Dragonfly — ნასა სატურნის უდიდეს მთვარეზე სიცოცხლის საძებნელად დრონს გაგზავნის
ახალი მისია დრონის საშუალებით სატურნის უდიდეს მთვარეს, ტიტანს შეისწავლის. მისიამ, რომელსაც Dragonfly ეწოდება დაფინანსება ნასას პროგრამა New Frontiers-ისგან მიიღო.
"Dragonfly მარსის მავალის ზომის დრონია, რომელიც ტიტანზე პერიოდულად იფრენს", — აცხადებს მისიის მთავარი ხელმძღვანელი ელიზაბეტ ტარტლი.
3 მეტრის სიგრძისა და 3 მეტრის სიგანის ორმაგი კვადროკოპტერი გიგანტურ დრონს ჰგავს, მას რვა ძრავი იქნება, რომლის საშუალებითაც ხომალდი საათში 12-14 კილომეტრს დაფარავს.
დრონი 16 დღეში ერთხელ იფრენს, რა დროსაც ის გარემოს დაზვერავს, დააკვირდება ამინდს და მთვარის ზედაპირიდან ნიმუშებს აიღებს. თუ მეცნიერები ხომალდის მახლობლად რაიმე საინტერესოს შენიშნავენ, დრონს ამ ობიექტებთან მიფრენაც შეეძლება.
აღსანიშნავია, რომ ტიტანზე ფრენა უფრო ადვილია, ვიდრე ბორბლებით გადაადგილება. საქმე ისაა, რომ ტიტანის მიზიდულობა დედამიწის მიზიდულობის მეშვიდედია, მთვარის ატმოსფერო კი დედამიწისაზე ოთხჯერ უფრო მკვრივია.
"თუ ფრთებს მიიმაგრებთ, ტიტანზე ფრენას თქვენც შეძლებდით", — აცხადებს ტარტლი.
Dragonfly ტიტანისკენ 2026 წელს გაეშვება და დანიშნულების ადგილს 2034 წელს მიაღწევს. ტიტანი დედამიწას ძალიან ჰგავს, მისი შესწავლით კი უკეთ გავიგებთ, თუ როგორ წარმოიშვა ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლე.
დრონი თავდაპირველად ტიტანის ეკვატორთან არსებულ ქვიშის ველებზე დაეშვება, მეცნიერების აზრით, ტიტანზე სიცოცხლისთვის აუცილებელი ნივთიერებები და წყალი ერთმანეთის გვერდიგვერდ ათიათასობით წლის განმავლობაში არსებობდა.
ტიტანს ნასას კიდევ ერთი ხომალდი, Cassini თითქმის 13 წლის განმავლობაში იკვლევდა.
ტიტანს უამრავი საინტერესო თვისება აქვს. 2004 წელს Cassini-მ მთვარის პოლარულ რეგიონებში ნახშირწყალბადოვანი, კერძოდ კი მეთანის ტბები აღმოაჩინა. ტიტანის ცაზე კი მეთანისა და ეთანის ღრუბლებიც მოძრაობს, საიდანაც ზედაპირზე, ზოგჯერ, მეთანიც წვიმს.
დრონი მრავალი საინტერესო სამეცნიერო ინსტრუმენტით იქნება აღჭურვილი, მათ შორისაა კამერები და სპექტროსკოპები, რომლის საშუალებითაც მეცნიერები მთვარის გეოლოგიას, ქიმიურ შედგენილობასა და სხვა მახასიათებლებს შეისწავლიან.
გაიგეთ მეტი:
კომენტარები