაღთან ან ცივ ომთან, თუმცა პრაქტიკაში ბირთვული ენერგია სუფთა ენერგიის წყაროდ უკვე ათწლეულებია გამოიყენება.
პირველი ბირთვული რეაქტორი, რომელმაც წარმატებულად გამოიმუშავა ელექტროენერგია და ნათურა აანთო, შეიქმნა ამერიკის შეერთებულ შტატებში, 1948 წელს. 1954 წელს კი საბჭოთა კავშირმა ბირთვული ენერგიით მთელი ელექტრო ქსელის მომარაგება მოახერხა. ხოლო 1956 წელს ბრიტანეთში პირველი კომერციული ბირთვული სადგურიც ამუშავდა. მიუხედავად იმისა, რომ 50-იან წლებში ხალხის გონებაში ბირთვული ენერგია მჭიდროდ იყო დაკავშირებული ატომურ იარაღთან და ცივ ომთან, მეცნიერებისთვის და პოლიტიკოსებისთვის ატომის გახლეჩა ასოცირდებოდა უზარმაზარ პოტენციურ პროგრესთანაც და ერთგვარ ფუტურისტულ ხედვასთან — როდესაც შესაძლებელი იქნებოდა აბსოლუტურად სუფთა, უსასრულო ენერგიის სინთეზი და კაცობრიობის ყველანაირი ენერგომოთხოვნილების დაკმაყოფილება.
50-იანების შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ატომური იარაღის მორიგი გამოყენების საფრთხე მნიშვნელოვნად შემცირდა, გაჩნდა ბირთვული ენერგიის გამოყენებასთან ასოცირებული სხვა პრობლემები. დროთა განმავლობაში ატომური ელექტროსადგურების აშენება უპრეცედენტოდ შენელდა და არსებულმა კომერციულმა თუ სახელმწიფო ბირთვულმა სადგურებმა მუშაობა შეწყვიტეს. გარკვეულწილად ინსტინქტურია ვიფიქროთ, რომ "ანტი-ბირთვული ენერგიის" აქტივისტებმა თავისი გაიტანეს.
ჩერნობილის ატომური სადგურის ტრაგიკული ბედი ბევრისთვის ბირთვული ენერგიისადმი უნდობლობის მიზეზი გახდა. ჩერნობილის მსგავსი, თუმცა მნიშვნელოვნად განსხვავებული მასშტაბის და გარემოებების ტრაგედია იაპონიაში განმეორდა. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ზემოხსენებული კატასტროფების მიუხედავად, ბირთვული ენერგიისადმი ნდობის დაკარგვა უფრო მეტად სხვა ფაქტორებმა განაპირობეს.
რატომ ამბობს მსოფლიო უარს ბირთვულ რეაქტორებზე
ამერიკის შეერთებული შტატების ენერგიის ინფორმაციის ადმინისტრაციის (EIA) ცნობით, მომდევნო 30 წელში ბირთვული ელექტროსადგურების გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა 99,3 გიგავატიდან 79,1 გიგავატამდე შემცირდება. უკანასკნელი 6 წლის მანძილზე შტატებში 5 ბირთვული სადგური დაიხურა. მომდევნო წლებში დროზე ადრე კიდევ 9 ასეთი სადგური დაიხურება.
რატომ იხურება ბირთვული ელექტროსადგურები, როცა მსოფლიოში სუფთა, განახლებად ენერგიაზე მოთხოვნა მუდამ იზრდება?
ნებისმიერ ბირთვულ სადგურს, ისევე როგორც ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურს აქვს თავისი მუშაობის ვადა. ბუნებრივი მადნის მომპოვებელი და გადამამუშავებელი სადგურები მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებული მადნის ხელმისაწვდომობაზე, მაგალითად, შესაძლოა, საბადოში მადნის რესურსი ამოიწუროს. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ინფრასტრუქტურის ცვეთა და სადგურის მუშაობის შეწყვეტის მიზეზი, შესაძლოა, ესეც გახდეს.
ბირთვული სადგურების შემთხვევაში რეაქტორები ხშირად მაღალი დატვირთვით მუშაობენ, დიდ ხარჯებს უკავშირდება ურანის მოპოვებაც. ამიტომაც ადრე ბირთვული ელექტროსადგურების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 30 წელს არ აღემატებოდა, თუმცა დღეს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 70 წლამდეა გაზრდილი. ამ პერიოდის შემდეგ, აუცილებელია ბირთვული ელექტროსადგურის "დეკომისია", ანუ ისე დახურვა, რომ სადგური აღარ იყოს რადიოაქტიული და არ საჭიროებდეს რადიაციის გაჟონვისგან დაცვას. ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისევე როგორც ყველა სახელმწიფოში, სადაც ატომური ენერგიის მოხმარება მიმდინარეობს, ბირთვული რეგულაციის კომისია (NRC) კომერციულ სადგურებისგან დეკომისიისთვის საჭირო თანხის გადანახვას მოითხოვს მანამ, სანამ სადგური საერთოდ ფუნქციონირებას დაიწყებს.
როგორც აღვნიშნე, ბევრი კომერციული ბირთვული ელექტროსადგური დროზე ადრე იხურება. ამის მთავარი მიზეზი არის ხარჯი, რომელიც ასოცირებულია სადგურის მუშაობასთან. ბირთვული ელექტროსადგურების მშენებლობა და შენახვა ძალიან ძვირია. თითქმის ყველა ბირთვული სადგურის აშენება იმაზე ძვირი ჯდება, ვიდრე წინასწარმეტყველებენ ხოლმე.
მიუხედავად იმისა, რომ ბირთვულ ენერგიაზე და ქვანახშირზე მომუშავე სადგურები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებიან, ბაზარზე მათი "არამომგებიანობა" მსგავსია. ბუნებრივი აირის და განახლებადი ტექნოლოგიების გამოყენების პროგრესმა, კერძო სექტორში ბირთვული რეაქტორების აშენებას, შეიძლება ითქვას აზრი დააკარგვინა. ამერიკის შეერთებულ შტატებში გაუქმებული რეაქტორების ადგილს ბაზარზე ძირითადად ბუნებრივი აირი და ქვანახშირი ანაცვლებს.
ბირთვული ენერგია და ეკოლოგია
ბირთვული ენერგიის გამოყენებით მსოფლიოში პირველ ადგილზე საფრანგეთია, რომელიც ენერგიის 75%-ს ატომური ენერგიის გამოყენებით იღებს. ამასთანავე, საფრანგეთი ელექტროენერგიის ყველაზე დიდი ექსპორტიორიცაა.
თუმცა საფრანგეთი ბირთვულ ენერგიაზე დამოკიდებულების შემცირებას გეგმავს. არსებული პოლიტიკით, საფრანგეთის მთავრობას სურს ბირთვული ენერგიის მოხმარება 50%-მდე შეამციროს და ის განახლებადი ენერგიის წყაროებით (მზის ელემენტები და ქარის ენერგია) ჩაანაცვლოს.
როგორც ჩანს, მსოფლიოში ბირთვული ენერგიის გამოყენების შემცირება მეტწილად ეკონომიკური და ფინანსური მიზეზებით არის განპირობებული. ამასთანავე, ბევრი მეცნიერის და აქტივისტის მტკიცებით, ბირთვული ენერგია არც ისეთი ეკოლოგიურია, როგორც მანამდე ეგონათ. პირველ რიგში, ბირთვულ ელექტროსადგურებს დიდი რაოდენობით ურანი სჭირდებათ, რომელსაც ეკოლოგიურად სუფთა მეთოდებით ნაკლებად მოიპოვებენ. ასევე, ნებისმიერი ატომური ელექტროსადგური ტოვებს ე.წ. ბირთვულ ნაგავს, ანუ გამოუყენებელ რადიოაქტიულ, მასალას რომლის ხელახალი ათვისებაც ძალიან რთულია.
ბირთვული ენერგიის გამოყენების მხარდამჭერები ხაზს უსვამენ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები საშუალებას იძლევიან, რომ ბირთვული ენერგიის გამოყენების უარყოფითი ეკოლოგიური მხარე, ისევე როგორც მასთან ასოცირებული ხარჯები, მნიშვნელოვნად შემცირდეს. ამის წარმატებულ მაგალითად ისევ საფრანგეთი გამოდგება, რომლის ელექტრომომარაგების 17% პირდაპირ ბირთვული ნაგვის გადამუშავებიდან მოდის. აქვე აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ელექტრომომარაგება საფრანგეთს ყველაზე იაფი უჯდება.
