"კაცები არ ტირიან" — ანუ როგორ აზიანებს სოციალური ნორმები ბიჭებს
აშშ-ში თვითმკვლელობის შემთხვევების 78 პროცენტი კაცებზე მოდის, ჰეროინის გადაჭარბებით დაღუპული ადამიანების 80 პროცენტიც კაცია.
თვითმკვლელობებში, ნივთიერებების მოხმარებასა და მასობრივ ძალადობაში რასისა და ეთნიკურობის მიხედვით გარკვეულ ვარიაციებს ვაწყდებით, თუმცა კაცები ყველა კატეგორიაში მუდმივად ჭარბობენ.
აშშ-ში ბიჭების მიმართ არსებულ მოლოდინებში შევხვდებით ისეთ თემებს, როგორიც არის დომინანტურობა, სისუსტის თავიდან აცილება და ემოციების დამალვა. ეს "წესები" ყველაზე შესამჩნევი მოზარდებშია, ამის ერთ-ერთი მიზეზი კი თანატოლებისგან მიღებული წნეხია.
ბიჭებს თანატოლებისთვის საკუთარი მასკულინობის დამტკიცება მუდმივად უწევთ, ზოგჯერ კი მათ ეს არ გამოსდით. ზოგადად, ბიჭებს სტრესის გადატანის უნარები უფრო ნაკლებად გააჩნიათ.
კვლევები მიუთითებს, რომ სტრესის გასანეიტრალებლად ბიჭები უფრო ხშირად ისეთ მეთოდებს მიმართავენ, როგორიცაა აგრესია, ძალადობა, ნივთიერებების მოხმარება და სხვა.
"კაცები არ ტირიან"
მოლოდინი, რომ ბიჭებს სისუსტე არ შეეფერებათ, სუიციდის შემთხვევების პრევენციას უფრო ართულებს. მოზარდებში ჩატარებული კვლევები მიუთითებს, რომ გოგოები სუიციდზე უფრო ხშირად საუბრობენ, მათ ასევე უფრო მეტად ახასიათებთ არა გადაწყვეტილი თვითმკვლელობა, არამედ სუიციდის მცდელობა, რაც სხვებს შანსს აძლევს, რომ მათ დაეხმარონ. მეორეს მხრივ კი ბიჭებს სუიციდის მცდელობები სიკვდილით უფრო ხშირად სრულდება.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბიჭი თავისი საქციელით მიანიშნებს იმაზე, რომ სუიციდზე ფიქრობს, საზოგადოება ინტერვენციას უფრო იშვიათად ცდილობს.
მაგალითად, 2014 წელს დეტროიტის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლე დეპრესიას ებრძოდა, მისი კლასელები კი მას მხიარულ და კონტაქტურ მეგობრად იცნობდნენ. ერთ დღეს მან ინსტაგრამზე რამდენიმე ფოტო დადო, რომელშიც ის მის უკანასკნელ კერძზე საუბრობდა და საკუთარი პანაშვიდისთვის თმის შეჭრას გეგმავდა. ის ასევე წერდა, რომ სურდა შეემოწმებინა, წყალგაუმტარი იყო თუ არა მისი ხელის საათი. დღის ბოლოს კი ის მანქანით მდინარეში შევიდა და დაიღუპა.
კვლევები მიუთითებს, რომ მოზარდებში სუიციდი არა იმპულსური აქტი, არამედ წინასწარ დაგეგმილი ქმედებაა. მეგობრებმა და ზრდასრულებმა კი მათ მიერ გაცემული მინიშნებები შესაძლოა სერიოზულად არ აღიქვან.
წამლები ჩახუტების ნაცვლად
სხვადასხვა სირთულეებთან გართულების ემოციური მექანიზმების ნაკლებობის გამო ბიჭებში სხვადასხვა მავნე ნივთიერებების მოხმარება უფრო ხშირია, მათზე მიჯაჭვულობისგან თავის დაღწევა კი უფრო რთული. ყველაზე ხშირად გამოყენებული ნივთიერებები კი ოპიოიდებია.
7-12 კლასის მოსწავლეების კვლევით გაირკვა, რომ ოპიოიდების მოხმარების მოტივაცია ხშირად, წესების დარღვევისა და აგრესიული ქმედებების სურვილია, რაც მასკულინობის დამახასიათებელი თვისებებია. ეს კარგი მაგალითებია იმ ქცევებისა, რომლებსაც ბიჭები სოციალურ-ემოციურ პრობლემებთან გასამკლავებლად იყენებენ.
"მე მაგათ ვანახებ..."
ბოლო 50 წლის განმავლობაში მასობრივი მკვლელების 98 პროცენტი კაცი იყო. კვლევებით ირკვევა, რომ სკოლებში განხორციელებულ მასობრივ მკვლელობებში დამნაშავეების უმეტეს ნაწილს სკოლაში ჩაგრავდნენ. უფრო კონკრეტულად კი მათ მასკულინობას ეჭვქვეშ აყენებდნენ.
მასობრივი მკვლელების გაანალიზებით ირკვევა, რომ სკოლებში მათ იმიტომ ჩაგრავდნენ, რომ ისინი წიგნების მოყვარულებად, არაათლეტურებად, არტისტულებად და მორცხვებად მიაჩნდათ.
დაჩაგრული ბიჭებისთვის ძალადობრივი პასუხი ორ მიზანს ემსახურება: ერთი შურისძიებაა, მეორე კი მასკულინობის დამტკიცება.
იმედისმომცემი მომავალი
ბოლო წლებში ქალები უფრო ხშირად ხდებიან მსოფლიო კლასის ათლეტები, პოლიტიკოსები და დიდი კორპორაციების ხელმძღვანელები.
ახლა დროა, რომ საზოგადოებაში მასკულინობის შესახებ არსებული წარმოდგენები შეიცვალოს. ბიჭებს უნდა ვასწავლოთ, რომ "კაცობა" აგრესიის გარდა სხვა ემოციების გამოხატვასაც მოიცავს. ასევე უნდა ვასწავლოთ ის, რომ ძალადობის გარდა არსებობს სტრესთან გამკლავების სხვა ხერხებიც. მათ ისიც უნდა გაითავისონ, რომ ბიჭის მიმართ საზოგადოებაში არსებული წინასწარგანწყობებით შეზღუდულნი არ უნდა იყვნენ.
საბედნიეროდ, ახლა ამ საკითხზე მრავალი ადამიანი მუშაობს. კვლევები აჩვენებს, რომ პროექტები, რომელთა ფარგლებშიც ახალგაზრდა ბიჭებს ასწავლიან, თუ რა გავლენას ახდენს მათზე საზგოადოებაში ჩამოყალიბებული მასკულინური ნორმები, ეფექტიანია და ის მათ ქცევასა და წარმოდგენებზე დადებით გავლენას ახდენს.
აღნიშნულ საკითხზე დღეს რუსთავი 2-ის გადაცემა სხვა შუადღეში ისაუბრეს.
კომენტარები