სატელეფონო სექსის ოპერატორის ცხოვრება
პირველი პროფესიონალური სატელეფონო სექსის ღამისთვის ანტონმა რამდენიმე სექს-სათამაშო, ბანქო, სანდლები და რეზინის რგოლი მოიმარაგა.
ანტონი, ტრანსგენდერი, რომელიც ამჟამად ქალიდან მამაკაცად ტრანსფორმაციის პროცესშია,
ამ მომენტს 1 თვე აჭიანურებდა. ამ საქმიანობით დაკავების რცხვენოდა, თანაც ჩაკეტილი ხასიათი უცნობებთან ინტიმურ საუბრებში ხელს უშლიდა. სირთულეების გადასალახად კინომოყვარულმა და წარსულში დრამის თეატრის მსახიობმა ხმის ეფექტების კომპლექტი მოიშველია: სანდლები ტყაპუნის ილუზიას ქმნიდა, რეზინის რგოლი კი წკიპურტის დახმარებით მსუბუქი დარტყმის ხმას გამოსცემდა.
ანტონი სახლიდან მუშაობდა და ყურსასმენებით ეძინა. შემოსული ზარები აფხიზლებდა და მუშაობას იწყებდა. ზოგ მამაკაცს სურდა ანტონი, რომელსაც ქალის ხმა ჰქონდა, თავისი სექსუალური ფანტაზიებით დაეშინებინა. იყვნენ მამაკაცები, რომელთაც მხოლოდ საუბარი სჭირდებოდათ. ზოგ შემთხვევაში კი კაცები ანტონს გულახდილად უყვებოდნენ, რომ ქალის ტანსაცმლის ჩაცმა და “ცელქობა” სიამოვნებას ანიჭებდათ.
პირველ კვირას ანტონმა დაახლოებით $200 გამოიმუშავა. ეს ბევრი არ იყო, თუმცა შემდეგი თვის ხარჯებს დაფარავდა და რეკლამებზე საათობით ხელის დაჭერით მიღებულ 1.35$-ს სჯობდა. სქოლიოზის რთული ფორმის გამო ანტონისთვის გადაადგილება ტკივილთან იყო დაკავშირებული, რასაც მენტალური პრობლემები და შფოთვა ემატებოდა. წინა სამსახური ოჯახური ძალადობის თავშესაფარში სწორედ ამ მიზეზების გამო დატოვა. ჯანმრთელობის გამო დანიშნული შემწეობა მის ხარჯებს ბოლომდე ვერ ფარავდა.
ანტონის შემთხვევა ერთადერთი არაა. ჩვენ ვესაუბრეთ სატელეფონო სექსის 8 ოპერატორს, ამ სფეროში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიის წარმომადგენელს, ამ ბიზნესის ყოფილ მფლობელს და ქალბატონს, რომელიც სტო-ებს (სატელეფონო სექსის ოპერატორებს) რჩევებს აძლევს. აღმოჩნდა, რომ თავისი სპეციფიკის გამო ეს ინდუსტრია აქტიურად იპყრობს იმ ადამიანების ყურადღებას, რომელთაც ტრადიციულ სამსახურებზე ხელი არ მიუწვდებათ.
მოქნილი გრაფიკის, სიმარტივისა და პოტენციური მაღალი შემოსავლის გამო სატელეფონო სექსის ოპერატორის კარიერა განსაკუთრებით მიმზიდველია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებისთვის, მენტალური პრობლემების მქონე ადამიანებისთვის და ჩვილების მშობლებისთვის. მაშინ, როდესაც სახელმწიფო დახმარება და ქველმოქმედება არ არის საკმარისი, სატელეფონო სექსი, და ზოგადად სამსახური სექსის სფეროში, ამ დანაკლისს ავსებს.