ბირთვული ენერგიის გამოყენების ოპონენტები იმასაც ამბობენ, რომ ატომური რეაქტორების მწყობრიდან გამოსვლა უზარმაზარ რისკებს უკავშირდება. მაგალითად, ჩერნობილის ატომური სადგურის აფეთქებას და რადიაციის გაჟონვას 4 000 ადამიანი ემსხვერპლა (ზოგი პროექციით, უფრო მეტიც). ფუკუშიმას ატომური სადგურის აფეთქებამ 160 000-მდე იძულებით გადაადგილებული პირი დატოვა. ისიც აღსანიშნავია, რომ ერთი რეაქტორის მწყობრიდან გამოსვლაც კი უზარმაზარ ფინანსურ ხარჯებს უკავშირდება. მიუხედავად ამისა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბირთვული რეაქტორის მწყობრიდან გამოსვლა ან ატომური სადგურის აფეთქება ძალიან იშვიათი მოვლენაა. ბირთვული ენერგიის გამოყენების მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ ატომური ენერგიის გამოყენების საფრთხეების მიუხედავად, მისი სასარგებლო თვისებები უფრო მეტად ყურადსაღებია. მათი მტკიცებით, გლობალურ დათბობასთან ბრძოლისთვის ყველა საშუალება უნდა გამოვიყენოთ. რაც არ უნდა საშიშად ჩანდეს ზემოხსენებული კატასტროფები, დროთა განმავლობაში ჰაერის დაბინძურებას და კლიმატის ცვლილებასთან ასოცირებულ პრობლემებს ბევრად მეტი ადამიანის სიცოცხლე ეწირება.
ბირთვული ელექტროსადგურები და პოლიტიკა
ბირთვული ენერგია ბოლო დროს პოლიტიკოსებისთვისაც საინტერესო საკითხად იქცა. ბევრს მიაჩნდა, რომ უფრო "მწვანე" პარტიები და ორგანიზაციები, რომლებიც აქცენტს ეკოლოგიურ სისუფთავეზე აკეთებენ, ბირთვული ენერგიის გამოყენების ქომაგები იქნებოდნენ, თუმცა, როგორც ჩანს, ატომური ენერგია მათ თვალშიც არაპოპულარულია.
2019 წლის 10 იანვარს 600-მდე ორგანიზაციამ აშშ-ის კონგრესს მიმართა თხოვნით, რომ ჰიდროელექტრო და ბირთვული სადგურები სუფთა ენერგიის წყაროებად არ განეხილათ.
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში რამდენიმე კონგრესმენმა წარადგინა პროექტი სახელწოდებით Green New Deal, რომლის მიზანიცაა აშშ-ის ეკონომიკის სრული რეკონსტრუქცია და 100%-ით განახლებად ენერგიაზე გადასვლა, რაც გულისხმობს ნავთობზე და ბუნებრივ აირზე საბოლოოდ უარის თქმას. აქაც, კონგრესმენები ეწინააღმდეგებიან ბირთვული ენერგიის გამოყენებას მიუხედავად იმისა, რომ გაეროს კლიმატის პანელი ბირთვული ენერგიის გამოყენებას მხარს უჭერს. ჰარვარდის კლიმატის მეცნიერებების სპეციალისტის, ჯესი ჯენკინსის მტკიცებით, მთლიანად მზის და ქარის ენერგიაზე გადასვლა მიზანშეწონილი არ არის. მისი და მისი კოლეგების მტკიცებით, ბირთვული ენერგიის გამოყენება, განახლებად ტექნოლოგიებთან ერთად, საბოლოო ჯამში ბევრად ნაკლებ ხარჯს უკავშირდება. ისიც აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული "Green New Deal" უფრო მეტად პოლიტიკური დოკუმენტია, რომელიც ითვალისწინებს რიგ ეკონომიკურ ცვლილებებს, რომლებიც კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლისთვის აუცილებელი არაა.
მიუხედავად იმისა, რომ ბირთვული ენერგია შეიძლება არამომგებიანი ჩანდეს, სწორი პოლიტიკით მისი შენარჩუნება შესაძლებელია, ისევე, როგორც ეს საფრანგეთში ხდება. ქვეყნები მუდამ ცდილობენ ხელი შეუწყონ განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებას. ეს ხერხდება როგორც სახელმწიფო სუბსიდიებით, ისე ტექნოლოგიური ინოვაციების მხარდაჭერით. ბირთვული ენერგიის მიმართ ასეთ მიდგომას შეუძლია დააბრუნოს ატომური ენერგიის რელევანტურობა. ბევრი შიშობს, რომ მასთან ასოცირებული კატასტროფების გამო ბირთვული ელექტროსადგურები ადამიანების ჯანმრთელობისთვის უზარმაზარ პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენენ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რადიაციული გაჟონვა ან რეაქტორის აფეთქება ძალიან იშვიათი მოვლენაა.
ბირთვული ენერგიის გამოყენება მუდამ საკამათო საკითხი იქნება მეცნიერებს, პოლიტიკოსებს და უბრალო მოქალაქეებს შორის, თუმცა ალბათ რეალური დისკუსიის გასამართად, პირველ რიგში, საჭიროა, რომ ატომურ ენერგიასთან ასოცირებული სტიგმები გავაქარწყლოთ.
კომენტარები