NASA-ს ხომალდმა მთვარეზე წყლის "მოძრავი" მოლეკულები დააფიქსირა
NASA-ს ხომალდმა Lunar Reconnaissance Orbiter-მა (LRO) მთვარის იმ მხარეს, რომელიც დედამიწისკენაა მომართული წყლის მოძრავი მოლეკულები დააფიქსირა, რაც შესაძლოა სამომავლო პილოტირებული მისიებისთვის დიდი მნიშვნელობის საკითხი იყოს.
მეცნიერებმა მთვარის დღის ციკლზე დაკვირვებისას დააფიქსირეს, როგორ მოძრაობდნენ მის ზედაპირზე წყლის მოლეკულები მთვარის ზედაპირის გაცხელებისას. ამ დრომდე მეცნიერები მიიჩნევდნენ, რომ მთვარეზე წყლის მთავარი წყარო მზიურ ქარში არსებული წყალბადის იონები უნდა ყოფილიყვნენ, ხოლო მთვარესა და მზეს შორის დედამიწის მოხვედრას აღნიშნული წყარო უნდა გადაეკეტა, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ როდესაც დედამიწა მზეს გადაეფარა, LRO-მ მთვარეზე წყლის მოლეკულების რაოდენობის კლება ვერ დააფიქსირა, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ მთვარეზე შესაძლოა წყლის სხვა, უფრო სტაბილური წყაროც არსებობდეს.
ნასას ჯონ ჰოპკინსის გამოყენებითი ფიზიკის ლაბორატორიისა და გოდარდის კოსმოსური ფრენის ცენტრის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევა ჟურნალ Geophysical Research Letters-ში გამოქვეყნდა.
კვლევისათვის მეცნიერებმა LRO-ს ულტრაიისფერი დიაპაზონის სპექტროგრაფი გამოიყენეს, რათა მთვარის ზედაპირიდან არეკლილი ულტრაიისფერი სხივები აღებეჭდათ.
"ეს მთვარეზე არსებული წყლის შესახებ მნიშვნელოვანი სიახლეა, განსაკუთრებით ახლა, როდესაც აშშ მთვარეზე დაბრუნებას გეგმავს. ახლახან ჩვენ LRO-ს ინსტრუმენტების ფუნქციონირების რეჟიმი შევცვალეთ, რამაც მთვარის განათებული მხრიდან არეკლილი ტალღების მაღალი სიზუსტით დაფიქსირების საშუალება მოგვცა", - აცხადებს LRO-ს ულტრაიისფერი სპექტროგრაფის ხელმძღვანელი კურტ რეტერფორდი.
2017 წელს გამოქვეყნდა ბრაუნის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევა, რომელიც მიუთითებდა, რომ მთვარეზე არსებულ ქვებში შესაძლოა მნიშვნელოვანი რაოდენობის წყალი ყოფილიყო.
ამ აღმოჩენამდე მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ მთვარეზე წყლის უმეტესი ნაწილი პოლუსებზე იყო კონცენტრირებული.
ნასას მიერ ახლახან გამოქვეყნებული კვლევით კი ირკვევა, რომ მთვარეზე წყალი შეიძლება იმაზე ხელმისაწვდომი იყოს, ვიდრე აქამდე გვეგონა. ეს კი კარგი სიახლეა, რადგან, რაც უფრო მეტი წყალი იქნება მთვარეზე, მით უფრო ნაკლების წაღება მოგვიწევს დედამიწიდან, რაც დიდ თანხებსა და ენერგიას დაზოგავს.
კომენტარები