ახალმა მედიკამენტმა თაგვებში გრიპის წინააღმდეგ მაღალი ეფექტურობა აჩვენა - კვლევა
გრიპის ვირუსით ყოველწლიურად 650 000 ადამიანი იღუპება, ბევრად მეტი კი ავადდება. აცრის გაკეთების მიუხედავად, რომელიც ორგანიზმს იმ წელს ყველაზე გავრცელებული შტამებისგან იცავს, შესაძლოა თქვენ გრიპის ვირუსის ისეთი შტამით მაინც დაავადდეთ, რომელიც აცრაში გათვალისწინებული არ არის.
რამდენიმე დღის წინ ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა კვლევა, რომლის ფარგლებშიც მეცნიერებმა თაგვებში გრიპის სამკურნალოდ ბუნებრივი ანტისხეულების მსგავსი პატარა მოლეკულები გამოიყენეს.
"თუ 10 წლის წინ მეტყოდით, რომ მსგავსი უნარის მქონე მოლეკულა გვექნებოდა, მე ძალიან გამიკვირდებოდა. აღნიშნული კვლევა ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ერთგვარი დამტკიცებაა იმისა, რომ მსგავსი ტიპის მოლეკულებს ანტისხეულების იმიტირება შეუძლიათ", - აცხადებს სკრიპსის კვლევითი ინსტიტუტის ბიოლოგი და კვლევის თანაავტორი იან უილსონი.
ჯერჯერობით ახალი მედიკამენტის გამოცდა მხოლოდ თაგვებში მოხდა, თუმცა შედეგები დამაიმედებელია. ის თაგვებიც კი, რომლებსაც ორგანიზმში გრიპის ვირუსის მომაკვდინებელი რაოდენობა ჰყავდათ შეყვანილი, ახალი მოლეკულის გამოყენების შემდეგ გადარჩნენ.
ექსპერიმენტის ფარგლებში ახალი მოლეკულა ადამიანის ფილტვის დაინფიცირებულ უჯრედებზეც გამოსცადეს, სადაც ისეთივე შედეგი მიიღეს, როგორიც თაგვებში.
"ეს ძალიან საინტერესო კვლევაა. ჩვენ გრიპის ვირუსთან საბრძოლველად ახალი იარაღები გვჭირდება, აღნიშნული კვლევით კი შესაძლოა ერთ-ერთ ასეთ იარაღს მივაგნოთ", - აცხადებს ვიროლოგი ჯესი ბლუმი.
ის ფაქტი, რომ მოლეკულამ ადამიანის ფილტვის უჯრედების შემთხვევაშიც წარმატებით იმუშავა, აჩენს იმედს, რომ საბოლოოდ შესაძლოა მისი გამოყენება ადამიანებშიც შევძლოთ, ეს ჯერჯერობით შორეული პერსპექტივაა, თუმცა თუ მედიკამენტი ხანგრძლივ და რთულ კლინიკურ ცდებს წარმატებით გაივლის, გრიპის ვირუსთან საბრძოლველად კაცობრიობამ შესაძლოა ახალი, ძლიერი იარაღი შეიძინოს.
კომენტარები