ოკეანის ყველაზე ღრმა წერტილების მონახულება ადვილი რამ არ არის. ასეთ ადგილებს ოკეანეების ფსკერზე არსებულ ღრმულებში ვხვდებით, აქ მცხოვრები ორგანიზმები კი სრულ სიბნელეს, სიცივესა და გამანადგურებელ წნევას არიან შეგუებულნი.

მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ადამიანის გავლენა ამ მიუწვდომელ წერტილებში, 7 000 მეტრის სიღრმეზეც კი იგრძნობა. მეცნიერებმა ოკეანის ექვსი ყველაზე ღრმა წერტილიდან შეგროვებული ორგანიზმების კუჭებში პლასტმასის ნარჩენები იპოვეს.

ნიუკასლის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ოკეანის ექვს სხვადასხვა ღრმულში ზონდი გაგზავნეს. თითოეული ზონდი სხვადასხვა მოწყობილობებითა და ხელსაწყოებით იყო აღჭურვილი, რომლითაც მას გარემოზე დაკვირვება და ნიმუშების აღება შეეძლო.

ფოტო: Jamieson et al., RSOS, 2019

ზონდებმა ღრმულების ფკსერზე არსებული პატარა ცხოველები, კერძოდ ამფიპოდები შეაგროვეს. საბოლოო ჯამში ზონდებმა ექვსი ღრმულიდან 90 პატარა ცხოველი შეაგროვეს, მეცნიერებმა კი მათ საკვების მომნელებელ სისტემაში პლასტმასების ძებნა დაიწყეს. მკვლევარებმა ისიც გაითვალისწინეს, რომ მათ შესაძლოა პლასტმასი ზედაპირისკენ მოგზაურობის დროს გადაეყლაპათ, ამიტომ მათ ცხოველებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხოლოდ ბოლო ნაწილი შეამოწმეს, რითაც ეს შემთხვევა გამორიცხეს.

მათ შეგროვებული ცხოველების 72 პროცენტში პლასტმასის ნარჩენები იპოვეს. ეს საკმაოდ ცუდი შედეგია, თუმცა ეს ყველაფერი არ არის, როგორც აღმოჩნდა, რაც უფრო ღრმა ღრმულში ცხოვრობდნენ ცხოველები, მით უფრო მეტი პლასტმასი იყო მათ ორგანიზმში.

მაგალითად, ახალი ჰებრიდის ღრმულში, რომელიც დაახლოებით 7 000 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს, პლასტმასი, შეგროვებული ამფიპოდების მხოლოდ 50 პროცენტში იყო ნაპოვნი. შედარებისთვის, ჩელენჯერის უფსკრულში, რომელიც 10 890 მეტრის სიღრმეზეა, პლასტმასი შეგროვებული ცხოველების 100%-ში იყო ნაპოვნი.

"კვლევით ირკვევა, რომ ადამიანის მიერ დამზადებული სინთეტური მასალები ისეთ ეკოსისტემებშიც გროვდება, რომლებიც კარგად შესწავლილი არ არის. ჩვენ ისიც არ ვიცით, თუ როგორი იყო ეს რეგიონები დაბინძურებამდე. ეს წყალში არსებული ყველაზე ღრმა ეკოსისტემებია, ჩვენ კი მათში დაბინძურების კვალი აღმოვაჩინეთ. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ოკეანეში არ დარჩა არც ერთი ადგილი, რომელიც ადამიანის მიერ შექმნილი ნივთიერებებით არ დაბინძურებულა ", - აცხადებს ნიუკასლის უნივერსიტეტის მეცნიერი ალან ჯამიესონი.

ერთ წლის წინ მარიანას ღრმულში მეცნიერებმა პლასტმასის პარკიც დააფიქსირეს. ამჟამინდელი კვლევა კი მიუთითებს, რომ ეს ერთეული შემთხვევა არ ყოფილა.

სამწუხარო ფაქტი ისაა, რომ ოკეანეში არსებული ღრმულები ის ადგილია, სადაც დაბინძურება სამუდამოდ რჩება.

"ლოგიკურია, რომ დაბინძურება საბოლოოდ ოკეანის ფსკერს აღწევს. თუ თქვენ მდინარეს დააბინურებთ, ის გაიწმინდება, თუ სანაპიროს დააბინძურებთ, ნაგავს ტალღები ოკეანეში ჩაიტანს, ხოლო როდესაც თავად ოკეანის ყველაზე ღრმა წერტილები ბინძურდება, ნაგავს წასასვლელი აღარსად აქვს", - აცხადებს ჯამიესონი.

ჩვენ არ ვიცით, ზუსტად რა გავლენას ახდენს დაბინძურება ოკეანის ყველაზე ღრმა წერტილებში მცხოვრებ ცხოველებზე, თუმცა, დიდი ალბათობით, ეს დადებითი გავლენა არ იქნება.

პლასტმასის ნარჩენების ორგანიზმში მოხვედრის გამო ხშირად იღუპებიან წყლის კუები, გასულ წელს კი რამდენიმე გამორიყული ვეშაპი დავაფიქსირეთ, რომელსაც კუჭში დიდი რაოდენობით პლასტმასი ჰქონდა.

ამფიპოდებს პლასტმასის მიღებამ შესაძლოა ხელი გადაადგილებაში შეუშალოთ, რის გამოც მათ მტაცებლები უფრო ადვილად დაიჭერენ. ოკეანის ღრმა რეგიონებში საკვები ისედაც იშვიათია, რომელიმე სახეობის ბუნებრივი ბალანსის დარღვევამ კი შესაძლაო ჯაჭვური რეაქცია გამოიწვიოს და მთელი ეკოსისტემა მწყობრიდან გამოიყვანოს.

2017 წელს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, 1950-იანებიდან 2015 წლამდე კაცობრიობამ 8,3 მილიარდი მეტრული ტონა პლასტმასი აწარმოა. აქედან 6,3 მილიარდი ტონა კი ახლა, კარგ შემთხვევაში, ნაგავსაყრელებზე, ცუდ შემთხვევაში კი ბუნებაშია მიმოფანტული.

ყველაზე სამწუხარო ამბავი ის არის, რომ ჩვენ არც კი ვიცით, თუ როგორი იყო მარიანას ღრმული დაბინძურებამდე.

კვლევა ჟურნალ Royal Society Open Science-ში გამოქვეყნდა.