ნახეთ: უძველესი ორთავიანი რეპტილიის ნამარხი, რომელიც დინოზავრების დროინდელია
ფოტო: Global Times
იშვიათი ანომალიებით ცხოველებს ზოგჯერ ორი თავი ეზრდებათ. მსგავსი შემთხვევები მილიონობით წლის განმავლობაში ხდებოდა. ამის ერთ-ერთი მაგალითია წლების წინ ჩინელი პალეონტოლოგების მიერ აღწერილი დინოზავრების ეპოქის ორთავიანი ნამარხი.
წყლის მცირე ზვიგენისებრი რეპტილია (Hyphalosaurus) 120 მილიონ წელზე მეტი ხნის წინ ცხოვრობდა. დღეისთვის მისი ათასობით ნამარხია შემორჩენილი, რომელთა შორისაც ყველაზე განსაკუთრებული ორთავიანი ნიმუშია.
"ზედა კიდურის სარტყლიდან ხერხემალი ორად იყოფა. ჩამოყალიბებულია ორი კისერი, რომლებსაც თავის ქალები აქვს", — წერდნენ მკვლევრები 2006 წლის კვლევაში.
ამ ანომალიას ღერძული გაყოფა ეწოდება. ასეთი მდგომარეობა შესაძლოა მაშინ განვითარდეს, როცა ემბრიონი ტყუპებად ჩამოყალიბებას იწყებს, მაგრამ პროცესი არ სრულდება. ეს ანომალია ცხოველებში იშვიათი სულაც არაა. გასულ წლებში ასეთი გველები, კუები, სალამანდრები, ზვიგენები და ირმებიც კი აღმოუჩენიათ.
მართალია, ეს მოვლენა იშვიათად არ ხდება, მაგრამ ცხოველები ამ პრობლემით ძირითადად ბოლომდე ვერ იზრდებიან. სავარაუდოდ, მსგავსი რამ მოხდა ზვიგენისებრ რეპტილიაშიც, რომლის სიგრძეც მხოლოდ 70 მილიმეტრია. ვარაუდობენ, რომ ის ემბრიონი ან ახალშობილი იყო.
კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ამავე ადგილას ცრუ ნამარხებიც აღმოუჩენიათ. მიუხედავად ამისა, ორთავიანი ნიმუში ნამდვილია — ძვლებს თიხის თხელი ფენა ნაწილობრივ ჯერ კიდევ ფარავს; ქვა, რომელზეც იპოვეს, მთელია, მასზე არც ბზარებია და არც წებოს კვალი.
ნამარხი მსგავსი ანომალიის ყველაზე ძველი ცნობილი მაგალითია. ის ადრეული ცარცული პერიოდით თარიღდება. გარდა ამისა, ნიმუში მართლაც დასამახსოვრებელია, რადგან ძირითადად წარსულში არსებული ცხოველების ნამარხების მხოლოდ რაღაც ნაწილებია შემორჩენილი. ასეთი ნიმუშის სრულად შემონახვა იშვიათობაა.
"ეს ორ თავიანი რეპტილია, როგორც ჩანს, სხვა ნამარხებს შორის უნიკალურია", — დაასკვნეს მკვლევრებმა.
კვლევა 2006 წელს გამოცემაში Biology Letters გამოქვეყნდა.

კომენტარები