საახალწლოდ ყველა დაწესებულება აჯამებს განვლილ წელს და მომავლისთვის პრიორიტეტებს საზღვრავს. ქუთაისის უნივერსიტეტი ქვეყანაში მიმდინარე მძიმე მოვლენების ფონზე საახალწლო ღონისძიებას აუქმებს, თუმცა არ აპირებს, რომ ის ახალგაზრდები, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ხელშეწყობა, საჩუქრის გარეშე დატოვოს.

ამასთან დაკავშირებით, უნივერსიტეტი ფეისბუქზე განცხადებას ავრცელებს:

"ქუთაისის უნივერსიტეტი წინასაახალწლოდ დაგეგმილ გრანდიოზულ ღონისძიებას ჯგუფ LOUDSPEAKERS-ის მონაწილეობით, აუქმებს.

უნივერსიტეტი თანაუგრძნობს გარდაცვლილი ახალგაზრდების ოჯახებს, მეგობრებსა და საზოგადოების თითოეულ წევრს.

საქართველოში ახალგაზრდების ნიჰილისტური და აპათიური განწყობის ერთ-ერთ საწყის მიზეზად მძიმე არასტაბილური სოციალურ-ეკონომიკური პირობები მიიჩნევა. სწორედ ამიტომ, ქუთაისის უნივერსიტეტი იღებს თავის წილ სოციალურ პასუხისმგებლობას და სწავლის გადასახადს უნახევრებს უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს, რომელთაც 2 წელზე მეტია შეჩერებული აქვთ სტუდენტის სტატუსი სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო.

გვინდა შევახსენოთ ახალგაზრდებს, რომ ქვეყნისთვის ძვირფასია მათი ინტელექტუალური რესურსი და, ყველაფრის მიუხედავად, სიცოცხლისთვის და წარმატებისთვის ბრძოლა ღირს".