კვლევა: ქალის ტვინი კაცისაზე ოთხი წლით ახალგაზრდაა
აშშ-ში ჩატარებული კვლევით მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ქალების ტვინები კაცებისაზე დაახლოებით ოთხი წლით უფრო ახალგაზრდაა, ყოველ შემთხვევაში, მეტაბოლური ასაკით მაინც.
აღნიშნული განსხვავება თავს პირველად სრულწლოვნობისას იჩენს და ის დიდ ასაკშიც ფიქსირდება.
კვლევით ირკვევა, რომ ის მექანიზმები, რომლითაც ტვინი ენერგიის ათვისებასა და გამოყენებას ახდენს ქალებში უფრო ნელა იცვლება. მკვლევარები ჯერჯერობით დარწმუნებულნი არ არიან, რა ეფექტი შეიძლება ჰქონდეს ამას ადამიანის გონებრივ მდგომარეობაზე. თუმცა, ამით შეიძლება უკეთ აიხსნას, რატომ ინარჩუნებენ ქალები, კაცებთან შედარებით, გონებრივ სისხარტეს უფრო დიდი ხნის განმავლობაში.
"ტვინის მეტაბოლიზმი ასაკთან ერთად იცვლება, თუმცა, როგორც აღმოვაჩინეთ, განსხვავებების დიდი ნაწილი სქესითაა განპირობებული. თუ ადამიანების ასაკს მხოლოდ მათი ტვინის მეტაბოლური ასაკით განვსაზღვრავდით, ვნახავდით, რომ ქალებისათვის გამოთვლილი "მეტაბოლური ასაკი" მათ რეალურ ასაკზე დაახლოებით ოთხი წლით ნაკლებია", - აცხადებს ვაშინგტონის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ნეირობიოლოგი მარკუს რაიქე.
მეცნიერებმა ექპსერიმენტში მონაწილე ადამიანთა ტვინების სკანირება პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფიით მოახდინეს, რომელიც ტვინში ჟანგბადისა და გლუკოზის გადაადგილებას აფიქსირებს. სკანირებით ირკვეოდა, თუ როგორ გარდაქმნიდა ტვინის სხვადასხვა უბანი გლუკოზას ენერგიად.
პატარა ბავშვებისა და მცირეწლოვანთა ტვინში აერობული გლიკოლიზი მიმდინარეობს, რაც ტვინის განვითარებისა და ჩამოყალიბებისათვის აუცილებელია. ზრდასრულ ადამიანებში ეს პროცესი უფრო იშვიათად გვხვდება, მოხუცებში ის კიდევ უფრო იკლებს, დაახლოებით 60 წლის ასაკში კი ის ყველაზე დაბალ ნიშნულს აღწევს.
იმის გასარკვევად, თუ როგორ განსხვავდებოდა ტვინის მეტაბოლიზმი კაცსა და ქალში, მეცნიერებმა კომპიუტერული ალგორითმი შექმნეს, რომელიც ტვინის სკანირების საფუძველზე ადამიანების რეალური ასაკის დადგენას ცდილობდა. თავდაპირველად მეცნიერებმა ალგორითმს კაცების ასაკის დადგენა მათი სკანირებული ტვინების საფუძველზე ასწვლეს.
მნიშვნელოვანი განსხვავება კი მეცნიერებმა მაშინ აღმოაჩინეს, როდესაც მათ აღნიშნული ალგორითმით ქალის ტვინები გააანალიზეს. პროგრამა კაცების ასაკს სწორად ადგენდა, ხოლო ქალების გამოთვლილი ასაკი რეალურ ასაკზე 3,8 წლით უფრო ნაკლები იყო.
შემდეგ მეცნიერებმა ალგორითმი შეაბრუნეს. ქალთა ტვინებზე დაყრდნობით მას ქალის ასაკის გამოცნობა ასწვლეს, ხოლო როდესაც ამ ალგორითმს კაცის ტვინები გააანალიზებინეს, გამოთვლილი ასაკი რეალურზე დაახლოებით 2,4 წლით უფრო მეტი იყო. მექანიზმი, რომლითაც კაცების ტვინი გლუკოზას იყენებს, კაცებს უფრო ასაკოვანად წარმოაჩენდა.
"რა განაპირობებს ამას? ეს ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვაა", - აცხადებს რაიქე.
მკვლევარების თქმით, ამის ახსნა უბრალო ჰორმონალური განსხვავებებით ვერ მოხდება, ქალებში განსხვავებული მეტაბოლიზმი მენოპაუზის შემდეგადაც ნარჩუნდება.
აღნიშნული განსხვავების ეფექტი ჯერჯერობით გაურკვეველია. მეცნიერებს სურთ გაარკვიონ, ახდენს თუ არა ტვინის გარკვეულ უბნებში გლუკოზის დაბალი მეტაბოლიზმი გავლენას მეხსიერებაზე, ან თამაშობს თუ არა ის როლს ნეიროდეგენერაციული დაავადებების განვითარებაში.
"კაცები, ქალებთან შედარებით, დაახლოებით სამი წლით უფრო გვიან ყალიბდებიან და ეს განსხვავება, როგორც ჩანს, მეტაბოლური ასაკის თვალსაზრისით მთელი ცხოვრების განმავლობაში შესამჩნევი რჩება. ამჟამად არ ვიცით, რას შეიძლება ნიშნავდეს ეს, ჩემი ვარაუდით, ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ქალებს ასაკში გონებრივი შესაძლებლობების კლება უფრო ნაკლებად აწუხებთ", - აცხადებს კვლევის ავტორი მანი გოიალი.
კომენტარები