2018, წელი საყოველთაო ზეიმიდან ყოვლისმომცველ ტრაგედიამდე, ომიდან მშვიდობამდე და პირიქით, ძველი დაპირისპირებების დასასრული და ახლის დასაწყისი... ახალი ამბების ფოტოგრაფები მთელი წლის განმავლობაში გვაჩვენებდნენ, თუ როგორი იყო სამყარო მნიშვნელოვან მომენტებში, იჭერდნენ კადრებს და ქმნიდნენ წლის ისტორიას.

გადაავლეთ თვალი ფოტოებს, რომელმაც 2018 წელი შექმნა.

SpaceX-ის კოსმოსური რაკეტის გაშვება

Tesla Roadster ღია კოსმოსში

ფოტო: spaceX

2018 წლის 6 თებერვალს წარმატებით გაეშვა კომპანია SpaceX-ის კოსმოსური რაკეტა Falcon Heavy, რომელზეც სასარგებლო ტვირთის სახით ავტომობილი Tesla Roadster იყო მიმაგრებული. რაკეტის მისია მარსის ორბიტაზე მოხვედრაა. ორივე კომპანიის დამფუძნებელი ელონ მასკია. მისი თქმით, მომავალში მარსზე ცოცხალი ადამიანების ტრანსპორტირებაც იქნება შესაძლებელი.

დამშვიდობება თეთრ მარტორქასთან

ფოტო: Ami Vitale

19 მარტს მსოფლიო მამრობითი სქესის უკანასკნელ თეთრ მარტორქას დაემშვიდობა. ის 45 წლის იყო და სუდანი ერქვა. მარტორქა კენიის ტერიტორიაზე ბინადრობდა. მუცლის დაავადებისა და დიდი ასაკის გამო მომვლელებმა მისი დაძინება გადაწყვიტეს. ამ სახეობის მხოლოდ ორი მარტორქა დარჩა ცოცხალი და ორივე მდედრი: სუდანის შვილი და შვილიშვილი.

სამოქალაქო დაპირისპირება სირიაში

ქიმიური გაზით მოწამლული სირიელი ბავშვი

ფოტო: Mohammed Badra

სამოქალაქო დაპირისპირება სირიაში წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ტერორისტების შემდეგ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ქვეყნის სამთავრობო არმიაც დიდ საფრთხედ იქცა. გაზაფხულზე ე.წ. ბინძური ბომბებით მშვიდობიან მოსახლეობას რამდენჯერმე შეუტიეს. ქალაქ დუმაში განხორციელებული ქიმიური შეტევის შედეგად 70 ადამიანი დაიღუპა, ხოლო დაახლოებით 500 საავადმყოფოში ქიმიური ინტოქსიკაციის ნიშნებით მოხვდა. ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტი, დაადასტურა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამაც.

ბაშარ ასადის არმიის დაბომბვა

ფოტო: Hassan Ammar

14 აპრილს დემოკრატიული სახელმწიფოების კოალიციამ ბაშარ ასადის სახელისუფლებო არმიის პოზიციები დაბომბა. შეტევა იყო პასუხი ქიმიური იარაღის გამოყენებაზე, რომლითაც მშვიდობიან მოსახლეობას ხელისუფლებამ შეუტია. ავიაიერიში ბაშარ ასადის პოზიციებზე აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ავიაციამ ერთობლივად განახორციელა.

პუტინის მეოთხედ არჩევა

ვლადიმერ პუტინის საარჩევნო ბილბორდი მოსკოვში

ფოტო: Andrei Rudakov

რუსეთის პრეზიდენტად მეოთხედ აირჩიეს ვლადიმერ პუტინი. მის ანგარიშზეა ერთი საპრემიერო ვადაც. პუტინმა ჯამურად რუსეთის ხელისუფლებაში ყოფნის ხანგრძლივობით უკვე გადაუსწრო ლეონიდ ბრეჟნევს, თუმცა რეკორდი ჯერ კიდევ იოსებ სტალინს ეკუთვნის. რუსეთში უკვე სრულწლოვანები არიან ადამიანები, რომლებსაც სხვა მმართველი არ ახსოვთ.

Facebook-ის სკანდალი

Facebook-ის დამფუძნებლის მარკ ცუკერბერგის დაკითხვა კონგრესში.

ფოტო: Leah Milis

2018 წელი უიღბლო გამოდგა პლანეტის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანისთვის, მარკ ცუკერბერგისთვის. კომპანიები კემბრიჯ ანალიტიკას ფეისბუქის მეშვეობით მილიონობით მომხმარებლის პირადი მონაცემების მოპოვებასა და შემდგომ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებენ. ფეისბუქის დამფუძნებელი, მარკ ცუკერბერგი ბრიტანეთის საპარლამენტო კომიტეტმა და ამერიკის კონგრესმა დაკითხვაზეც კი დაიბარა. მარკ ცუკერბერგის პირადი ქონება წელს დაახლოებით $20 მილიარდით შემცირდა, რამაც, შესაძლოა, იგი წლის ყველაზე უიღბლო ბიზნესმენად აქციოს.

