ორწლიანი მოგზაურობის შემდეგ NASA-ს ხომალდი OSIRIS-REx ასტეროიდ ბენუს 3 დეკემბერს მიუახლოვდა. ის ახლა ასტეროიდის ზედაპირიდან დახლოებით 20 კილომეტრით არის დაშორებული. ახლახან ხომალდისგან მეცნიერებმა ახალი მონაცემები მიიღეს, რომლითაც ირკვევა, რომ ასტეროიდის ზედაპირზე თიხის მსგავსი მინერალებია მიმოფანტული, რაც ნიშნავს, რომ შორეულ წარსულში ასტეროიდზე თხევადი წყალი არსებობდა.

"ასტეროიდი ბენუ, როგორც ჩანს, წყლით მდიდარი ასტეროიდია. წყალი კი, მოგეხსენებათ, რომ მნიშვნელოვანი ნივთიერებაა", - აცხადებს მისიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი დანტე ლორეტა.

წყალი მნიშვნელოვანია, რადგან მისგან საწვავის მიღება შეიძლება, რაც მომავლის კოსმოსურ მისიებს საშუალებას მისცემს, რომ საწვავი დედამიწისგან დამოუკიდებლად დაამზადონ.

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბენუ წყლით მდიდარია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მის ზედაპირზე წყალი თხევად მდგომარეობაშია.

ბენუს დიამეტრი სულ რაღაც ნახევარი კილომეტრია, ასტეროიდი ზედმეტად პატარაა იმისთვის, რომ მის ზედაპირზე წყალი თხევად მდგომარეობაში არსებობდეს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დაახლოებით 900 მილიონი წლის წინ ბენუ უფრო დიდი ასტეროიდის ნაწილი იყო, რომელზეც შესაძლებელია წყალი თხევად მდგომარეობაში მართლაც არსებობდა.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ ასტეროიდი პატარა ნაწილებად დიდი შეჯახების შედეგად დაიშალა.

აღნიშნულ პროექტზე მომუშავე მეცნიერები დიდი ხნის განმავლობაში ვარაუდობდნენ, რომ ბენუს ზედაპირზე წყლის შემცველ თიხის მსგავს ნივთიერებებს იპოვიდნენ.

"ბენუ ზუსტად ისეთი აღმოჩნდა, როგორიც გვეგონა", - აცხადებს OSIRIS-REx-ის მისიის ერთ-ერთი მეცნიერი.

ხომალდმა ბენუს პირველი სურათები აგვისტოში გადაუღო, რომლებზეც ის მკრთალი წერტილის სახით ჩანდა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კი ხომალდი ასტეროიდს მიუახლოვდა, რის შედეგადაც მისი ზედაპირი და ფორმა OSIRIS-REx-ის მიერ გადაღებულ სურათებში ცხადად გამოჩნდა.

გარდა წყლის შემცველი ნივთიერებებისა, მეცნიერებმა შეგროვებული მონაცემებით ასტეროიდის სამგანზომილებიანი მოდელი შექმნეს.

ფოტო: NASA/Goddard/University of Arizona

OSIRIS-REx ბენუს გარშემო უფრო დაბალ ორბიტაზე 31 დეკემბერს გადაინაცვლებს, საიდანაც ასტეროიდის ზედაპირს უფრო დეტალურად შეისწავლის. ხომალდი ბენუს გარშემო რამდენიმე წლის განმავლობაში დარჩება, 2020 წელს კი ის მისი ზედაპირიდან ნიმუშებს აიღებს და უკან დედამიწისკენ გამოემართება.