ხელოვნური ინტელექტი დაგეხმარებათ გაარკვიოთ, რამ მოგწამლათ
სალმონელა გავრცელებული ბაქტერიაა, რომელსაც ჩვენს ორგანიზმში მოხვედრისას სხვადასხვა გართულებების გამოწვევა შეუძლია.
სალმონელა ორგანიზმში შესაძლოა დაბინძურებული ხორციდან, შინაური ცხოველებისგან, მარიხუანისა და სხვა უამრავი წყაროდან მოხვდეს. სალმონელა, როგორც წესი, ცხოველების კუჭ-ნაწლავში ცხოვრობს, ახლა კი მეცნიერები ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ცდილობენ სალმონელას "აფეთქებების" წყარო დაადგინონ.
ჯორჯიის უნივერსიტეტის პროფესორმა შიანგუ დენმა შექმნა ალგორითმი, რომელსაც სალმონელას სხვადასხვა შტამის ბაქტერიებს შორის გენეტიკური განსხვავებების დაფიქსირება შეუძლია.
არსებობს სალმონელას ოთხი მთავარი წყარო: ღორები, ძროხები, შინაური და გარეული ფრინველები. როდესაც მეცნიერებმა ალგორითმით ბოლო 20 წლის განმავლობაში მომხდარი სალმონელას რვა "აფეთქება" გააანალიზეს, პროგრამამ შვიდი მათგანის შემთხვევაში ბაქტერიის წყარო სწორად ამოიცნო.
აშშ-ში ყოველწლიურად სალმონელათი დაინფიცირების 1.2 მილიონი შემთხვევა ფიქსირდება, რომელიც წლიურად 450 ადამიანს კლავს. სალმონელა ძირითადად დაბინძურებული ფეკალიებით ვრცელდება. ბაქტერია შესაძლოა ცხოველის საკვებზე, ბეწვზე, ბუმბულზე და ყველა იმ ზედაპირზე მოხვდეს, რასთანაც ცხოველს აქვს შეხება. ეს ნიშნავს, რომ ადამიანში სალმონელა ცხოველთან უბრალო შეხებითაც შეიძლება მოხვდეს.
თუ სალმონელა საქონლის ხორცში მოხვდება, ბუნებრივია ვივარაუდოთ, რომ მისი წყარო ძროხაა. ინფექციის წყაროს დადგენა პრევენციისა და დაავადებების თავიდან არიდებისათვის უმნიშვნელოვანესია, თუმცა, ზოგჯერ ეს რთულია, რადგან სალმონელას უცნაურ ადგილებშიც ვპოულობთ.
შიანგუ დენის მიერ შემუშავებულმა ახალმა ალგორითმმა საზოგადოებრივ ჯანდაცვაში შეიძლება დიდი წვლილი შეიტანოს. თუმცა, ალგორითმმა ჯერ სალმონელას ყველა წყარო და შტამი უნდა გააანალიზოს. ამჟამად სალმონელას 2 500-ზე მეტი შტამია ცნობილი.
ალგორითმის შესაქმნელად დენგმა ხელოვნური ინტელექტი გამოიყენა, რათა დაედგინა შესაძლო გენეტიკური განსხვავებები, რომლებსაც სხვადასხვა ცხოველში მყოფ სალმონელაში ვხვდებით. ჰიპოთეზის მიხედვით, მას შემდეგ, რაც სალმონელას რომელიმე პოპულაცია ერთ კონკრეტულ ცხოველში სახლდება, შემდეგ ის დროთა განმავლობაში გარკვეულ გენეტიკურ ცვლილებებს განიცდის.
დენგის გუნდმა ივარაუდა, რომ თუ ალგორითმი საკმარისი რაოდენობის გენომებს შეამოწმებდა, საბოლოოდ, მას შეიძლება გენომის მიხედვით ბაქტერიის წარმომავლობა გამოეცნო.
ბუნებაში უამრავი ტიპის სალმონელა არსებობს, ალგორითმის შესაქმნელად, მეცნიერებმა აშშ-ში ყველაზე გავრცელებული ტიპი, Salmonella Typhimurium გამოიყენეს.
მეცნიერებმა ალგორითმით სალმონელას რვა ცნობილი "აფეთქება" შეამოწმეს და დაადგინეს, რომ ალგორითმმა შვიდ შემთხვევაში ინფექციის წყარო სწორად ამოიცნო.
თუმცა, ისტორიული შემთხვევების გაანალიზება და ადამიანში არსებული უცნობი წარმომავლობის სალმონელას წყაროს გარკვევა სხვადასხვა რამეა. სალმონელას აფეთქება შეიძლება ისეთმა წყარომაც გამოიწვიოს, რომლის ამოცნობაც ალგორითმს არ შეუძლია.
ასევე გასათვალისწინებელია, რომ ხშირად, სალმონელას გარკვეული პოპულაციები სხვადასხვა სახეობაში ცირკულირებენ, რა შემთხვევაშიც ალგორითმს ინფექციის წყაროს გარკვევა გაუჭირდება.
"ალგორითმით დავამტკიცეთ, რომ მსგავსმა სისტემამ შეიძლება წარმატებით იმუშაოს, თუმცა, მის პრაქტიკაში გამოყენებამდე ჯერ ძალიან დიდი დროა", - აცხადებს კვლევის ავტორი შიანგუ დენი.
კვლევა ჟურნალ Emerging Infectious Diseases-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები