გოგებაშვილის მეთოდის პარადოქსი
სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა mastsavlebeli.ge-ზე
გოგებაშვილის დედაენამ, როგორც ქართული ენის სიწმინდის დაცვისა და განათლების სიმბოლომ, ჯერ რუსეთის იმპერიის, შემდეგ კი – საბჭოთა რეჟიმის პირობებში საქართველოს ნაციონალური იდენტობის შენარჩუნების საქმეში მნიშვნელოვანი ფუნქცია შეასრულა. ამიტომ, ბუნებრივია, რომ გოგებაშვილისა და მისი ნაშრომის აღქმა საქართველოში, ერთგვარად, იდეალიზებულია. ეს ტენდენცია განსაკუთრებით გასული საუკუნის 70-80-იან წლებში, ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში გაძლიერდა და დღემდე ცალკეულ მცდელობებს, პროფესიულ დისკურსში გავიაზროთ გოგებაშვილის გამოცდილება, შევაფასოთ მისი დედაენის ძლიერი და სუსტი მხარეები, საგანმანათლებლო საზოგადოება სკეპტიციზმით პასუხობს.
თითოეულ ასეთ მცდელობაზე შეფასებები ორგვარია. მასწავლებლების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ გოგებაშვილის მეთოდი უნიკალური და შეუცვლელია, მშობლების უმრავლესობა კი შიშობს, რომ მათ შვილებზე ცდებს ატარებენ. ჰიპოთეტურად, ამგვარ სკეპტიციზმს დაატეხდა თავს ქართული არისტოკრატია 25 წლის იაკობ გოგებაშვილს, რომელმაც სწავლების ტრადიციული მიდგომების ნაცვლად, მაშინდელი ევროპის ყველაზე პროგრესულ მეთოდებზე გაასწორა პირველი ქართული დედაენის "ფოკუსი". დიახ, გოგებაშვილის "პირველი საკითხავი წიგნი", სწორედ რომ, ნოვატორული და ექსპერიმენტული სახელმძღვანელო იყო. ის თანმიმდევრულად იზიარებდა ბავშვზე ორიენტირებული განათლების ფილოსოფიას და გაცილებით პროგრესულ მიდგომებს ეფუძნებოდა, ვიდრე ჩვენი თანამედროვე დედაენები.
არიან ფილოლოგები, ვინც დღესაც თვლიან, რომ დედაენა, რომელიც მე-19 საუკუნის შუა წლებში გამოვიდა, მთელი თავისი ლექსიკა-ფრაზეოლოგიით, დიდაქტიკური ინსტრუმენტებითა და სასწავლო მასალით, 2010-იანების თაობის პირველკლასელებისთვისაც ისევე საინტერესო უნდა (!) იყოს, როგორიც გლეხის გოგო-ბიჭებისთვის, რომელთათვისაც ეს წიგნი თავის დროზე დაიწერა. სინამდვილეში, ტექსტები ცხოველებსა და მათ ნაშიერებზე, ხვნა-თესვაზე, ქოთნებსა და ორშიმოებზე, ქვევრებსა და ქოცოებზე დაიწერა იმ ბავშვების დასაინტერესებლად, რომელთა ყოველდღიურობა სწორედ ამ საქმიანობებს უკავშირდებოდა; იმ მშობლების გულის მოსაგებად, რომლებიც ჯიუტად ამტკიცებდნენ, რომ ერთადერთი "წიგნი", რომლის "კითხვა" მათ შვილებს უნდა სცოდნოდათ, მიწა იყო; გავიხსენოთ "გლახის ნაამბობი", "კაცია – ადამიანი?!" და საგლეხო რეფორმის შემდგომი პუბლიცისტიკა. წიგნსა და განათლებას მიწათმოქმედი ქართველები ყოველთვის არ მიესალმებოდნენ. სახალხო სკოლების გახსნის პირველ პერიოდში სწავლას ისინი განიხილავდნენ, როგორც ედემის ხილს, რომელიც ყმაწვილის წრფელ გულში ურწმუნო ეჭვებს აღძრავდა. ამიტომ პირველი საკითხავი წიგნის ავტორი დიდი გამოწვევის წინაშე იდგა – ისეთი სახელმძღვანელო უნდა შეექმნა, რომელიც ბავშვებსა და მშობლებს იმ თავიანთ სანუკვარ ყანას, ვენახსა და კალოს ძალიანაც არ დააშორებდა.
პროგრესის მომხრეებს ყოველთვის ბრძოლა უწევდათ არა მხოლოდ საკუთარი, არამედ მათი მომავლისთვისაც, ვისაც პროგრესის არ სჯეროდა. თუკი საზოგადოება მე-19 საუკუნის ბოლოს ვერ ხედავდა ახალი ცხოვრების კონტურებს, განმანათლებლები იბრძოდნენ, რომ თავადებისა და გლეხების შვილებს თავისუფალ გარემოში განვითარების თანასწორი შესაძლებლობა ჰქონოდათ. ამიტომ პროფესიონალები, რომლებიც დღეს გოგებაშვილის დედაენის ენობრივ, დიდაქტიკურ, თუ მეთოდურ გადახედვას მოიწადინებენ, ამგვარი დაბრკოლებებისთვის მზად უნდა იყვნენ.
დამოკიდებულებამ, რომ იაკობ გოგებაშვილის დედაენა არ ექვემდებარება ანალიზს, განხილვას, მიგვიყვანა გარემოებამდე, რომ დღეს ე.წ. გოგებაშვილის მეთოდი ფართო, საგანმანათლებლო მოედანზე, კითხვა-წერის მსოფლიო გამოცდილებათა ჭრილში არც კი გაგვიაზრებია. ტერმინის მიღმა უამრავი მითი და მცდარი ფაქტი დგას, რასაც საერთო არ აქვს არც გოგებაშვილთან და არც მეთოდებთან, რომელსაც ის საკუთარ ნაშრომში იყენებდა. შევეცდებით, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ გამოცდილების გააზრებასა და მითების ფაქტებთან შესაბამისობის დადგენაში.
მითი პირველი – გოგებაშვილის მეთოდი
მეთოდი რომ მისი არ არის, ამას თავად გოგებაშვილი ადასტურებს. პირველი სახელმძღვანელოს ("ქართული ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის") წინასიტყვაობაში, რომელიც 1865 წელს გამოვიდა, ის წერს: "მეთოდი ზოლოთოვისა, რომელზედაც არის შედგენილი ეს ანბანი, არღვევს ზემოხსენებულ ნაკლულოვანებას". "ზემოხსენებულ ნაკლულოვანებაში" ის მოიაზრებს სინთეზურ მეთოდს, რომელიც საუკუნეების მანძილზე გამოიყენებოდა, როგორც წერა-კითხვის სწავლის უალტერნატივო წესი. ზოლოთოვის მეთოდში კი გულისხმობს ანალიზურ პრინციპს, რომელიც მთელი სიტყვების შესწავლასა და მათ მარცვლებად / ასოებად დაშლას ითვალისწინებს.
ანალიზური მეთოდი ვასილი ზოლოტოვს არ შეუმუშავებია, თუმცა ის მართლაც იყო რუსეთში ამ პრინციპზე მორგებული ერთ-ერთი პირველი ანბანისა და საკითხავი წიგნის (1860) ავტორი. რუსეთში, როგორც ცნობილია, ამ ტენდენციის სულისჩამდგმელად მაინც ბარონი კორფი (1860) ითვლება, თუმცა მის გარდა ამ მიმართულებით მუშაობდნენ კორფსა და ზოლოტოვზე გაცილებით გავლენიანი ავტორებიც, მაგალითად, უშინსკი და ლევ ტოლსტოი. როგორც ჩანს, იაკობ გოგებაშვილი ზოლოტოვს ამ უკანასკნელის თბილისში მოღვაწეობის პერიოდიდან იცნობდა. რუსი პედაგოგი და განმანათლებელი აქ 1849-1856 წლებში, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტში რუსულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა.
თუმცა ანალიზური მეთოდი რუსეთში არ მოუგონიათ. ის მე-19 საუკუნის 50-60-იან წლებში ჩამოყალიბდა გერმანული რომანტიზმის, რუსოიანული და ბავშვზე ორიენტირებული საგანმანათლებლო სკოლების წიაღში. ამ წრეებში ერთ-ერთი გამოჩენილი და ანგარიშგასაწევი ფიგურაა შვეიცარიელი პედაგოგი, იოჰან ჰაინრიხ პესტალოცი. მის ნაშრომებს დიდი გავლენა ჰქონდა მე-19 საუკუნის შუა წლებში ინგლისისა და ამერიკის შეერთებული შტატების განათლების რეფორმებზე. როგორც ცნობილია, სწორედ პესტალოცისთან და მის მოსწავლეებთან ურთიერთობით შთაგონებული ჰორას მანი ამერიკის სახალხო სკოლების რეფორმას ჩაუდგა სათავეში. მანვე გაავრცელა ამერიკაში კითხვა-წერის ანალიზური მეთოდი.
