OpenAI-მ, ChatGPT-ს შემქმნელმა კომპანიამ, გამოსახულებების გენერატორის უახლესი ვერსია გამოუშვა, სახელად ChatGPT Images 2.0. იგი 21 აპრილიდანაა ხელმისაწვდომი ამავე ჩატბოტის ყველა მომხმარებლისთვის — ChatGPT-ს როგორც უფასო, ასევე ფასიანი ვერსიებისთვის.

OpenAI-მ სამშაბათს ბლოგპოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ ChatGPT Images 2.0-ს ახლა უფრო "დახვეწილი" გამოსახულებების შექმნა შეუძლია; გაუმჯობესებულია როგორც ინსტრუქციების მიყოლის სიზუსტე, ასევე სასურველი დეტალების შენარჩუნება და ტექსტის გენერირების უნარიც.

გარდა ამისა, გენერატორს სააზროვნო უნარები დაემატა, რომლებიც მას საშუალებას აძლევს, მაგალითად, ინტერნეტში მასალები მოიძიოს და რამდენიმე სურათი მხოლოდ ერთი მითითების საფუძველზე შექმნას. გენერატორი OpenAI-ს ახალ GPT Image 2 მოდელზე მუშაობს, ხოლო სააზროვნო ფუნქციები კი მხოლოდ ChatGPT Plus, Pro, Business და Enterprise ვერსიების მომხმარებელთათვის არის ხელმისაწვდომი.

სააზროვნო მოდელის არჩევისას ჩატბოტში სურათების გენერატორს შეუძლია, მაგალითად: ინტერნეტიდან ინფორმაცია აიღოს, ატვირთული ფაილების მიხედვით ვიზუალური ამხსნელი გამოსახულებები შექმნას ანდა "სურათის გენერირებამდე მისი სტრუქტურა გაიაზროს".

ChatGPT Images 2.0-ს ამ რეჟიმში რვამდე სურათის გენერირება შეუძლია, თანაც ისე, რომ თითოეულში იგივე პერსონაჟები, ობიექტები და სტილი შეინარჩუნოს. OpenAI-ს განცხადებით, ეს მომხმარებლებს გაუმარტივებს, რომ, მაგალითად, შექმნან მანგა, გრაფიკული გამოსახულებების სერიები ანდა სახლის თითოეული ოთახის დიზაინები.

ფოტო: OpenAI

განახლება გენერატორს საშუალებას აძლევს, "უკეთ აღიქვას ფოტოების მახასიათებლები"ისევე როგორც პიქსელური ხელოვნების, მანგას, კინემატოგრაფიული კადრებისა და სხვა ტიპის გამოსახულებების სტილი. გარდა ამისა, მას უკვე შეუძლია, 2K-მდე რეზოლუციის სურათები შექმნას სხვადასხვა პროპორციით — განიერი ფორმატები (მაგალითად 3:1) იქნება ეს თუ ვერტიკალური (თუნდაც 1:3).

სისტემა ინგლისურ და სხვა ლათინური დამწერლობის მქონე სხვა ენებზე ტექსტს უკეთესად აგენერირებს. გარდა ამისა, OpenAI-ს განცხადებით, Images 2.0-ს "მნიშვნელოვანი წინსვლა" აქვს ისეთი გამოსახულებების შექმნაში, რომლებიც იაპონურ, კორეულ, ჩინურ, ჰინდისა და ბენგალურ ენებზე დაწერილ ტექსტებს მოიცავს.

OpenAI-მ ChatGPT Images თავდაპირველად გასულ წელს გამოუშვა. ბოლო დიდი განახლება დეკემბერში ვიხილეთ, როცა გამოსახულების გენერირება დაჩქარდა და ფოტოების რედაქტირების უნარები გაუმჯობესდა. მას შემდეგ ბაზარზე სხვა დახვეწილი ინსტრუმენტებიც ჩნდება, მათ შორის Google-ის Nano Banana Pro და Microsoft-ის MAI-Image-2, კონკურენცია კი შესაბამისად უფრო და უფრო მატულობს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ხელოვნური ინტელექტის სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ხელოვნურ ინტელექტზე.