ვენერასკენ გაშვებული წარუმატებელი ხომალდი შესაძლოა მალე დედამიწაზე ჩამოვარდეს
ადამიანის ქმედებების შედეგად დედამიწის ორბიტაზე უამრავი მიტოვებული ნარჩენია, მათი უმეტესობა საკმაოდ პატარა ზომისაა, თუმცა ზოგჯერ შედარებით უფრო დიდ ნარჩენებსაც ვაწყდებით.
ამ შემთხვევაში კი საუბარი Kosmos 482-ზეა, ეს საბჭოთა კოსმოსური ხომალდია, რომელიც 1972 წლის 31 მარტს გაეშვა. მისი სამიზნე ვენერა იყო, თუმცა, როდესაც ხომალდს დედამიწის ორბიტა უნდა დაეტოვებინა, ის მოულოდნელად აფეთქდა და ნაწილებად დაიშალა.
ხომალდის ფრაგმენტების ნაწილი დედამიწაზე აფეთქებიდან რამდენიმე თვეში ჩამოვარდა, თუმცა, ხომალდის კომპონენტების უმეტესობა კვლავ ორბიტაზეა, მათ შორისაა დაშვების 495-კილოგრამიანი მოდული. წინასწარი გათვლებით მოდული დედამიწის ატმოსფეროში 2023-დან 2025 წლამდე უნდა შემოსულიყო, თუმცა ამ თარიღმა შესაძლოა გადმოიწიოს და ხომალდი დედამიწის ატმოსფეროს ზედა ფენებს ბევრად უფრო მალე, თუნდაც წელს შეეჯახოს.
დაშვების მოდული წლების განმავლობაში დედამიწას სტაბილურად უახლოვდებოდა. აღსანიშნავია, რომ ორბიტაზე მომხდარმა აფეთქებამ აღნიშნული მოდული უფრო მაღალ ორბიტაზე აისროლა, თუმცა მისი ტრაექტორია კვლავ დაქანებულია, რის გამოც ხომალდი საბოლოოდ მაინც დედამიწაზე ჩამოვარდება.
ამჟამად მოდული ელიფსურ ორბიტაზეა, რომლის ფარგლებშიც ის დედამიწას 2 409 კილომეტრის მანძილზე შორდება, შემდეგ კი 209 კილომეტრზე უახლოვდება. ახლა მოდულს ორბიტაზე დასარჩენად საკმარისი სიჩქარე აქვს, თუმცა ხომალდის ორბიტა დეგრადაციას განიცდის და მასზე დედამიწის მიზიდულობის გავლენაც იზრდება.
საინტერესო ისაა, რომ დაშვების მოდული ერთი მიზნით იყო შექმნილი, ის ვენერას წარმოუდგენლად ცხელ ატმოსფეროში უნდა შესულიყო და მის ზედაპირზე დაშვებულიყო, რაც ნიშნავს იმას, რომ ხომალდი დედამიწაზე დაშვებას უპრობლემოდ შეძლებს.
"ნამდვილად ასეა, დაშვების მოდული დედამიწის ატმოსფეროში შემოსვლისას წარმოქმნილ მაღალ ტემპერატურებს თავისუფლად გაუმკლავდება. სახალისო იქნება, თუ დაშვების პროცესში მისი პარაშუტიც გააქტიურდება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ხომალდზე არსებული ელემენტები უკვე დიდი ხანია დაჯდა. ამიტომ პარაშუტს არ უნდა ველოდოთ", - აცხადებს თანამგზავრების ენთუზიასტი ტომას დორმანი.
ჩვენ ვიცით, რომ ხომალდი დედამიწაზე უპრობლემოდ დაეშვება. Kosmos 482-ს მეწყვილე ხომალდი, Venera 8 ჰყავდა, რომელიც ოთხი დღით ადრე გაეშვა. Venera 8 პლანეტა ვენერაზე, რომლის ზედაპირზეც ტემპერატურა 462 ცელსიუსს აღწევს, წარმატებით დაეშვა. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. ხომალდმა ვენერას ზედაპირზე 50 წუთის განმავლობაში გაძლო და სხვადასხვა დაკვირვებებიც აწარმოა.
შესაბამისად, Kosmos 482 შესაძლოა დეადმიწასთან შეჯახებისას განადგურდეს, თუმცა შეჯახების მომენტამდე ხომალდი დიდი ალბათობით უვნებელი მიაღწევს.
დორმანის თქმით, დასაშვებ მოდულს შესაძლოა ხომალდის სხვა ნაწილები კვლავ მიერთებული ჰქონდეს. ორბიტაზე არსებულ ხომალდზე დაკვირვებისას დორმანმა სინათლის ანარეკლები დააფიქსირა, ეს კი ნიშნავს, რომ დამშვები მოდული ხომალდის სხვა ნაწილებისგან სრულად გამოცალკევებული არ არის.
დორმანი ვარაუდობს, რომ ხომალდი დედამიწაზე წელს, ან მომავალ წელს ჩამოვარდება.
რთული სათქმელია, შეიცავს თუ არა საფრთხეს ხომალდი. კოსმოსური ნარჩენების უმეტესობა, რომელიც ატმოსფეროში არ იწვება, ოკეანეში ვარდება, რაც ლოგიკურია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენი პლანეტის უმეტესი ნაწილი ოკეანითაა დაფარული.
ამჟამად არ გვაქვს არანაირი მექანიზმი, რომლითაც შევძლებთ გავაკონტროლოთ, თუ სად ჩამოვარდება დედამიწის ორბიტაზე მოხეტიალე ხომალდი.
არ არის ცნობილი არც ერთი დადასტურებული შემთხვევა, როცა დედამიწაზე ჩამოვარდნილმა ობიექტმა ადამიანის დაღუპვა გამოიწვია, რის საფუძველზეც ვვარაუდობთ, რომ ეს საკითხი ნერვიულობად დიდი ალბათობით არ ღირს.
კომენტარები