დღეს ონლაინ პორნოგრაფია ყველგანაა და მცირეოდენი თანხის სანაცვლოდ ყველას შეუძლია უყუროს შემსრულებლებს, რომლებიც ვებკამერის წინ შიშვლდებიან. ბევრი სექს-ჟურნალი, რომელიც სატელეფონო სექსს არეკლამებდა, გაქრა. სატელეფონო სექსი ერთი შეხედვით ისევე მოძველდა, როგორც ვიდეოკასეტა. სექს-სამსახურების მკვლევარებიც კი გაოცებულნი არიან, რომ ეს ინდუსტრია ჯერ არ გამქრალა.
თუმცა სატელეფონო სექსი ჯერ კიდევ არსებობს.
ტელეფონზე საუბრით სექსუალური სურვილების დაკმაყოფილებას საფუძველი 1980-იან წლებში ჩაეყარა, როცა ამერიკულმა სატელეფონო კომპანიებმა სპეციალურად ამ საქმიანობისთვის განკუთვნილი ნომრები წარადგინეს სახელით “დარეკე პორნოზე”. ეს სერვისი იმ სხვა ფასიანი სატელეფონო ხაზებივით მუშაობდა, რომლებიც მომხმარებლებს აცნობდნენ ბირჟის ფასებს, უყვებოდნენ ხუმრობებს ან გადასცემდნენ სპორტული თამაშების ანგარიშებს. “დარეკე პორნოზე” სწრაფად გახდა პოპულარული და ნიუ-იორკში დებიუტისთანავე 19 მილიონი ზარი მოიზიდა. უზენაესი სასამართლოს დახმარებით ეს ბიზნესი გაბრაზებული მშობლებისა და კონსერვატორი კანონმდებლების იერიშს გადაურჩა.
სატელეფონი სექსის ოპერატორებს დიდი წვლილი მიუძღვით იმაში, რომ სატელეფონო სექსი პორნოგრაფიად არ გადაიქცა.
"ბევრი კაცს სულაც არ სჭირდება ქალის ყურება სიამოვნების განსაცდელად, ხმის მოსმენა სავსებით საკმარისია", ხსნის იზაბელა ვალენტინი, სრულ განაკვეთზე მომუშავე სატელეფონო სექსის ოპერატორი (ოპერატორების დიდ უმრავლესობას ქალები შეადგენენ, ხოლო კლიენტების უმრავლესობას - კაცები). რეალურად, ტელეფონით ხმის მოსმენა სატელეფონო სექსამდე გაცილებით ადრე იყო მიმზიდველი - ადრეული 1900-იანი წლების ჟურნალებიდან ჩანს, რომ ბევრი ქალი-ოპერატორი უცხო მამაკაცებისგან იღებდა საქორწინო შეთავაზებას.
“სატელეფონო სექსი დიდ თავისუფლებას განიჭებს”, ამბობს ლინი, რომელიც სატელეფონო სექსის ინდუსტრიაში მუშაობს და ოპერატორებს რჩევებს აძლევს, კლიენტს შეუძლია წარმოიდგინოს, რომ ორმეტრიანი მამაკაცია და უზარმაზარი ასო აბია. თუმცა შემოსული ზარებიდან დიდ ნაწილს სექსთან საერთო არაფერი აქვს. არსებობენ კლიენტები, რომლებიც თავიანთ ცხოვრებაზე სასაუბროდ რეკავენ ან მხარდაჭერას ითხოვენ, როცა საყვარელი ადამიანი გარდაეცვლებათ.
სატელეფონო სექსი პორნოსგან და ვებკამერებისგან განსხვავებულ შთაბეჭდილებას გვთავაზობს. მართალია, სტატისტიკის მოპოვება რთულია, მაგრამ ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ ეს ბიზნესი ინტერნეტს მშვენივრად მოერგო. მამაკაცები ახლა იაფფასიან გაზეთებში აღარ ეძებენ სასურველ ნომრებს, უბრალოდ შედიან ვებგვერდზე და ირჩევენ, ვის დაურეკონ. ერინ მ., ერთ-ერთი ასეთი კომპანიის მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერი ამბობს, რომ სატელეფონო სექსის ბიზნესი ინტერნეტში ისევე სწრაფად იზრდება, როგორც სექსი ვებკამერით და რომ მათ ათიათასობით აქტიური ოპერატორი ჰყავთ.
