NASA-ს მიერ მარსზე გაგზავნილმა მავალმა Curiosity იქ ისეთი ქიმიური ექსპერიმენტი ჩაატარა, როგორიც აქამდე სხვა პლანეტაზე არასდროს განუხორციელებიათ. შედეგად, მეცნიერებმა ორგანული მოლეკულები აღმოაჩინეს, რომელთაგანაც ზოგი ამ ციურ სხეულზე არასდროს დაუფიქსირებიათ.

გასათვალისწინებელია, რომ ორგანული მოლეკულები არამხოლოდ ბიოლოგიური, არამედ გეოლოგიური პროცესებისასაც წარმოიქმნება. ასეთია, მაგალითად, პლანეტის ზედაპირზე მეტეორიტის დაცემა. ეს ნიშნავს, რომ მარსის ზედაპირზე სამ მილიარდზე მეტი წლის წინანდელი ისტორიაა შემონახული. ესაა პერიოდი, როცა იქ ტბები და მდინარეები არსებობდა, ანუ წყალი, რომელიც ჩვენთვის ცნობილი სიცოცხლის ფორმებისთვის აუცილებელი კომპონენტია.

Curiosity სწორედ ისეთ ადგილს იკვლევს, სადაც ადრე ტბა იყო — გეილის კრატერს. იგი იქ სიცოცხლის კვალს 2012 წლიდან ეძებს. რაც შეეხება ექსპერიმენტს, ის 2020 წელს ჩაატარეს, შედეგები კი ახლახან გამოცემაში Nature Communications გამოქვეყნდა.

მავალის მიერ გაბურღული სამი ადგილი, რომელთაგანაც ორგანულ მოლეკულებს "Mary Anning 3"-ის მიმდებარედ მიაგნეს.

ფოტო: NASA/JPL-Caltech/MSSS

აპარატს ორ ტუბში ჰქონდა ნაერთი TMAH, რომელიც ორგანული მატერიის დასაშლელად და მისი შედგენილობის გამოსავლენად გამოიყენება. კვლევის ფარგლებში სპეციალისტებმა 20-ზე მეტი ორგანული მოლეკულა გამოავლინეს, ზოგი კი მარსზე პირველად დაფიქსირდა. მათ შორისაა ბენზოთიოფენი, რომელიც მეტეორიტებსა და ასტეროიდებშიცაა.

"დედამიწასა და მარსზე მეტეორიტებიდან ერთი და იგივე კომპონენტები მოხვდა. სავარაუდოდ, სწორედ ასე აღმოჩნდა ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლის საშენი მასალა", — აცხადებენ ავტორები.

მათი თქმით, მეორე მოლეკულა აზოტს შეიცავს (აზოტის ჰეტეროციკლი) და დნმ-ის ჩამოყალიბებაში მონაწილე "საწყისი რგოლია". ამის მიუხედავად, როგორც უკვე ვახსენეთ, ეს პირდაპირ სიცოცხლის არსებობაზე არ მიანიშნებს. ამგვარი დასკვნის გამოსატანად ნიმუშები მეცნიერებმა ახლოდან უნდა შეისწავლონ, რისთვისაც მათი დედამიწაზე ჩამოტანაა საჭირო.

ცნობისთვის, ამ მიზნით სხვა მავალმა, Perseverance-მა, მარსზე გრუნტისა და ქვების ფრაგმენტები უკვე შეაგროვა. NASA მის გამოგზავნას გეგმავდა, მაგრამ არასაკმარისი ბიუჯეტის გამო მისია გაუქმდა. სამაგიეროდ, სამომავლოდ იქ ევროპული სააგენტო მავალ როზალინდ ფრანკლინის გაშვებას აპირებს (2028 წელს), რომელსაც უფრო დიდი ბურღი აქვს და თან TMAH-საც გაიყოლებს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.