50 მლნ წლის წინანდელ ნამარხში თევზების გაქვავებული გუნდი მოჩანს
თევზების გარკვეული სახეობები გუნდებად იკვრებიან, რომელშიც ზოგჯერ მილიონობით ინდივიდიც კი შედის. ამ დროს ჯგუფი ფრინველების გუნდის მსგავსად, როგორც ერთი ორგანიზმი, ისე გადაადგილდება.
თანამედროვე თევზებმა, ისევე როგორც სხვა ცხოველებმა, უკვე იციან, თუ როგორ უნდა იმოძრაონ ერთ გუნდად. თუმცა რთულია იმის გარკვევა, თუ როდის აღმოცენდა მსგავსი ქცევა ევოლუციურად.
ნამარხებში მსგავსი ქცევების აღმოჩენა უკიდურესად ძნელია. ამისთვის საჭიროა, რომ უამრავი სხვადასხვა ფაქტორი ერთმანეთს დაემთხვეს და თევზების გუნდი ერთდროულად, სწრაფად განამარხდეს. შემდეგ ეს ნამარხი მილიონობით წლის განმავლობაში უნდა გადარჩეს, ბოლოს კი ის პალეონტოლოგებმა უნდა აღმოაჩინონ.
ამ შემთხვევაში, შესაძლოა, ყველაფერი სწორედ ასე მომხდარიყო.
2016 წელს არიზონას უნივერსიტეტის ბიოლოგი ნობუკი მიზამოტო შვებულებაში ყოფნისას ქალაქ კაცუიამას მუზეუმში კირქვის ბლოკს წააწყდა. დაახლოებით 50 მილიონი წლის ბლოკი სიგანეში დაახლოებით ნახევარი მეტრი, სიგრძეში კი 400 მილიმეტრი იყო. მასში კი თევზების მთელი გუნდია განამარხებული. მეცნიერების თქმით, თევზები ახლა უკვე გადაშენებულ სახეობას, Erismatopterus levatus-ს მიეკუთვნებოდნენ.
კირქვაში ჯამში 259 თევზია, თითოეულის ზომა 24 მილიმეტრს არ აღემატება და ყველა მათგანი ერთ მხარეს იყურება.
"ეს ძალიან საინტერესო შემთხვევაა. მსგავსი განამარხება არასდროს მინახავს", — აცხადებს ილინოისის უნივერსიტეტის პალეონტოლოგი როი პლოტნიკი, რომელიც კვლევაში ჩართული არ იყო.
მიზომოტოს თქმით, თუ თანამედროვე თევზების გუნდს დავაკვირდებით, რამდენიმე კანონზომიერებას აღმოვაჩენთ, რომლის საშუალებითაც თევზები ერთ გუნდად დარჩენას ახერხებენ. მაგალითად, თევზები მათ გარშემო არსებულ სხვა თევზებს უახლოვდებიან და შორდებიან, რითაც მეზობლებთან მუდმივ დისტანციას ინარჩუნებენ.
მიზომოტო და მისი კოლეგები ფიქრობენ, რომ ნამარხში სწორედ ამ პრინციპების ამოკითხვა შეიძლება.
ნამარხისა და თევზების ორიენტაციების გაანალიზებით მეცნიერებმა მომდევნო სცენის შექნა შეძლეს, რომელიც ასახავს, თუ რა მიმართულებით იმოძრავებდა გუნდი, თევზები რომ არ დაღუპულიყვნენ.
მიზომოტოს თქმით, გამოთვლილი ტრაექტორიები მიუთითებს, რომ თევზებს მოძრაობა ერთ გუნდად უნდა გაეგრძელებინათ.
ზოგი მეცნიერი კი აცხადებს, რომ საჭიროა დამატებითი მტკიცებულება იმისა, რომ თევზები ნამდვილად ერთდროულად განამარხდნენ.
"ბლოკში თევზების გუნდი ნამდვილად ჩანს. თუმცა, რამდენად ასახავს მათი ორიენტაცია და შეჯგუფება სინამდვილეს, რთული სათქმელია. მიზომოტო და კოლეგები აცხადებენ, რომ ჯგუფის განამარხება მყისიერად მოხდა, იმავე ფორმით, რა ფორმაშიც ისინი სიკვდილის მომენტში იმყოფებოდნენ. თუმცა ისინი ამას ვერ ამტკიცებენ", — აცხადებს ბრისტოლის უნივერსიტეტის ხერხემლიანთა პალეონტოლოგიის პროფესორი მაიკლ ბენტონი.
"მე მიჭირს წარმოვიდგინო თევზების გუნდი, რომელიც ფსკერზე ერთმანეთთან მიმართებაში პოზიციის შეუცვლელად ჩაიძირა, შემდეგ კი განამარხდა", — აცხადებს პლოტნიკი.
კვლევაში მიზომოტო და კოლეგები აღიარებენ, რომ თევზები, შესაძლოა, დაღუპვის შემდეგ უბრალოდ ერთად მოგროვებულიყვნენ.
ამ საკითხის გარკვევას ისიც ართულებს, რომ უცნობია კირქვის ბლოკის ზუსტი წარმოშობა.
დაზუსტებით რთულია თქმა, ზუსტად რა სცენართან გვაქვს საქმე ნამარხთან მიმართებაში, თუმცა ბენტონი აცხადებს, რომ მას არ უნახავს სხვა ნამარხი, რომელიც უძველესი თევზების გუნდს ასე კარგად შეიძლება წარმოაჩენდეს.
კვლევა ჟურნალ Proceedings of Royal Society B-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები