მეცნიერებმა უძველესი ოთხფეხა ვეშაპი აღმოაჩინეს, რომელსაც ჩლიქები აქვს
მეცნიერებმა აღმოაჩინეს უძველესი ჩლიქებიანი ვეშაპი, რისი საშუალებითაც შევძლებთ უკეთ გავიგოთ, თუ როგორ მოახერხეს დედამიწის ყველაზე დიდი ძუძუმწოვრების, თანამედროვე ვეშაპების წინაპრებმა ხმელეთიდან წყალში გადანაცვლება.
42,6 მილიონი წლის წინანდელი ნამარხი მეცნიერებმა პერუს სანაპიროებთან არსებულ ქანებში იპოვეს.
მისი ფეხების ფორმა და ჩლიქები მიუთითებს, რომ მას ხმელეთზე საკუთარი ოთხმეტრიანი სხეულის ტარება შეეძლო. ხოლო ისეთი ანატომიური თავისებურებები, როგორიც არის ძლიერი კუდი და შემერთებელი აპკით დაკავშირებული თითები ნიშნავს იმას, რომ მას ცურვაც მშვენივრად შეეძლო.
"ვეშაპები ევოლუციის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული მაგალითები არიან. მათ მიწაზე მცხოვრები პატარა ძუძმწოვრებიდან დაიწყეს განვითარება, დღეს კი ოკეანეებში ლურჯი ვეშაპები დაცურავენ. ძალიან საინტერესოა, თუ როგორ დაიპყრეს მათ ოკეანეები", - აცხადებს ლონდონის ეროვნული მუზეუმის ექსპერტი ტრევის პერკი, რომელიც აღნიშნულ კვლევაში ჩართული არ იყო.
ვეშაპების უფრო შორეული, პატარა წინაპრები მეცნიერებს აქამდეც უპოვიათ, თუმცა ეს უახლესი ნამარხი ვეშაპების ევოლუციის მნიშვნელოვან ეტაპს ასახავს, თანაც ის განსაკუთრებით კარგად არის შემონახული.
"ამავე ეპოქის სხვა ნამარხები ფრაგმენტული და არასრულია. ჩვენ მათი გადაადგილების თავისებურებებზე მკაფიო წარმოდგენა არასდროს გვქონია. ახალი ნამარხით ირკვევა, რომ პირველ ვეშაპებს ოკეანეებში ცურვა დღეების, სავარაუდოდ კი კვირების განმავლობაშიც შეეძლოთ, თუმცა ამის პარალელურად მათთვის პრობლემას არც ხმელეთზე გადაადგილება წარმოადგენდა", - აცხადებენ მეცნიერები.
აღმოჩენილ ნამარხს ბასრი კბილები გააჩნია, რაც მიანიშნებს, რომ პირველი ვეშაპები თევზებსა და კიბოსნაირებს ჭამდნენ.
აღსანიშნავია ნამარხის ადგილმდებარეობაც.
ამ დრომდე პირველი ვეშაპების ნამარხები ინდოეთსა და პაკისტანში იყო აღმოჩენილი. მათი ასაკი დაახლოებით 53 მილიონი წელი იყო. ამ დრომდე მეცნიერები მუდამ მსჯელობდნენ, თუ როდის და როგორ გავრცელდნენ ვეშაპები ამერიკის მიდამოებში.
პერუში აღმოჩენილი ნამარხი მიანიშნებს იმაზე, რომ პირველმა ვეშაპებმა სამხრეთ ატლანტიკის ოკეანე გადაცურეს, თანაც მაშინ ორ კონტინენტს შორის არსებული მანძილი დღევანდელზე ორჯერ უფრო მცირე იყო.
ნამარხს კუდის ბოლო რამდენიმე მალა აკლია, რის გამოც რთულია იმის თქმა, ჰქონდა თუ არა ამ ცხოველს კუდის ფარფლი.
ნამარხი მიწიდან 2011 წელს პერუელმა, ფრანგმა, იტალიელმა, ნიდერლანდელმა და ბელგიელმა მეცნიერებმა ერთად ამოიღეს.
ბელგიის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამეფო ინსტიტუტის პროფესორისა და კვლევის მთავარი ავტორის, ოლივერ ლემბერტის თქმით, პირველი ვეშაპები გამრავლებისა და მშობიარობისათვის დიდი ალბათობით ხმელეთზე ბრუნდებოდნენ.
დაახლოებით 41-35 მილიონი წლის წინ კი უკვე გამოჩნდნენ ვეშაპები, რომლებიც სიცოცხლეს სრულად წყალში ატარებდნენ.
კვლევა ჟურნალ Current Biology-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები