ინტერნეტში ალბათ უამრავი რაკეტის გაშვება გინახავთ, თუმცა ეს ვიდეო პირველია, რომელშიც ორბიტიდან ეს პროცესი ასე ნათლად ჩანს.

ვიდეოზე ვხედავთ რუსული კაფსულის Progress MS-10-ის გაშვებას, რომელსაც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ტვირთი მიაქვს. კაფსულა 16 ნოემბერს Soyuz-ის რაკეტით გაეშვა. ვიდეო კი ევროპული კოსმოსური სააგენტოს ასტრონავტმა ალექსანდრე გერსტმა გადაიღო, რომელიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე, დედამიწის ზედაპირიდან 400 კილომეტრის სიმაღლეზე იმყოფება.

ვიდეო შთამბეჭდავია, თუმცა განსაკუთრებით ლამაზი გაშვებისა და რაკეტის ძრავების ატმოსფეროში დაწვის (35-ე წამი) მომენტია.

აღნიშნულმა კაფსულამ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე საწვავი, საკვები და სხვადასხვა საჭირო ნივთები მიიტანა. რაკეტა ყაზახეთში არსებულ ბაიკონურის კოსმოსდრომიდან გაეშვა.

ერთი შეხედვით, ვიდეო რაიმე ფილმიდან ამოჭრილ კადრს ჰგავს, თუმცა ეს რეალობაა და ასეთი გაშვებები ახლა თითქმის ყოველთვიურად ხდება.