მიუხედავად ბოლო დროს ქვეყანაში გადადგმული პოზიტიური ნაბიჯებისა, ატმოსფერული ჰაერის დაცვის კუთხით ვითარება კვლავ მძიმეა, რასაც მრავალი გარემოება განაპირობებს. ამის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც საქართველოში ჰაერის დაბინძურების ხარისხსა და ამ კუთხით არსებულ გამოწვევებს მიმოიხილავს.

ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებლები

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში ატმოსფერული ჰაერის მნიშვნელოვანი დამაბინძურებლებია:

  • გოგირდის დიოქსიდი;
  • აზოტის დიოქსიდი;
  • აზოტის ოქსიდები;
  • ნახშირბადის მონოქსიდი;
  • მიწისპირა ოზონი;
  • მტვრის მცირე ზომის მყარი ნაწილაკები.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გოგირდის დიოქსიდის გაფრქვევის ძირითადი წყარო გოგირდშემცველი საწვავის წვაა. გაფრქვევები ძირითადად მაზუთზე ან ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურებიდან, საქვაბეებიდან, მეტალურგიული საწარმოებიდან, გოგირდის მაღალი შემცველობის საავტომობილო საწვავის მოხმარებიდან ხდება.

აზოტის დიოქსიდების გაფრქვევის ძირითადი წყაროა ავტომობილების გამონაბოლქვი, ბუნებრივი აირის ნამწვი, თბოელექტროსადგურების გამონაბოლქვი, ნარჩენების წვის დროს წარმოქმნილი კვამლი და ა.შ. აღსანიშნავია, რომ დიზელის მოხმარების შედეგად უფრო დიდი რაოდენობის აზოტის დიოქსიდი იფრქვევა, ვიდრე საწვავის მოხმარების შედეგად.

ფოტო: სახალხო დამცველი

ნახშირბადის მონოქსიდი საწვავის არასრული წვისას წარმოიქმნება. გაფრქვევის ძირითადი წყაროა ნავთობისა და ქვანახშირის წვა, მეტალურგიული წარმოება, ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვი შიდაწვის ძრავის გაუმართაობის შედეგად.

მიწისპირა ოზონი ჰაერში პირდაპირ არ გაიფრქვევა. მისი ფორმირების პროცესი კომპლექსურია და დამოკიდებულია მზის სინათლეზე, გეოგრაფიულ ფაქტორებსა და პირველად დამაბინძურებლებზე. ანთროპოგენული გაფრქვევებისა და ფოტოქიმიური რეაქციების შედეგად წარმოქმნილი ოზონის კონცენტრაციის მატება ატმოსფეროს ქვედა ფენებში შეინიშნება ზაფხულის პერიოდში დღის სინათლეზე. ჰაერში არსებული ოზონისა და პირველადი დამაბინძურებლების რაოდენობრივი თანაფარდობა მერყეობს ადგილმდებარეობის, სეზონისა და ტემპერატურის შესაბამისად.

მყარი ნაწილაკები უმნიშვნელოვანესი დამაბინძურებელია, რომელიც თავისი ქიმიური შემადგენლობით, ზომითა და წარმოშობით განსხვავებულია. გაფრქვევების წყაროებია ავტოტრანსპორტი, სამრეწველო პროცესები, ნარჩენების ინსინერაცია/დაწვა, სოფლის მეურნეობა და სხვა სახის ანთროპოგენული მტვერი.

ომბუდსმენის ცნობით, თითოეული ხსენებული დამაბინძურებელი მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული სიკვდილიანობისა და ავადობის მაჩვენებელთან, თუმცა მყარი ნაწილაკები გაცილებით მავნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ვიდრე სხვა ნებისმიერი ნივთიერება.

მტვრის მყარი ნაწილაკები შედგება ჰაერში მოხვედრილი ორგანული და არაორგანული ნივთიერებების მყარი და თხევადი ნაწილაკების რთული ნარევისგან. მათი მთავარი კომპონენტებია სულფატები, ნიტრატები, ამიაკი, ნატრიუმის ქლორიდი, შავი ნახშირბადი, მინერალური მტვერი და წყალი.

მტვრის მყარი ნაწილაკების დიფერენციაცია ხდება ფრაქციებად, მათი ზომის შესაბამისად. ყველა მცირე მტვრის ნაწილაკები ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიშად მიიჩნევიან. მათ შესწევთ უნარი, შეაღწიონ ბრონქიოლების პერიფერიულ უბნებში და შეაფერხონ ჰაერცვლა.

საქართველოში ჰაერს ასევე აბინძურებს ისეთი მავნე ნივთიერებებიც, როგორებიცაა აქროლადი ორგანული ნაერთები და ამიაკი. აქროლადი ორგანული ნაერთების გაფრქვევის წყაროა ქიმიკატები, გამხსნელები და საწვავი. ამიაკის გაფრქვევა კი, სოფლის მეურნეობისა და ნარჩენების მართვასთან არის დაკავშირებული.