მე-19 საუკუნის 50-60-იან წლებში ევროპაში, ამერიკასა და რუსეთის იმპერიაში ანალიზური მეთოდის ბუმი, თითქმის, თანადროულად დაიწყო. იდეები, როგორც იტყვიან, ჰაერში ტრიალებდა. არ დარჩენილა გავლენიანი განმანათლებელი, ან პედაგოგი, ამ ფერხულში რომ არ ჩაბმულიყო და ანალიზური საანბანო სახელმძღვანელო არ გამოეცა. ამდენად, 1865 წელს გოგებაშვილის პირველ საკითხავ წიგნში გამოყენებული, ან თუნდაც, 1876 წლის დედაენაში გატარებული მეთოდი არც ვასილი ზოლოთოვის და მით უმეტეს, არც იაკობ გოგებაშვილის მოგონილი არ არის. თუ მაინცდამაინც, ის ყველაზე მეტად პრუსიული საგანმანათლებლო რომანტიზმის სკოლებისგანაა დავალებული.
ცხადია, ჩვენი მიზანი არ არის გოგებაშვილის, როგორც განმანათლებლისა და პირველი ქართული დედაენის ავტორის ღვაწლის დაკნინება. ვფიქრობ, კითხვა-წერის მეთოდის უნიკალურობის დადასტურება სულაც არ არის აუცილებელი პირობა გოგებაშვილის უმნიშვნელოვანესი ღვაწლის აღიარებისთვის. მან, როგორც ქართული ენის საუკეთესო მცოდნემ, დიდი ოსტატობითა და ნიჭით მოარგო თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომები და მეთოდები ქართული ენისა და სიტყვიერების არსებულ რესურსებს. წარმოუდგენლად დიდი შრომა ჩადო ორიგინალურ ენაზე არსებული სასწავლო მასალების შეკრება-ადაპტირებაში, უცხოენოვანი ტექსტების თარგმნასა და ახალი ლიტერატურის შექმნაში. მისმა დედაენამ ახალი სოციალური, ეკონომიკური და კულტურული გამოწვევების ზღურბლზე მდგომი ყმაწვილები და მათი დაეჭვებული ოჯახები წიგნთან და განათლებასთან დააახლოა. რაც მთავარია, გოგებაშვილი, როგორც ავტორი, იყო ძალიან მოქნილი დროისა და გარემოებათა მიმართ და ის სახელმძღვანელოს შექმნას განიხილავდა, როგორც ცოცხალ, ინტერაქციულ, სრულყოფისკენ მიდრეკილ პროცესს.
მითი მეორე – მეთოდი, თუ მეთოდები?
გოგებაშვილმა თავისი სიცოცხლის მანძილზე დედაენა (სხვადასხვა სახელწოდებებით) 33-ჯერ გამოსცა. პირველი რედაქცია – ქართული ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის როგორც აღვნიშნეთ, 1865 წელს დაიბეჭდა, რომლის მესამე გამოცემაში, 1867 წელს მან ცვლილებები შეიტანა. ეს რედაქცია 1872 და 1873 წლებშიც (მეხუთე და მეექვსე გამოცემები) ჩასწორდა და შემოკლდა. 1876 წლის რედაქციას მან უწოდა "დედა ენა, ანუ ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი სახალხო შკოლებისთვის". თითოეული ახალი რედაქცია, ერთი მხრივ, მიზნად ისახავდა წინა გამოცემის ხარვეზების გასწორებას, მეორე მხრივ კი – მოსწავლეთა და სასკოლო გარემოს მოთხოვნასა და შესაძლებლობებს ერგებოდა.