ინტერნეტმა ამ სფეროში დასაქმებაც გააადვილა. 90-იან წლებში ქალებს ოპერატორად მუშაობის დასაწყებად ცალკე სატელეფონო ხაზის გაყვანა ან რომელიმე კომპანიის ჯიხურში ჯდომა სჭირდებოდათ. ამჟამად კი სატელეფონო სექსის ოპერატორისთვის მხოლოდ ინტერნეტთან წვდომაა საკმარისი. ოპერატორებისა და კლიენტების დამაკავშირებელი პლატფორმის როლს ვებგვერდი ასრულებს. იმ ქალებისთვის, რომელთაც ტრადიციული სამსახურის პოვნა უჭირთ ან სწრაფად სჭირდებათ შემოსავალი, სატელეფონო სექსი პრაქტიკული არჩევანია.
"ხანდახან ხდება ხოლმე, ეკითხები მეგობრებს, გაუსაძლის სიტუაციაში რას იზამდითო და უცებ სექსის სფეროში მუშაობის თემა წამოიჭრება,” ამბობს ანტონი.
ასეთი გაუსაძლისი მდგომარეობა ანტონმა მარტში იგრძნო, როდესაც მიხვდა, რომ ოჯახური ძალადობის ცენტრში მუშაობას ვეღარ გააგრძელებდა. როგორც წესი, ღამ-ღამობით ანტონს შეეძლო მშვიდად წოლილიყო და ზარებზე ეპასუხა, მაგრამ ხანდახან, გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს, როგორიცაა რომელიმე მოძალადე ქმრის მოვარდნა თავშესაფარში. ანტონს სირბილი და ნერვიულობა უწევდა. ეს კი მის ფიზიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებდა. ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა.
ინტერნეტ-სივრცეში ძრომიალმა ანტონი ლინამდე მიიყვანა, რომელიც ერთ დროს ესკორტის გოგონა იყო, შემდეგ კი სატელეფონო სექსის ოპერატორად დაიწყო მუშაობა. ლინი ოპერატორებს კონსულტაციას უწევს და უკეთ მუშაობაში ეხმარება. მას ერთგული კლიენტებიც ჰყავს, რომლებიც წლების განმავლობაში ესაუბრებიან და საჩუქრებსაც უგზავნიან. ამ მიზეზის გამო ლინს ძალიან უყვარს თავისი საქმიანობა, სხვა ქალებს კი, რომლებიც მას უკავშირდებიან, როგორც წესი, მხოლოდ ფული სჭირდებათ.
“მარტოხელა დედები ან განქორწინებულები ძალიან ხშირია”, ამბობს ლინი.
ლინი სესიებს იმაზე საუბრით იწყებს, თუ რეალურად რას ნიშნავს სატელეფონო სექსის ოპერატორად მუშაობა. მომავალი დამსაქმებლებისთვის იმის ახსნა, რომ წარსულში ამ საქმიანობას ეწეოდი, ძალიან რთულია. გარდა ამისა, ლინს ისეთი შემთხვევებიც სმენია, როცა ყოფილ ქმარს ცოლის არატრადიციული სამსახური ბავშვზე მეურვეობის მისაღებად გამოუყენებია.
ლინი ასევე აფრთხილებს ქალებს, რომ ფულის შოვნა ძალიან მარტივიც არ არის. სატელეფონო სექსის ოპერატორად მუშაობა პატარა ბიზნესის დაწყებას ჰგავს: მარკეტინგი მნიშვნელოვანია და დიდი ფულის შოვნას დრო სჭირდება. ამ ინდუსტრიაში წარმატებისთვის ან უნდა მოგწონდეს სამსახური, ან წარუმატებლობის უფლება არ უნდა გქონდეს. "მშიერი შვილის ყოლა დიდი მოტივატორია” - ამბობს ლინი.