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერების შეხვედრა

ჩრდილოეთ კორეისა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტების პირველი შეხვედრა

ფოტო: Korea Summit Press Pool

27 აპრილს მსოფლიოს ყურადღების ცენტრში კორეის ნახევარკუნძული მოექცა. სწორედ ამ დღეს ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი იქცა პირველ ჩრდილოკორეელ პრეზიდენტად, ვინც 1953 წლის შემდეგ სამხრეთ კორეის საზღვარი გადაკვეთა. ორი ლიდერის შეხვედრის შედეგად დასრულდა 70-წლიანი საომარი მდგომარეობა ქვეყნებს შორის. გაჩნდა იმედი, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარდება.

კონფლიქტი ისრაელსა და პალესტინას შორის

პალესტინელი ამბოხებული ისრაელის არმიასთან დაპირპირების დროს

ფოტო: Mustafa Hassona

ახალი ძალით იფეთქა კონფლიქტმა ისრაელსა და პალესტინას შორის. მღელვარების მიზეზი, ამჯერად, აშშ-ს გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვითაც ისრაელის დედაქალაქად ამერიკამ იერუსალიმი აღიარა. აშშ-ს გადაწყვეტილებას მალევე მოყვა შეტაკებები ღაზას სექტორში, პალესტინისა და ისრაელის საზღვარზე. შეტაკებებს მიმდინარე წელს ათზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

#MeToo

ქალთა მარში, ქალაქი სან-ფრანცისკო

ფოტო: Jae C. Hong

2018 წელს განახლდა და გაძლიერდა ბრძოლა ქალთა უფლებებისთვის. სოლიდარობის ნიშნად ქალებმა დაიწყეს კამპანიები #MeToo და Time's up. კამპანიის ფარგლებში სექსუალურ შევიწროებასა თუ სხვა დანაშაულებში ამხილეს რამდენიმე მსოფლიო ვარსკვლავი. კამპანია #MeToo-ს დიდი გამოხმაურება მოყვა საქართველოშიც.

დიდი რვიანის კიდევ ერთი უარი რუსეთს

დიდი შვიდიანის ლიდერები ამავე ორანიზაციის სამიტზე

ფოტო: Jesco Denzel

ივნისში დიდი შვიდეულის ქვეყნები კანადის სამიტზე კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ. მსოფლიოს წამყვანმა სახელმწიფოებმა კიდევ ერთხელ თქვეს უარი რუსეთის დაბრუნებაზე დიდი რვიანის ფორმატში და სანქციების გახანგრძლივებას მხარი დაუჭირეს.

მღვიმის მძევლები

ტაილანდელი ბაშვების საფეხბურთო გუნდი გამოქვაბულში

ფოტო: Tham Luang Rescue Operation

2018 წლის ივნისის მიწურულს მთელი მსოფლიო ერთი სურვილით გაერთიანდა. ყველა ელოდა, რომ ტაილანდის მღვიმეში ჩარჩენილ 12 ბავშვსა და მათ მწვრთნელს ცოცხალსა და უვნებელს გამოიყვანდნენ. სამაშველო ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ბავშვებმა და მათმა მწვრთნელებმა გამოქვაბული დატოვეს, თუმცა ოპერაციის მსვლელობისას ერთი მაშველი დაიღუპა.

თავდასხმა ფლორიდაში

მასობრივი სროლის შემდეგ პოლიციელების მეთვალყურეობით სკოლის მოსწავლეები შენობას ტოვებენ

ფოტო: Joe Raedle

ფლორიდის ერთ-ერთი სკოლაში იარაღით თავდასხმამ მთელი მსოფლიოს შეძრა. 19 წლის ნიკოლას კრუზი თავის ყოფილ სასწავლებელში შეიარაღებული შევარდა და მასობრივი სროლა დაიწყო. შეტევის შედეგად სულ 17 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 70-მა სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო. შემთხვევამ დღის წესრიგში კიდევ ერთხელ დააყენა იარაღის ტარების უფლების გამკაცრება ამერიკაში.

სამოქალაქო კონფლიქტი იემენში

იემენელი ბავშვი საველე საავადმყოფოში

ფოტო: Tyler HIcks

წელს კიდევ უფრო გამწვავდა სამოქალაქო კონფლიქტი იემენში, რომელიც 2015 წლიდან მიმდინარეობს. სამოქალაქო დაპირისპირებას ბოლო წლების განმავლობაში 20 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. გაეროს მონაცემებით, კიდევ უფრო მაღალია შიმშილისგან დაღუპული ადამიანების რიცხვი. ბოლო სამი წლის მანძილზე ჰუმანიტარულ კატასტროფას იემენში 50 ათასი ადამიანი ემსხვერპლა.

ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა

დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა სინგაპურში

ფოტო: Kevin Lim

სინგაპურში ჩრდილოეთ კორეისა და აშშ-ს პრეზიდენტებს შორის ისტორიული შეხვედრა გაიმართა. შეხვედრამდე რამდენიმე კვირით ადრე დონალდ ტრამპმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომ შეხვედრა არ შედგებოდა. საბოლოდ, ორი ლიდერის შეხვედრა სინგაპურში მაინც გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა გამოთქვა მზაობა შეეჩერებინა ბირთვული იარაღის წარმოების პროცესი.

მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე

ფოტო: Alexey Nikolsky

ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში გაიმართა. ჩემპიონატის გამარჯვებული საფრანგეთის ნაკრები გახდა. ნაკრებმა, რომლის ფეხბურთელების ჯამური სატრანსფერო ღირებულება $1 მილიარდს აღემატებოდა, მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის გარეშე შეძლო მეორედ მოეპოვებინა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული.

ჯონ მაკკეინის გარდაცვალება

ჯონ მაკკეინის მეუღლე სენატორის სამოქალაქო დაკრძალვის ცერემონიაზე.

ფოტო: Ross D Franklin

2018 წელს ამერიკის პოლიტიკურმა წრეებმა დიდი დანაკარგი განიცადეს. 82 წლის ასაკში საკუთარ სახლში გარდაიცვალა სენატორი ჯონ მაკკეინი. მაკკეინი აშშ-ში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და ავტორიტეტულ პოლიტიკოსად ითვლებოდა. ის იყო ამერიკის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, ვიეტნამის ომის გმირი. ის ატარებდა საქართველოს ეროვნული გმირის სტატუსსაც. ჯონ მაკკეინი საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მხურვალე ქომაგად მოიაზრებოდა.

ჯამალ ხაშოგის მკვლელობა

საუდის არაბეთის საკონსულოს თანამშრომელი აკავებს ჟურნალისტებს მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ჯამალ ხაშოგის გაუჩინარების ადგილი. თურქეთი, ანკარა.

ფოტო: Chris Morghat

ოქტომბერში მსოფლიომ ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის ამბავი შეიტყო. არაბი ჟურნალისტი თურქეთის დედაქალაქ ანკარაში საუდის არაბეთის საკონსულოს შენობაში საუდის არაბეთის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა მოკლეს. მკვლელობის მიზეზი ჟურნალისტის საქმიანობა გახდა, რომელიც ხშირად აკრიტიკებდა მოჰამედ ბინ სალმანს. ხაშოგის გვამის ადგილმდებარეობა ამ დრომდე უცნობია, სავარაუდოდ, იგი საკონსულოს შენობაშივე გაანადგურეს.

პროტესტი პარიზში

ე.წ. ყვითელი ჟილეტების პროტესტი, პარიზში ტრიუმფალური თაღის მიმდებარე ტერიტორიაზე

ფოტო: Veronique De Viguerie

წლის ბოლოს საფრანგეთის ქალაქები საპროტესტო ტალღამ მოიცვა. მოსახლეობის პროტესტის მიზეზი საწვავზე დაგეგმილი ფასის ზრდა გახდა. საზოგადოებრივი პროტესტი მალევე სამართალდამცავებთან შეტაკებებში გადაიზარდა. დაპირისპირება პარიზის ცენტრში რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა. საბოლოოდ, საფრანგეთის ხელისუფლება დათმობაზე წავიდა და საწვავზე ფასის ზრდა გადაიფიქრა.

პირველი ქალი პრეზიდენტი საქართველოში

ბიძინა ივანიშვილი, მამუკა ბახტაძე, მამუკა მდინარაძე, ირაკლი კობახიძე და კახი კალაძე საპრეზიდენტო არჩევნებში, სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებისადმი მიძღვნილ ბრიფინგზე

ფოტო: Georgian Dream/ Facebook

პოლიტიკურად მეტად საინტერესო იყო 2018 წელი საქართველოშიც. წლის მთავარ მოვლენად საპრეზიდენტო არჩევნები იქცა. ქვეყნის ისტორიაში პირველად გაიმართა მეორე ტური, ასევე, პირველად ქვეყნის პრეზიდენტი ქალი კანდიდატი გახდა, თუმცა გამარჯვებისადმი მიძღვნილ ბრიფინგზე ქალი კანდიდატი არც კი გამოჩენილა. 28 ნოემბერს სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებთან, ბიძინა ივანიშვილის ბრიფინგიდან დაახლოებით ორი საათის შემდეგ გამოჩნდა.