ასე, მაგალითად, 1876 წლის დედაენაში გოგებაშვილი წერდა, რომ რაკი 60-იან წლებში არც მასწავლებლები და არც სასკოლო ინფრასტრუქტურა მზად არ აღმოჩნდა ანალიზური მეთოდის დასანერგად, მას სახელმძღვანელოს მომდევნო რედაქციებში მეთოდური ცვლილებების შეტანა მოუხდა. ასე ჩაანაცვლა, მისივე თქმით, ანალიზური მეთოდი სინთეზურმა. 1876 წლის გამოცემაში კი მეთოდები, ერთგვარად, მოარიგა და ანალიზურ-სინთეზური პრინციპი გამოიყენა. ეს ნიშნავს იმას, რომ გოგებაშვილის დედაენის 33 რედაქციაში გამოყენებული აქვს მსოფლიოს სხვადასხვა საგანმანათლებლო გამოცდილებაში აღიარებული როგორც ანალიზური, ისე – სინთეზური და ანალიზურ-სინთეზური მეთოდები. ამიტომ კითხვა, თუ რას გულისხმობენ დღეს გოგებაშვილის მეთოდის მიღმა, კვლავ ბუნდოვანებითაა მოსილი.
ფაქტია, იაკობ გოგებაშვილს მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში გაცილებით უკეთ ჰქონდა გააზრებული, რომ კითხვა-წერის სწავლის ერთადერთი მეთოდი მრავალი ასპექტით ვერ იქნება უნივერსალური ბავშვზე ორიენტირებულ განათლებაში. პირველ რიგში, სწორედ, ბავშვების განსხვავებული საჭიროებებიდან და შემეცნების მრავალფეროვანი სტილიდან გამომდინარე. გოგებაშვილი თავად უფრო მეთოდების დაბალანსების მომხრე იყო, ვიდრე ერთი – უნივერსალური და როგორც დღეს ამბობენ, "უნიკალური" მეთოდისა. ამიტომ პასუხი იმ მკვლევარების, მასწავლებლებისა და მშობლების მოთხოვნაზე, შევინარჩუნოთ გოგებაშვილის მეთოდი, თავად გოგებაშვილის დედაენაა – ცოცხალი, დროისა და გარემოს ადეკვატური სახელმძღვანელო, რომელიც მკითხველთა მაჯისცემას აყურადებდა და მათ ინტერესებს, საჭიროებებს მუდამ ადეკვატურად პასუხობდა.
მთავარი პარადოქსი
სალაღობოდ შეგვიძლია, ხუთი სიძის პარადოქსი დავარქვათ (ანტონ კათალიკოზის სამი სტილის ამბავში). წესით, ხუთი სიძე დედაენასთან რა შუაში უნდა იყოს, თუმცა, ვშიშობ, ასე მარტივადაც არ იყოს საქმე.
"ხუთი სიძე. ოთხი ძია. ათი ძე. ეს თეძოა. ის ძუაა. ეს სესეს სიძეა. თათუ ძიძას ეძახის". და ა.შ. – ეს არის ერთ-ერთი, ლექსიკურ-სტილური თვალსაზრისით, ტიპური პასაჟი დედაენიდან, რომელიც დღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელმძღვანელოთა გრიფირების კონკურსშია წარდგენილი. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ან ლიტერატურული გემოვნებით, ან კითხვის მიმართ დამოკიდებულებით, ბევრად განსხვავდება, თუნდაც, იმ დედაენისგან, რომელიც ბევრი წლის მანძილზე სახელმძღვანელოების ბაზარზე ერთ-ერთი უკონკურენტო ლიდერია.
მაშა → მა შა → მ ა შ ა → ასო-ბგერა შ.
ჩააჭიკჭიკებს პირველკლასელი და მშობლებს გაახარებს, რომ იმ დღეს ახალი ასო – შ – ისწავლეს. მშობელი კმაყოფილია, რომ სკოლამ, სადაც მისი შვილი სწავლობს, გოგებაშვილის მეთოდი აირჩია.
მაგრამ საინტერესოა, რა შეხედულება აქვს თავად გოგებაშვილს გოგებაშვილის მეთოდზე. 1865 წლის საკითხავი წიგნის წინასიტყვაობაში ის წერს: "რა ნაკლულოვანება აქვს ჩვეულებრივ ანბანების მეთოდს? პირველი და უმთავრესი ნაკლულოვანება ამ მეთოდისა მდგომარეობს იმაში, რომ ანბანი იწყების ასოებიდგან. ასოები კი ცალ ცალკე არა საგანს არა ჩვენებენ. არა ჰაზრს არ ხატვენ. ამიტომ სწავლის დაწყება ასოებიდგან ყმაწვილისთვის არის მავნებელი… ამ მეთოდს მაშა სადამე, შეუძლიან პირველათვე შეაძულოს სწავლა ყმაწვილსა და წაართვას მას წადილი სწავლისა!