ანტონს შვილები არ ჰყავს, მაგრამ მოტივაციას საკუთარი რთული მდგომარეობა აძლევს. რა თქმა უნდა, ერჩივნა ხელოვნების მასწავლებელი, მოხალისე მწერალი ან რედაქტორი ყოფილიყო, თუმცა ყველაფერი ისე არ გამოვიდა, როგორც სურდა. "პირველად რომ ვუთხარი სხვას, რასაც ვსაქმიანობდი, ვიტირე და ვთხოვე, ჩემზე წარმოდგენა არ შეცვლოდა”, ამბობს ის. ანტონმა სხვადასხვა ვებგვერდზე საკუთარი პროფილი შექმნა. ფოტოზე, რომელშიც ნახევარი სახე პარიკით ჰქონდა დაფარული, ფოტოშოპით წაშალა ყველა მაიდენტიფიცირებელი ნიშანი, თუმცა ის ფაქტი არ დაუმალავს, რომ ტრანსგენდერია და შეიძლება ხანდახან ხმაც შეეცვალოს.
ანტონი ყოველ ღამე ექიმთან ვიზიტის შემდეგ, ჯდება სკამზე ან წვება მაგარ ზედაპირზე თავისი ლეპტოპით, ყურსასმენებით და ხმის ეფექტების კომპლექტით. ხანდახან ზარის სასიამოვნო მელოდია აღვიძებს, თუმცა ძირითადად ფენის ხმა ესმის, რომელსაც შფოთვის ასარიდებელად, სხვა ხმების ჩასახშობად ტოვებს ჩართულს.
მიუხედავად იმისა, რომ კრიმინალიზაციისა და სტიგმის გამო სექსმუშაკებზე ცოტა ოფიციალური ინფორმაცია არსებობს, ქეით დ’ადამო, სექს მუშაკების პროექტის ადვოკატი ამბობს, რომ ხშირად სექსის ინდუსტრიაში მუშაობა მნიშვნელოვანი ფინანსური წყაროა იმ ადამიანებისთვის, რომელთაც კანონიერი სამუშაოს შოვნა უჭირთ ან მოულოდნელ ფინანსურ კრიზისს განიცდიან.
“სხვადასხვა პრობლემის მქონე პირები ხშირად ირჩევენ ამ სფეროს, - აცხადებს ის. “გარდა ამისა, ხშირად მოულოდნელი ფინანსური კრიზისით იწყება ყველაფერი, იქნება ეს შემცირება, სხვა განაკვეთზე გადაყვანა, სწავლის განახლება თუ ბავშვის გაჩენა. ეს ის მიზეზებია, რომლებსაც უმრავლესობა ასახელებს”.
ბევრი ოპერატორი სახელმწიფო დახმარებას იღებს, თუმცა არა ყველა. არ არსებობს მკვეთრი ზღვარი იმ სტუდენტებს შორის, რომლებსაც დამატებითი შემოსავალი სჭირდებათ და იმ ადამიანებს შორის, რომელთაც სხვა გამოსავალი არ აქვთ.
პროსტიტუციასთან, სტრიპტიზთან, პორნოგრაფიასთან და სექს-სამსახურის სხვა ფორმებთან შედარებით, სატელეფონო სექსი ხელსაყრელია ანტონისნაირი ადამიანებისთვის, რომელთაც ფორმალურ სამსახურებთან წვდომა არ აქვთ.
სახლიდან მუშაობა ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობაა. სატელეფონო სექსს შემოსავალი ისე მოაქვს, რომ ფიზიკურ შრომას არ მოითხოვს. კიდევ ერთი სატელეფონო სექსის ოპერატორი ახალგაზრდა ქალია, რომელიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. მას პოსტტრავმატული აშლილობა აქვს და ეჩვენება, რომ მოძალადე მუდმივად უთვალთვალებს. ამის გამო სახლიდან ვერ გადის, სატელეფონო სექსის ოპერატორად კი შეუძლია სახლიდან გაუსვლელად, საკუთარი პირობებით იმუშაოს.
