არქეოლოგის თქმით, მან პირამიდების უზუსტესი განლაგების საიდუმლო ამოხსნა
უკვე მრავალი საუკუნეა, რაც გიზის პირამიდები მეცნიერთათვის დიდი თავსატეხის წყაროა, გაკვირვებას არა მარტო მათში არსებული გაურკვეველი წარმოშობის ღრუები და დამალული დარბაზები, არამედ ის ფაქტიც იწვევს, რომ ეგვიპტელებმა ასეთი შთამბეჭდავი ნაგებობები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე ააშენეს.
ყველაზე რთულად ასახსნელი საკითხი კი ისაა, თუ როგორ შეძლეს ეგვიპტელებმა პირამიდების განლაგება ასეთი მაღალი სიზუსტით. მიუხედავად იმისა, რომ ხეოფსის პირამიდის ერთ-ერთი მხარე, მშენებლების მიერ დაშვებული შეცდომის გამო, დანარჩენებთან შედარებით ცოტათი უფრო გრძელია, პირამიდის კუთხეები ჰორიზონტის ოთხივე მთავარ წერტილს იდეალურად ემთხვევა.
"ხეოფსის პირამიდის მშენებლებმა ნაგებობა ჩრდილოეთის, სამხრეთის, აღმოსავლეთისა და დავლეთის წერტილებს თითქმის იდეალურად გაუსწორეს, ცდომილება მხოლოდ გრადუსის ერთი მეთხუთმეტედია", - აცხადებს არქეოლოგი და ინჟინერი გლენ დეში.
გლენ დეში აცხადებს, რომ მაღალი სიზუსტის მიუხედავად, ამ სამივე პირამიდის მშენებლობისას ზუსტად ერთი და იგივე პატარა შეცდომაა დაშვებული, სამივე პირამიდა საათის მიმართულების საწინააღმდეგოდ მცირედითაა მოტრიალებული.
არსებობს უამრავი ჰიპოთეზა, რომელიც ცდილობს ახსნას, თუ როგორ ააგეს ეგვიპტელებმა პირამიდები, მაგალითად, ჩრდილოეთის ვარსკვლავის ან მზის ჩრდილის გამოყენებით, თუმცა ჯერჯერობით ზუსტი მეთოდის შემუშავება ვერავინ შეძლო.
2018 წელს დეშს ახალი, უფრო მარტივი იდეა მოუვიდა. მისი ახლანდელი კვლევა მიუთითებს, რომ ეგვიპტელებს 5 400 წლის წინ პირამიდების ზუსტად გასანთავსებლად შესაძლოა შემოდგომის ბუნიაობა გამოეყენებინათ.
ბუნიაობა წელიწადში ორჯერ დგება და ის ეწოდება მომენტს, როდესაც ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსები მზიდან თანაბარი მანძილითაა დაშორებული, ამ დროს დედამიწაზე დღისა და ღამის ხანგრძლივობა ერთმანეთს უტოლდება.
წინამორბედ კვლევებში ბუნიობას დიდი ყურადღება არ ექცეოდა, რადგან მიჩნეული იყო, რომ მისი საშუალებით მაღალი სიზუსტის მიღება ვერ მოხერხდებოდა. თუმცა, დეში თვლის, რომ სპეციალური ასტრონომიული ხელსაწყოს, კერძოდ, გნომონის გამოყენებით ეს შესაძლებელი უნდა ყოფილიყო.
ამ ყველაფრის გასარკვევად დეშმა კვლევა თავად ჩაატარა, ექსპერიმენტი 2016 წლის შემოდგომის ბუნიაობის პირველ დღეს, 22 სექტემბერს დაიწყო, ამ დროს მან ჩრდილის შესაქმნელად გნომონი გამოიყენა.
ის ჩრდილის გადაადგილებას რეგულარულად აკვირდებოდა და მის პოზიციას მიწაზე ნიშნავდა, დღის ბოლოს კი მონიშნული წერტილებით მოღუნული ხაზი შეიკრა. დეშმა მიღებული ორი წერტილი ძაფით შეაერთა და პრაქტიკულად იდეალური ხაზი მიიღო, რომელიც აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ გრძელდებოდა.
ამ ხერხს ზოგჯერ ინდური რგოლის მეთოდსაც უწოდებენ, ქვემოთ მოცემულ ანიმაციაში უკეთ ჩანს, თუ როგორ მუშაობს ის.
"ბუნიაობის დროს ჩრდილი სწორ, თითქმის იდეალურ ხაზს ქმნის", - აცხადებს დეში.
მან ასევე აჩვენა, რომ აღნიშნული მეთოდი ოდნავ არაზუსტია, ხაზი მცირედით, მაგრამ საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით ოდნავ მაინც არის გადახრილი, რაც პირამიდების განლაგებაში არსებულ ცდომილებას ემთხვევა.
ექსპერიმენტი დეშმა აშშ-ში, კონექტიკუტის შტატში ჩაატარა, თუმცა ის აცხადებს, რომ იგივე მეთოდი ეგვიპტეშიც უპრობლემოდ იმუშავებს.
დეშის თქმით, ეგვიპტელებს შემოდგომის ბუნიაობის თარიღის გამოთვლა ზაფხულის ნაბუნიობიდან (ყველაზე გრძელი დღე) 91 დღის გადათვლით შეეძლოთ.
ეს კვლევა მიუთითებს, რომ ამ მეთოდის გამოყენება პირამიდების ასაგებად ნამდვილად შესძლებელია, თუმცა, ჩვენ კვლავ არ გვაქვს მტკიცე ფაქტები იმისა, რომ ეგვიპტელებმა მაინც და მაინც ეს ხერხი გამოიყენეს.
"ეგვიპტელებმა ჩვენ ძალიან ცოტა ინფორმაცია დაგვიტოვეს. არ არის ნაპოვნი არც ერთი არქიტექტურული ან საინჟინრო დოკუმენტი ან ნახაზი, რომელიც დაგვეხმარება, მივხვდეთ, თუ როგორ აშენებდნენ ისინი პირამიდებს", - აცხადებს დეში.
ჩვენ შესაძლოა დაზუსტებით ვერასდროს გავიგოთ, რა მეთოდს იყენებდნენ ეგვიპტელები, თუმცა ეს კონკრეტული კვლევა გვაჩვენებს, რომ პირამიდების პოზიციების შესარჩევად შესაძლოა ასეთი მარტივი, მაგრამ ჭკვიანური მეთოდიც ყოფილიყო გამოყენებული.
კვლევა The Journal of Ancient Egyptian Architecture-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები