აღმოაჩინეს ტვინის ის მექანიზმები, რომლებიც LSD-ს ეფექტს განაპირობებენ
კვლევის ფარგლებში, მოხალისეების ჯგუფმა მეცნიერული პროგრესისა და კაცობრიობის ცოდნის გასაღრმავებლად LSD მიიღო, რათა მეცნიერებს თავის ტვინის იმ მექანიზმების ამოცნობაში დახმარებოდნენ, რომლებიც ამ ნივთიერების გავლენას განაპირობებს.
LSD-ს ეფექტის ქვეშ მყოფი ადამიანების თავის ტვინის სკანირებისას, მეცნიერებმა ტვინის გარკვეულ უბნებში სიგნალების გადაჭარბებული რაოდენობა დააფიქსირეს. ამ უბნებში, ჩვეულებრივ, სიგნალები მხოლოდ გაფილტვრის შემდეგ ხვდება.
LSD-ს გავლენის ქვეშ თალამუსიდან უკანა ქამრისებრ ქერქსა და საფეთქლის წილში დიდი რაოდენობის ინფორმაცია მიემართებოდა. თალამუსი ინფორმაციის ფილტრად ხშირად მოიხსენიება ხოლმე. მეცნიერების თქმით, LSD-სთვის დამახასიათებელ შეგრძნებებს ინფორმაციის გადაცემის გაძლიერება და შემაკავებელი "ფილტრების" მოშლა იწვევს.
კვლევისათვის მეცნიერებმა 25 ჯანმრთელი ადამიანი ლაბორატორიაში მიიწვიეს, სადაც ერთ შემთხვევაში მათ LSD უნდა მიეღოთ, მეორე შემთხვევაში კი — პლაცებო.
მეცნიერებს სურდათ გადაემოწმებინათ ჰიპოთეზა, რომელიც ამბობს, რომ LSD-ს მიღების შემდეგ თალამუსიდან ტვინის სხვა უბნებში გადაცემული ინფორმაციის გაფილტვრა აღარ ხდება. სწორედ ამ ფილტრის მოშლა განაპირობებს იმ უცნაურ ეფექტებს, რომლებსაც LSD-ს გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანები განიცდიან.
"ჩვენს მიერ აღქმული სამყარო რეალურისგან განსხვავდება, რადგან ჩვენი ტვინი გარემოდან მიღებული ინფორმაციის დიდ ნაწილს ფილტრავს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი ტვინი უზარმაზარი რაოდენობის ინფორმაციის დამუშავებას ვერ შეძლებდა", - აცხადებს ციურიხის ფსიქიატრიული საუნივერსიტეტო საავადმყოფოს მეცნიერი კატრინ პრელერი.
მოხალისეების ტვინის სკანირებით გაირკვა, რომ ეს ჰიპოთეზა შესაძლოა სიმართლესთან ახლოს იყოს. LSD-ს მიღების შემდეგ თალამუსი ტვინის ზოგიერთი უბნისკენ უფრო მეტ ინფორმაციას გზავნის, ზოგიერთისკენ კი — ნაკლებს.
ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ ხდება ინფორმაციის გადაცემის თავისებურებების დარღვევით იმ ეფექტების წარმოშობა, რომლებსაც ადამიანები LSD-ს ზემოქმედების ქვეშ განიცდიან. თუმცა, ცნობილია, რომ უკანა ქამრისებრი ქერქი საკუთარი თავის დამოუკიდებელ სუბიექტად აღქმის პროცესში მონაწილეობს, შესაბამისად, მისი გადაჭარბებული ინფორმაციით დატვირთვა შესაძლოა საკუთარი თავის გამოცალკევებულად აღქმის უნარის მოშლას იწვევდეს - ეფექტი, რომელსაც LSD-ს მიღების შემდეგ ადამიანები ხშირად განიცდიან.
LSD, ანუ იგივე ლიზერგინული მჟავის დიეთილამიდი პირველად 1938 წელს მიიღეს და მან 1950-დან 1960 წლებში ფსიქოლოგიისა და ფსიქიატრიის განვითარებაში უდიდესი როლი ითამაშა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ადამიანებმა LSD-ს რეკრეაციულად გამოყენება დაიწყეს, ის უამრავ ქვეყანაში აიკრძალა, მაგრამ მეცნიერები ფიქრობენ, რომ LSD შესაძლოა დეპრესიასთან და სხვა ფსიქიკურ აშლილობებთან ბრძოლის ერთ-ერთი კარგი საშუალება იყოს.
კვლევა ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები