ვიდეო: ნახეთ, როგორ სეირნობს ზღვის ვარსკვლავი სანაპიროზე
პერიოდულად ინტერნეტში ჩნდება ცხოველების ვიდეოები, რომლებიც ხალხის გაოცებას იწვევს. ადამიანებს ცხოველების შესახებ გარკვეული წარმოდგენები გვაქვს, რომლებიც, ხშირად, შესაძლოა სიმართლეს არ შეესაბამებოდეს. მაგალითად, უმეტესობისათვის უჩვეულოა, რომ ზღვის ვარსკვლავი, რომელიც, როგორც წესი, უძრავად არის ხოლმე გამოსახული, შეიძლება ასე აქტიურად მოძრაობდეს.
ზღვის ვარსკვლავები, გავრცელებული მოსაზრების მიუხედავად, მჯდომარე, უძრავი ცხოველები არ არიან. ზოგიერთ მათგანი საკმაოდ სწრაფია და მათ წუთში ერთი მეტრის დაფარვაც შეუძლიათ.
ზღვის ვარსკვლავები ბილატერალური ცხოველებისგან არიან წარმოშობილნი, შესაბამისად ისინი მათ მსგავსად (მაგალითად, ობობები და კიბოსნაირნი) მოძრაობენ, ანუ ზღვის ვარსკვლავს "წინა" და "უკანა" მხარე გააჩნია.
ისინი გადაადგილებას წებოვანი ნივთიერების საშუალებით ახერხებენ. მათი ფეხები ტალღისებურად მოძრაობს, ფეხების ნაწილი მიწის ზედაპირს ეკვრის, ნაწილი კი პირიქით, რაც საბოლოოდ გადაადგილებით სრულდება.
თუმცა, ზღვის ვარსკვლავები მიწაზე არ უნდა დადიოდნენ. მათ სუნთქვა მხოლოდ წყალში შეუძლიათ. ვიდეოში ასახულ ზღვის ვარსკვლავზე შეგიძლიათ არ იდარდოთ, როგორც ვიდეოს ავტორი აცხადებს, მან ზღვის ვარსკვლავი წყალში მალევე დააბრუნა.
ეს კონკრეტული ზღვის ვარსკვლავი, არ არის გამორიცხული, რომ ახლაც ზღვის ფსკერზე დაიარებოდეს, რადგან მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 35 წელია.
კომენტარები