გარდა ფიზიკურად შეზღუდული ადამიანებისა, მენტალური პრობლემების მქონე პირთათვისაც კომფორტულია სახლიდან მუშაობა. გამოჯანმრთელების გზაზე მდგომი პაციენტები სახლში ბევრად უკეთესად გრძნობენ თავს და ამ უსაფრთხო ადგილიდან გამოიმუშავებენ თანხას, ამბობს ამერიკის მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის წარმომადგენელი ტერეზა ნგუენი.
სატელეფონო სექსი ასევე მიმზიდველია ქალებისთვის, რომლებიც ბავშვებს ან ავადმყოფ მშობლებს უვლიან. მიუხედავად იმისა, რომ ზარები პიკს საღამოს და ღამის საათებში აღწევს, დროის სარტყელების არსებობა შემოსავლიან საათების რაოდენობას ზრდის. იმ ადამიანებს, რომლებიც ფიზიკური ან მენტალური პრობლემებით არიან გადაღლილები, თავად შეუძლიათ აირჩიონ, რამდენი საათის განმავლობაში იმუშავებენ.
სატელეფონო სექსში ასაკს და გარეგნობას მნიშვნელობა არ აქვს. ლინი იცნობს ხანშიშესულ ოპერატორებს, რომლებიც ამ საქმით წელიწადში $100 ათასზე მეტს შოულობენ. სხვა სექს-სამსახურებთან შედარებით, სადაც დასაქმებულები სულ უფრო და უფრო ნაკლებს გამოიმუშავებენ, სატელეფონო სექსის ოპერატორებს შეუძლიათ შემოსავალი ბრენდის/სახელის შექმნის წყალობით გაზარდონ. ლინი ვარაუდობს, რომ ახალგაზრდებს საკუთარი ასაკი ხელსაც კი უშლით, რადგან მამაკაცების “წაკითხვაში” ნაკლები გამოცდილება აქვთ.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ საქმის დაწყებას წინაპირობები არ სჭირდება. ეს ძალიან კარგია შშმ პირებისთვის, რომელთაც დამქირავებლებისგან ძირითადად უარი ესმით. თუმცა ეს მაღალ კონკურენციასაც ნიშნავს, რაც ფასებს ამცირებს.
სატელეფონო სექსის ოპერატორის საშუალო შემოსავლის თქმა რთულია. ახალბედები წუთში დოლარზე ნაკლებს იღებენ; ტიპიური სექს-ოპერატორი $2 გამოიმუშავებს, ამ ინდუსტრიის სახელმოხვეჭილი ვარსკვლავები კი 1 წუთს 50 დოლარადაც აფასებენ. თუმცა ამ მოგების გარდა, არსებობს მარკეტინგული ხარჯები და ვებგვერდების საკომისიოები. პრობლემას ისიც ქმნის, რომ ზარების დაგეგმვა შეუძლებელია. ოპერატორების უმრავლესობა ზარების შუალედებში ტელევიზორს უყურებს ან სახლის საქმეებითაა დაკავებული.
არსებობს ფულის შოვნის დამატებითი გზებიც: ჩანაწერები, ვიდეოკლიპები, ნახმარი საცვლების გაყიდვა. ზოგი ოპერატორი დამატებით სექს-მომსახურებასაც ეწევა, ან თუნდაც თანხის სანაცვლოდ ხვდება კლიენტს.
მიუხედავად იმისა რომ სატელეფონო სექსი საკმაოდ სარფიანია, ყველას არ შეუძლია მხოლოდ ამ საქმით ირჩინოს თავი. ერინ მ. ერთ-ერთი ვებგვერდის წარმომადგენელი ამბობს, რომ საიტს ათიათასობით ოპერატორი ჰყავს, თუმცა მათგან მხოლოდ ორათასამდე გამოიმუშავებს წელიწადში $10 ათასზე მეტს. ისინი ამ ბიზნესს კვირაში 40 საათს უთმობენ. სატელეფონო სექსის ოპერატორების უმრავლესობისთვის სატელეფონო სექსი დამატებითი შემოსავალია ან უბრალოდ ბიუჯეტის დეფიციტს ავსებს.
სატელეფონო სექსის ოპერატორობას მხოლოდ ფინანსური პრობლემების გამო არ იწყებენ. ნენსი ავა მილერმა სატელეფონო ბდსმ (სადო-მაზოხისტური) სექსის კომპანია ფეტიშებით დაინტერესებული ადამიანების მხარდასაჭერად შექმნა. ლინმა ერთხელ დატოვა ეს ინდუსტრია, მაგრამ ისევ დაბრუნდა, რადგან კლიენტებთან ურთიერთობა მოენატრა.
დალია რაინე სექს-მუშაკი და ოპერატორია. წარსულში ის დღეში $80-ს იღებდა ადმინისტრაციულ ასისტენტად მუშაობაში. ახალი საქმიანობა შემოსავლითა და ცხოვრების რისკიანი სტილის გამო იზიდავს. ის ფაქტი, რომ ბევრი სექს მუშაკი სიამოვნებას იღებს საკუთარი სამსახურისგან, სექს-ინდუსტრიის ლეგალიზების მოძრაობის მთავარი მამოძრავებელი ძალაა.
დასაქმებულთა მეორე ნაწილისთვის სატელეფონო სექსი მხოლოდ საჭიროებაა სტაბილური სამსახურის არქონის გამო. ჩვენ ვესაუბრეთ ახალგაზრდა დედებს, რომლებიც სექს-ოპერატორებად მუშაობენ, სანამ მათ მცირეწლოვან შვილებს სძინავთ; ანტონის მსგავსს ადამიანებს, რომლებიც ფიზიკურმა ან მენტალურმა პრობლემებმა მიიყვანეს სატელეფონო სექსამდე და ქალებს, რომლებიც ავადმყოფ მშობლებზე ზრუნვის გამო ვერ ტოვებენ სახლს.
ერინი, ერთ-ერთი ვებგვერდის წარმომადგენელი, ამბობს, რომ ოპერატორების 50 პროცენტისთვის მნიშვნელოვანია მუშაობის მოქნილი გრაფიკი. ლინი ამ სამსახურის პრაქტიკულობას ასევე უკავშირებს იმ ფაქტს, რომ ქალებს ნაკლები შემოსავალი აქვთ, რადგანაც შვილების მოვლის პასუხისმგებლობა აკისრიათ და მათთვის სახლის დატოვება სამსახურის გამო რთულია. სამწუხარო ფაქტია, რომ გენდერული ნორმებისგან დაჩაგრული ქალები იძულებულნი არიან ამავე გენდერულ ნორმებს დაეყრდნონ სატელეფონო სექსში.
სექს-მუშაკების დახმარების პროექტის წარმომადგენელი კატრინ კოსტერი სექს-სამსახურს ისე უყურებს როგორც დამატებით საქმიანობას. ეს ისეთივე შემოსავალია, როგორსაც საშუალო კლასი იღებს ოთახების გაქირავებით და ტაქსის მძღოლობით.
მთავარი, რაც სატელეფონო სექსის ოპერატორს სჭირდება უწყვეტი ინტერნეტ-კავშირი და
მყუდრო, განმარტოებული ადგილია. ამ მოთხოვნების გამო უკიდურესად გაჭირვებული ფენა ამ სამსახურით სარგებელს ვერ ნახულობს. ოპერატორების უმრავლესობა კი საშუალო ფენას ეკუთვნის.
ამერიკის შეერთებულ შტატებში უამრავი პროგრამაა შექმნილი იმ ადამიანების დასახმარებლად, ვინც სასოწარკვეთის დროს სატელეფონო სექსში იწყებს მუშაობას.
