On.ge-ის სტატიის გმირს, 7 წლის დემეტრეს უცნობმა სანტამ ჰასკის ლეკვი აჩუქა
როგორც ყველა ბავშვი, 7 წლის დემეტრეც ახალი წლისთვის განსაკუთრებული განწყობით ემზადებოდა და თოვლის ბაბუას სტუმრობასაც დიდი იმედით ელოდა.
იმის მიუხედავად, რომ წინა წელს იმედგაცრუებული დატოვა და სურვილი არ შეუსრულა, მან კეთილ ჯადოქარს აპატია, ხელში კალამი აიღო და აი ასეთი დიდსულოვანი წერილი მისწერა:
"თოვლის პაპა!
მე ვარ დემეტრე მთიულიშვილი, ვარ 7 წლის. ვცხოვრობ საქართში, დუშეთში, ორი ახალიწელია მინდა ლეკვი, წინა ახალწელს ეტყობა ვერ იშოვე, არაუშავს, გაპატიე. არ ინერვიულო. გთხოვ ეხლა მაინც იქნებ იშოვო.
მინდა ჰასკი, ცისფერ თვალება, თეთრი შავში, კარგად მოვუვლი, გავასეირნებ, ჩემთან დავაძინებ, მეტი არაფერი არ მინდა, შენ თუ რამე გჭირდება, მომწერე და გაგიმზადებ.
აბა დროებით, შენი მეგობარი დემეტრe".
დემეტრეს წერილი On.ge-ს სტატიაში, ქართველი ბავშვების 10 წერილი, რომელსაც თოვლის ბაბუა გულგრილად ვერ დატოვებდა, მოხვდა.
კი. სასწაულები ნამდვილად ხდება. სტატიის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს, ჩვენს ფეისბუქ გვერდზე ასეთი წერილი მივიღეთ:
"გამარჯობა, ბავშვების წერილებთან დაკავშირებით გწერთ, როგორ შეიძლება რომ ვიპოვოთ ერთ-ერთი და დავასაჩუქროთ? დემეტრე დუშეთიდან".
და იმავე კვირის ბოლოს, დემეტრემ თოვლის ბაბუასგან საჩუქრად ჰასკის ნანატრი ციცქნა ლეკვი მიიღო.
როგორც დემეტრეს დედა, თამარ დიდებაშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, ბიჭუნა ხშირად უყურებდა ცხოველებზე გადაცემებს და ჰასკის ვიდეოებზე განსაკუთრებულ ემოციებს გამოხატავდა:
" ისე უნდოდა, დარწმუნებული ვიყავი, რომ მთელი გულით უნდოდა და არა გასართობად და სათამაშოდ. მთელი ცხოვრების გეგმები ჰქონდა დაწყობილი მასთან ერთად".
სანტამ საიდუმლოდ დარჩენა ისურვა. რაც შეეხება დემეტრეს, მან იცის, რომ თოვლის ბაბუა ძალიან დაკავებულია, ამიტომ ლეკვი მის მეგობარსა და კეთილ ადამიანს გაატანა.
"არ სჯეროდა, ჩემიაო? სახლში დავიტოვებთო? — მეკითხებოდა. ცუგას ღამე არ უტირია, დემესთან დაიძინა. მერე უცებ გაეღვიძა და დედა, არ გავჭყლიტო ღამე, აიყვანეო - მთხოვა", - გვიყვება ბიჭუნას დედა.
თამარის თქმით, იმ ღამით დემეტრეს და ლეკვს მშვიდად და ბედნიერად ეძინათ, თუმცა თავად ფხიზლად დარჩენა მოუწია.
დემეტრემ თავის ახალ საუკეთესო მეგობარს მაქსი დაარქვა.
დემეტრე და მაქსი
2019 წლის დადგომამდე, ლეკვმა და დემეტრემ ერთმანეთი იპოვეს და ორივე მათგანი ახალ წელს უკვე საუკეთესო მეგობართან ერთად შეხვდება.
ჩვენ კი გილოცავთ ახალ წელს და გისურვებთ, რომ თითოეული თქვენგანის ცხოვრება ისეთი ჯადოსნური და დაუჯერებელი სასიამოვნო ამბებით იყოს სავსე, როგორც ეს 7 წლის ბიჭუნას შემთხვევაში მოხდა.
კომენტარები