ჰაერის დამაბინძურებლების გავლენა ჯანმრთელობაზე

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება სიკვდილიანობის და დაავადებათა გამომწვევი ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია. 2016 წელს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება მსოფლიოს მასშტაბით 4,2 მილიონი ადამიანის ნაადრევი სიკვდილის მიზეზი გახდა.

ჰაერში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაცია არის სიმსივნეების, ინსულტის, გულ-სისხლძარღვთა, რესპირატორული და სხვა სახის დაავადებების გამომწვევი მიზეზი.

ფოტო: ევროპის აუდიტორთა სასამართლო (ECA), ჰაერის დაბინძურება: ჩვენი ჯანმრთელობა
კვლავ არასაკმარისად არის დაცული, სპეციალური ანგარიში, 2018.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 2018 წლის მონაცემებით, ჰაერის დაბინძურებასთან ასოცირებული სიკვდილიანობის მიხედვით, საქართველო 70-ე ადგილზეა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ცნობით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ საქართველოსთვის მოწოდებული გათვლების შესაბამისად, მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ჰაერის დაბინძურებასთან ასოცირებულმა გაერთიანებულმა მავნე ზემოქმედებამ, 2016 წელს განაპირობა 6845 სიკვდილის შემთხვევა.

აღნიშნული მაჩვენებელი დაავადებათა მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

ფოტო: ჰაერის დაბინძურებასთან ასოცირებული სიკვდილის შემთხვევები, 2016 წ

აღსანიშნავია, რომ ჰაერის დაბინძურებასთან ასოცირებულ გულ-სისხლძარღვთა, რესპირატორულ დაავადებებს და სიმსივნეებს უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოში მზარდი ხასიათი აქვს. ხოლო არაგადამდები დაავადებები კვლავ რჩება სიკვდილიანობის უმთავრეს მიზეზად.

ამასთან, ვაშინგტონის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის გაზომვების და შეფასების ინსტიტუტის მიერ ჩატარებული დაავადებათა გლობალური ტვირთის შეფასების მიხედვით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და წამყვანი რისკ-ფაქტორების ნუსხაში ჰაერის დაბინძურებას მე-5 ადგილი უჭირავს.

"მიუხედავად ამისა, ქვეყანაში არ მიმდინარეობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული პარამეტრების მიხედვით ჰაერის დაბინძურების ზუსტი გავლენის შეფასება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, რის უმთავრეს მიზეზადაც ჰაერის ხარისხის მონიტორინგის არსებული სისტემა სახელდება, რომელიც ჰაერის დაბინძურების სრულფასოვან სურათს არ იძლევა", — ნათქვამია სახალხო დამცველის კვლევაში.

ჰაერის ხარისხის მონიტორინგის პრობლემა

სახალხო დამცველის ანგარიშით, პრობლემურია, რომ ქვეყანაში ჰაერის დაბინძურების ზუსტი გავლენა მოსახლეობის ჯანმრთელობაზე არ ფასდება, რის უმთავრეს მიზეზადაც ჰაერის ხარისხის მონიტორინგის არსებული სისტემა სახელდება.

კერძოდ, ჰაერის დაბინძურებას 6 ქალაქში განთავსებული 10 სადამკვირვებლო სადგური სწავლობს, რაც ქვეყნის მასშტაბით სრულფასოვან სურათს არ იძლევა; არ არის ინტეგრირებული მოდელირების სისტემა; არ იზომება ჰაერში ყველა იმ მავნე ნივთიერების კონცენტრაცია, რომელთა ნორმებსაც კანონმდებლობა განსაზღვრავს. მაგალითად, დარიშხანი, კადმიუმი, ვერცხლისწყალი, ნიკელი და ბენზ(ა)პირენი ან სხვა პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადები.

ამ მხრივ მნიშვნელოვანია, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე დაბინძურებული ჰაერის შეფასების პროგრამის ასამოქმედებლად მუშაობს.

დაბინძურების წყაროები

საქართველოს კანონმდებლობა ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურებას სტაციონარულ, მობილურ და დისპერსიულ წყაროებს უკავშირებს

სტაციონარული წყარო — კაპიტალურად, უძრავად დამონტაჟებული დანადგარი ან შენობა-ნაგებობა, რომელიც აღჭურვილია სპეციალური გასაფრქვევი მოწყობილობით ან რომელსაც, ტექნოლოგიური პროცესის თავისებურებებიდან გამომდინარე, არ გააჩნია სპეციალური გასაფრქვევი მოწყობილობა.

მობილური წყაროები — სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებები.

დისპერსიული წყაროები — მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა სპეციალური გასაფრქვევი მოწყობილობების გარეშე, მათ შორის, ნაყარების განლაგებისა და ექსპლუატაციის დროს, ნაგავსაყრელების ექსპლუატაციის დროს, შხამქიმიკატების, მინერალური სასუქებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სხვა პრეპარატების შენახვის, ტრანსპორტირებისა და გამოყენების დრო.

გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, დაბინძურების ყველაზე მთავარი წყაროებია: ტრანსპორტი, მრეწველობა, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობის სექტორები.

ტრანსპორტი

ფოტო: Toa55 / Shutterstock

ომბუდსმენის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ქვეყნის სატრანსპორტო სექტორში მდგომარეობას ავტოპარკის ყოველწლიური ზრდა და მოძველებული ავტომანქანების დიდი რაოდენობა. ავტოპარკის 45 პროცენტზე მეტი 20 წელზე ძველია. 2019 წლიდან ამოქმედდა სრულად ტექდათვალიერება, თუმცა ინსპექტირება არ ითვალისწინებს ავტომანქანის გამონაბოლქვ აირებში ძირითადი დამაბინძურებლების, და უმთავრესად, აზოტის დიოქსიდისა და მყარი ნაწილაკების შემცველობის კონტროლს, რაც სისტემის მნიშვნელოვანი სისუსტეა.

შსს–ს არ აქვს ისეთი მანქანების გამოვლენის ეფექტური მექანიზმი, რომელთაც, ერთჯერადი ხელოვნური ჩარევის შედეგად, გავლილი აქვს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, თუმცა მაინც აფრქვევს მავნე ნივთიერებებს.

დედაქალაქში ეტაპობრივად ხდება მუნიციპალური ტრანსპორტის ახლით ჩანაცვლება. ომბუდსმენ აღნიშნავს, რომ ავტობუსები მოიხმარს დიზელის საწვავს, რომლის ხარისხიც საქართველოში არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტს და ტექნიკური გამართულობის მიუხედავად, დაბინძურების საფრთხეს ქმნის.

საწვავის ხარისხი

ფოტო: Shutterstock

სახალხო დამცველის კვლევაში საწვავის ხარისხზე განხორციელებული მონიტორინგიცაა განხილული. ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს სინჯები აიღეს და შეაფასეს მხოლოდ 9 ავტოგასამართი სადგური, ხოლო 2017 წელს - 18 სადგური, რაც ძალიან მცირე რიცხვია.

"მართალია, 2018 წელს შემოწმდა 143 ავტოგასამართი სადგური, თუმცა მათგან 136 ობიექტიდან აღებული იქნა მხოლოდ ბენზინის სინჯები და მასში მხოლოდ ტყვიის შემცველობა განისაზღვრა. ამდენად, არც გასულ წელს ჩატარებული მონიტორინგი შეიძლება იქნეს მიჩნეული ეფექტური ზედამხედველობის ფორმად", — ვკითხულობთ ანგარიშში.

მშენებლობა

ფოტო: განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

სამშენებლო პროცესში მყარი ნაწილაკების ჰაერში გაფრქვევას განაპირობებს ისეთი საქმიანობები, როგორებიცაა: დემონტაჟი, ბეტონის, ბურღვა, ქვიშის დაყრა, შედუღება, შეუფუთავი სამშენებლო მოედნებიდან მტვრის გაფრქვევა და სხვა.

"სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით უმოკლეს ვადებში გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები და მოხდეს ერთის მხრივ ამ პროცესის მკაცრი რეგულირება და მეორეს მხრივ დადგინდეს მკაცრი პასუხისმგებლობა ამ წესების დარღვევისათვის", — ნათქვამია ანგარიშში.

სახალხო დამცველის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ რისკების შემცირებას ხელს უწყობს მწვანე ურბანული სივრცეები, ერთ სულ მოსახლეზე გამწვანების მაჩვენებელი ქუთაისში დაახლოებით 8 მ²-ს შეადგენს, ბათუმსა და რუსთავში 5-6 მ²-ს, თბილისში კი დღემდე არ არის განსაზღვრული. ევროპის განვითარებულ ქვეყნებში ერთ სულ მოსახლეზე გამწვანების მაჩვენებელი ძირითადად 25 მ²-ს აღემატება.

ომბუდსმენი წერს, რომ ატმოსფერული ჰაერის დაცვის კუთხით საქართველოში არსებული კანონმდებლობა სათანადოდ ვერ პასუხობს ამ თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებს. შედეგად, ქვეყანაში ვერ ხერხდება დაბინძურების მიზეზებისა და მისი შედეგების სიღრმისეულ ანალიზი და შესაბამისად, ჰაერის დაბინძურების შემცირებისთვის ეფექტიანი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ხარვეზები არსებობს მოქმედი გარემოსდაცვითი რეგულაციების აღსრულების მიმართულებითაც.

"ამდენად, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირებისა და პრევენციისთვის, აუცილებელია, არსებული მონაცემებისა და საუკეთესო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე, დროული და ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას როგორც საკანონმდებლო, ისე პოლიტიკის დონეზე", — აღნიშნულია კვლევაში.

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირებისა და პრევენციისთვის სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს, მთავრობას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და თბილისის მუნიციპალიტეტს – როგორც საკანონმდებლო, ისე პოლიტიკის დონეზე, დროული და ქმედითი ღონისძიებების განხორციელების რეკომენდაციებით მიმართა.