ავსტრალიის დასავლეთში აღმოაჩინეს ოქროს მოყვარული სოკო, მეცნიერების თქმით, მისი საშუალებით, შესაძლოა, ოქროს ახალი საბადოების აღმოჩენა მოხდეს.

აღმოჩენილი სოკო სახეობა fusarium oxysporum-ის ერთ-ერთი შტამია, რომელიც საკუთარ საცეც ძაფებს ოქროთი ფარავს, ოქროს კი ის გარემოში არსებული ნივთიერებებიდან აცალკევებს. სოკოსთვის ოქროს მოპოვებას, შესაძლოა, ბიოლოგიური უპირატესობა ჰქონდეს. როგორც გაირკვა, ოქროთი დაფარული სოკოები უფრო დიდ ზომამდე იზრდებოდნენ და მათი საცეცი ძაფებიც უფრო სწრაფად ვრცელდებოდა, შედარებით იმ სოკოებთან, რომლებიც ოქროს არ იყენებდნენ.

"ცნობილია, რომ სოკოები ორგანული ნივთიერებების, მაგალითად, ფოთლებისა და მერქნის დაშლასა და გადამუშავებაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ, ისინი სხვადასხვა მეტალის გადამუშავებაშიც იღებენ მონაწილეობას, მაგალითად, ალუმინის, რკინის, მანგანუმისა და კალციუმის. თუმცა, ოქრო ქიმიურად იმდენად ინერტულია, რომ ბუნებაში ამ ურთიერთობის აღმოჩენა ძალიან უჩვეულო და გასაკვირია", — აცხადებს პროფესორი ცინგ ბოჰუ.

ბოჰუ დამატებითი კვლევების საშუალებით ცდილობს გაარკვიოს, თუ რატომ ურთიერთქმედებს სოკო ოქროსთან და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ სოკოს გავრცელების არეალში ოქროს ახალი წყარო შეიძლება იმალებოდეს.

ავსტრალია ოქროს ყველაზე დიდი მომპოვებელია და მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ გასულ წელს რეკორუდლად დიდი რაოდენობის ოქრო მოიპოვა, ექსპერტები აცხადებენ, რომ ახალი საბადოების აღმოჩენის გარეშე, ახლო მომავალში ავსტრალიაში ოქროს მოპოვება შემცირდება.

"ჩვენ გვსურს გავარკვიოთ, თუ შესაძლებელია აღმოჩენილი სოკოს გამოყენება ოქროს ახალი წყაროების აღმოსაჩენად", — აცხადებს უფროსი მკვლევარი რავი ანანდი.

აღნიშნული სახეობა მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებულია, თუმცა ოქროს მოსაპოვებლად ის არ გამოგადგებათ, რადგან ოქროს ნაწილაკების შემჩნევა მხოლოდ მიკროსკოპითაა შესაძლებელი.