ქართული ოცნების დეპუტატი, ზაზა გაბუნია ამბობს, რომ თბილისში მიმდინარე აქციის მონაწილეების მოთხოვნის, შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა დღეს, 29 ივნისს ჟურნალისტებთან საუბარისას თქვა. მან აღნიშნა ისიც, რომ მას "ეჭვი არ ეპარება ახალგაზრდების პროტესტის გულწრფელობაში".

"მინისტრი საუბრობს იმაზე, რომ ის მზადაა აიღოს პასუხისმგებლობა, მას შემდეგ რაც დასრულდება გამოძიება. ეს არის ძალიან ადეკვატური. მე მოვუწოდებ მათ შორის, იქნება ეს პოლიტიკური მოთამაშე თუ საერთაშორისო ორგანიზაციები, თვალი მიადევნონ საერთაშორისო ექსპერტების დადებულ დასკვნასა და გამოძიებას. ამ გამოძიების შემდეგ შევხედავთ რამდენად რელევანტურია კრიტიკა გადადგომაზე", — ამბობს ზაზა გაბუნია.

20 ივნისის აქცია

რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ სკამის დაკავებას საპროტესტო ტალღა მოჰყვა პარლამენტის წინ. მოქალაქეებმა ანტისაოკუპაციო აქციები მოაწყეს. დღის ბოლოს კი პარლამენტის წინ შეიკრიბნენ. ოპოზიციის წევრები ითხოვდნენ ირაკლი კობახიძის, ვახტანგ გომელაურისა და გიორგი გახარიას გადადგომას.

აქციის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტში შესვლა სცადა და ცენტრალურ გამზირზე მობილიზებულმა სპეცრაზმმა მათი დაშლა დაიწყო. სამართალდამცავებმა მოქალაქეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. აქციის დაშლის დროს კლინიკებში 240 მოქალაქე გადაიყვანეს, რომელთაგან 80 სამართალდამცავი იყო. დაშავებულებიდან 2-მა თვალი დაკარგა, მათ შორის 18 წლის გოგომ. დაზიანებები მიიღეს 30-ზე მეტმა ჟურნალისტმა, მათ შორის იყვნენ On.ge-ს სამი თანამშრომელი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის ჯამში 305 ადამიანი დააკავა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.