ლობსტერების, იგივე ომარების, ნორვეგიულ სახეობაზე Nephrops norvegicus ჩატარებული ახალი კვლევით დადგინდა, რომ ისინი ტკივილს გრძნობენ.

მეცნიერები კიბოსნაირთა კლასში შემავალ ამ ცხოველებს ელექტროშოკით შეეხნენ. ამ დროს მათ ასპირინი და ლიდოკაინი (ტკივილგამაყუჩებლები) გაუკეთეს, რის შემდეგადაც თავის დაღწევის მცდელობა შეწყვიტეს. მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ წამლებმა ლობსტერებში ტკივილის შეგრძნება დათრგუნა. შესაბამისად, ვარაუდობენ, რომ დასხლტომის მცდელობისას კუდის მოძრაობა ტკივილის რეფლექსია და არა უბრალოდ სტრესზე რეაქცია.

ნაშრომის ავტორთა განცხადებით, ეს მიგნება ეთიკური თვალსაზრისით განსაკუთრებით საყურადღებოა. ერთ-ერთი მეცნიერის თქმით, ის ფაქტი, რომ ადამიანებისთვის განკუთვნილი ტკივილგამაყუჩებლები ლობსტერებზეც ზემოქმედებს, ჩვენ შორის მსგავსებას კიდევ ერთხელ ცხადყოფს.

ცნობისთვის, მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში — მათ შორის ნორვეგიაში, ახალ ზელანდიაში, ავსტრიასა და ავსტრალიის ზოგიერთ რეგიონში — კიბოსნაირების ცოცხლად მოხარშვა უკვე აკრძალულია. ამ საკითხს დიდი ბრიტანეთიც განიხილავს, სპეციალისტები კი ლობსტერებში ე.წ. ელექტრონარკოზის ეფექტიანობას იკვლევენ. ეს შეიძლება ცოცხლად მოხარშვის უფრო "ჰუმანური" ალტერნატივა აღმოჩნდეს.

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა 105 ლობსტერი რამდენიმე ჯგუფად დაყვეს, მათ შორის კონტროლ ჯგუფებად, რომლებში შემავალ ცხოველებშიც ელექტროშოკი არ გამოუყენებიათ. სხვა ომარებს ელექტროშოკით შეეხნენ და ლიდოკაინი ან ასპირინი გაუკეთეს.

მეცნიერები ლობსტერების ქცევას შოკამდე, შოკის დროს და შემდეგ 2 საათის განმავლობაში დააკვირდნენ. იმ ომარებმა, რომლებმაც ელექტროზემოქმედება განიცადეს, გაქცევა კუდის ამოძრავებით სცადეს. ეს ქცევა კონტროლ ჯგუფში არ გამოვლენილა.

მას შემდეგ, რაც ლობსტერებს ლიდოკაინი ან ასპირინი გაუკეთეს, მათ კუდის მოძრაობა საგრძნობლად შეამცირეს: აღნიშნული ქცევა ლიდოკაინის შემთხვევაში 13-იდან შვიდმა და ასპირინის შემთხვევაში 13-იდან მხოლოდ 3-მა გაიმეორა.

ეს პირველი კვლევა არ არის, რომლითაც გამოვლინდა, რომ უხერხემლოებს, როგორებიც კიბოსნაირები და რვაფეხები არიან, ტკივილის აღქმა შეუძლიათ. ზემოხსენებულ ქვეყნებთან შედარებით აშშ ამ მხრივ კანონმდებლობას უფრო ნელა ცვლის, თუმცა ზოგიერთ შტატში (მაგალითად, კალიფორნიასა და ვაშინგტონში) რვაფეხების მოშენება უკვე აკრძალულია.

ნაშრომი გამოცემაში Scientific Reports გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.