ყველა სოციალურ ქსელს შორის, ინსტაგრამი (თქვენი) ფსიქიკისთვის ყველაზე ცუდია
უმეტესობა ჩვენგანის ინსტაგრამი სავსეა ფიტნეს მოდელებით, ეგზოტიკური მოგზაურობებითა და ისეთი იდეალური მომენტებით, რომლებიც ჩვენ (შედარებით) მოსაწყენ ცხოვრებასთან თანხვედრაში არ არის. კვლევები მიუთითებს, რომ ამით გამოწვეულ უკმაყოფილებას ხშირად ისეთ პრობლემებამდეც მივყავართ, როგორიც არის, მაგალითად, შფოთვა, დეპრესია, უძილობა და საკუთარი სხეულით უკმაყოფილება. ეს განსაკუთრებით ახალგაზრდებში შეიმჩნევა,რადგან სოციალურ ქსელებს ყველაზე აქტიურად სწორედ ისინი მოიხმარენ.
დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საზოგადოების (RSPH) მიერ ჩატარებული კვლევა მიანიშნებს იმაზე, რომ ინსტაგრამს, რომელსაც ყოველთვიურად ერთ მილიარდზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ყველზაე დიდი უარყოფითი გავლენა აქვს.
RSPH-ს მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში გაერთიანებულია წინამორბედი კვლევა, რომელშიც 14-დან 24 წლამდე ასაკის 1 500 ადამიანი მონაწილეობდა. კვლევის მიზანი იყო გარკვეულიყო, რესპოდენტების აზრით რომელი სოციალური ქსელი ახდენდა მათ ჯანმრთელობაზე ყველაზე დიდ გავლენას. მათი შეფასებით, ყველაზე დიდ უარყოფით გავლენას ინსტაგრამი ახდენდა.
სრული სია კი ასე დალაგდა: Twitter, Facebook, Snapchat, Instagram. გამოკითხვით ისიც გაირკვა, რომ ერთადერთი ქსელი, რომელსაც რესპოდენტებზე დადებითი გავლენა ჰქონდა, YouTube იყო.
კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა განაცხადა, რომ ხშირად გოგოები საკუთარ სხეულს ხელოვნურად მანიპულირებულ ფოტოებს ადარებენ ხოლმე.
ერთ-ერთი რესპოდენტის თქმით, ინსტაგრამის გამო ქალები და გოგოები ხშირად ფიქრობენ, რომ მათი სხეულები საკმარისად კარგი არ არის, რადგან სოციალურ ქსელში მათ ხელოვნურად დამუშავებული ფოტოები ხვდებათ.
წინამორბედი კვლევით დასტურდება, რომ სოციალური ქსელების გამო ჩვენში არარეალისტური მოლოდინები ყალიბდება, რაც დაბალი თვითშეფასების ქონით სრულდება. ამას ემატება სოციალური ქსელების მიერ გამოწვეული უძილობა და კიბერბულინგი. Journal of Youth Studies-ში გამოქვეყნებული ერთ-ერთი კვლევის ავტორებმა აღმოაჩინეს, რომ ახალგაზრდები ღამით შეტყობინებების შესამოწმებლად ხშირად იღვიძებენ, რის გამოც მათ ძილის რეჟიმ იერღვევათ.
კვლევაში გამოვლინდა სოციალური ქსელების დადებითი გავლენაც. რესპოდენტების 70%-მა განაცხადა, რომ ისინი რთულ პერიოდებში სოციალური ქსელების საშუალებით ემოციურ მხარდაჭერას იღებდნენ და ინტერნეტში საკუთარი თავის გამოხატვას ახერხებდნენ.
ინტერნეტი მათთვის ურთერთობების შექმნისა და შენარჩუნების საშუალებაც იყო.
კვლევისას გამოვლენილი მთავარი პრობლემა ისაა, რომ ჩვენ ხშირად გვავიწყდება, რომ სოციალურ ქსელში არსებული ინფორმაცია და ფოტოები ყოველთვის რეალობას არ ასახავს. RSPH-ს რეკომენდაციით, სასურველია, რომ მოდის ბრენდებმა და ცნობილმა ადამიანებმა მანიპულირებული ფოტოების გავრცელებისგან თავი შეიკავონ, ან ცხადად აღნიშნონ, რომ ეს ფოტო ხელოვნურადაა მოდიფიცირებული.
სოციალური ქსელების მოხმარება მუდმივად იზრდება და ცალსახაა, რომ მისი გავლენის შესასწავლად დამატებითი ფართომასშტაბიანი კვლევები უნდა ჩატარდეს.
კომენტარები