სასურსათო ტალონები, უმუშევრობის დაზღვევა, სოციალური უზრუნველყოფა, ჯანდაცვა და გამომუშავებული შემოსავლის გადასახადები მილიონობით დოლარს შეადგენს ღარიბი ამერიკელების დასახმარებლად: ხუთიდან ერთი შშმ პირი დასაქმებულია ამერიკელი შშმ პირების აქტის თანახმად შექმნილ სამუშაო ადგილზე. სხვადასხვა კომპანიები დაზღვევის თანხას უხდიან თანამშრომლებს, რომელთაც ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნათ. არსებობს იმ შშმ პირთა მხარდასაჭერი პროგრამები, რომელთაც სამსახურის მოძებნა სურთ.
მიუხედავად იმისა, რომ “შეზღუდული შესაძლებლობების” გაგონებაზე ფიზიკური ნაკლოვანება წარმოგვიდგება თვალწინ, შემწეობის მიმღებთა შორის ყველაზე მეტი მენტალური დაავადების მქონე პირია. მოწყვლადი და ღარიბი მოქალაქეების სახელმწიფო დახმარების ოდენობა ფასეულობების საკითხია, თუმცა სიღარიბისა და ინვალიდობის სახელმწიფო პროგრამების სტატისტიკიდან ცხადად ჩანს, რომ დახმარება ამცირებს სიღარიბის დონეს, თუმცა ამით დახმარების მიმღებ პირთა ეკონომიკური მდგომარეობა სრულად არ უმჯობესდება.
“შეხედულება, რომ სახელმწიფოს ხარჯზე ეს ადამიანები ხელგაშლილად ცხოვრობენ, არასწორია”, ამბობს ტერეზა ნგუიენი და ამატებს რომ მენტალური პრობლემების მქონე ადამიანები დაახლოებით $800-ს იღებენ სახელმწიფოსგან. “ამ თანხით ცხოვრება რთულია. უნდა გაიჭირვო და გადაანაწილო ფული საკვებსა თუ პირველადი საჭიროების ნივთებზე. ამაზე ფიქრს დიდი ძალისხმევა მიაქვს”.
ანტონის სიტუაცია სწორედ ასეთია. მართალია, ის ჯანმრთელობის პრობლემების გამო დახმარებას იღებს და საცხოვრებლით ნაწილობრივ უზრუნველყოფილია, თუმცა ეს მაინც არაა საკმარისი იმ სამეზობლოში ცხოვრებისთვის, სადაც თავის დაცულად ვერ იგრძნობ, თუ შუქი 24/7 არ ანთია.
ბოლო 3 თვის განმავლობაში ანტონი ყოველღამე იღებს სატელეფონო ზარებს. ხანდახან ცოტა ზარებია, მაგრამ “ერთგული მომხმარებლები” თვეში $200-ის გამომუშავებაში ეხმარებიან. ეს საკმარისია ბინის, მედიკამენტების და კომუნალური გადასახადებისთვის. მისი შემდეგი მიზანი სატელეფონო სექსიდან საწოლისა და მეორე სკამის შესაძენად საჭირო ფულის გამომუშავებაა.
“ჩემი მეგობარს ჩემთან სტუმრობისას დასაჯდომი ადგილი არ აქვს” - ამბობს ანტონი. ექიმებთან ვიზიტებისა და სატელეფონო სექსის მიერ შეწყვეტილ ძილს შორის ანტონს არავითარი ენერგია აღარ აქვს სოციალური შეხვედრებისთვის.
დროთა განმავლობაში ანტონმა ისწავლა, როგორ გაყიდოს თავი ტკბილ, უჩვეულო ხმის მქონე რომანტიულ სატელეფონო სექსის ოპერატორად. მან ისწავლა, როგორ უთხრას უარი კაცებს მისთვის შეუსაბამო სურვილებზე და როგორ მოიზიდოს კლიენტები, რომელთაც სიამოვნებით გაესაუბრებოდა.
“საერთო ჯამში მოხარული ვარ ამ გამოცდილებისთვის” - ამბობს ის, “თუმცა სხვა რამის გაკეთება რომ შემეძლოს, რა თქმა უნდა, გავაკეთებდი.”
კომენტარები