მეთოდი ზოლოთოვისა, რომელზედაც არის შედგენილი ეს ანბანი, არღვევს ზემოხსენებულს ნაკლულევანებას. ეს ანბანი იწყების სიტყვებიდგან. მაშასადამე, ყმაწვილი პირველვე დაინახავს სწავლაში ჰაზრსა; ამიტომ, რომ ყველა სიტყვა ხატავს რაიმე ჰაზრსა, აჩვენებს რომელმე საგანსა, მაშა სადამე პირველათვე ყმაწვილი შეხედავს სწავლას, როგორც გონივრულ საგანს და წახალისდება… აი ყმაწვილს მასწავლებელმა წააკითხა სიტყვა დე-და. ყმაწვილი წარმოიდგენს თავის დედასა, ამასთანვე თავის სახლს, მამას, ძმებს, ადგილს. ერთი სიტყვით, ეს ერთი სიტყვა რამდენმე საგანს მოაგონებს, რამდენმე ჰაზრს წარმოუდგენს გონებაში ყმაწვილსა."
როგორც ჩანს, გოგებაშვილის არჩევანი არ ყოფილა, რომ ქართულის გაკვეთილის თემა "შ" და "ჟ" ყოფილიყო, სადაც "შ"-ზე ყმაწვილებს საუკუნენახევრის მერეც "ორშიმოს" ასწავლიდნენ, "ჟ"-ზე კი – მაჟალოს (პირობითად). მაშ, რატომ ვუწოდებთ ამ გამოცდილებას გოგებაშვილისას? რატომ მოგვწონს თანამედროვე სახელმძღვანელოებში, მაინცდამაინც, აგრარული ლექსიკა, ან არქაიზმები?
საინტერესოა, რა "ჰაზრი" უნდა "დაჰხატოს" ყმაწვილის გონებაში ამ პასაჟმა:
ხუთი სიძე.
ეს თეძოა.
ის ძუაა.
ეს სესეს სიძეა.
თათუ ძიძას ეძახის.
თავი დავანებოთ იმ შინაარსობრივ ბორძიკს, რომელსაც საანბანო პერიოდში, ვთქვათ, შესწავლილი გრაფემების სიმწირე იწვევს… მაგრამ იმას რაღა გამართლება აქვს, რომ თანამედროვე დედაენების ლექსიკური მარაგი (მაშა, ძუა, ორშიმო, თოხი, სათითე, აკიდო და სხვ) დიდწილად, აცდენილია თანამედროვე, თუნდაც, სოფლად მცხოვრები ბავშვების ყოველდღიურობას? თვით მცირეწლოვან გმირთა სახელებიც (იასე, ძიძია, შიო, ნუნუ, გოგი) კი ისეთი შერჩეულია, თითქოს ავტორები გოგებაშვილის მეთოდის გადაშენებით შეწუხებულებს აფრთხილებდნენ – "ნუ შფოთავთ, ეს წიგნი სიახლეებს არ გთავაზობთ და თანამედროვეობას არ ცნობს".
გვრჩება შთაბეჭდილება, თითქოს, სახელმძღვანელოს ავტორებისთვის, მასწავლებლებისა და საკონკურსო ექსპერტებისთვისაც კი, მთავარი დედაენების გარეგნული იერსახე, მასალის დიზაინი, თვალთა სატყუარაა, რათა საზოგადოების ირაციონალური შიშების ჯინმა ბოთლიდან თავი არ დაიძვრინოს და გოგებაშვილის მეთოდის ამოძირკვის წითელი ალამი არ აუფრიალოს ჩვენი საზოგადოების ყველაზე რეაქციულ (მცირე, მაგრამ თამამ) ნაწილს. ამ გარემოებათა შედეგად კი მოცემულობა ასეთია – ყველაზე სანდო საერთაშორისო კვლევის (PIRLS) მონაცემებით, გოგებაშვილისა და თხუთმეტსაუკუნოვანი წერილობითი ტრადიციების ქვეყანაში ბავშვებს წაკითხულის აღქმა უკიდურესად უჭირთ და წიგნიერების დონე საგანგაშოდ დაბალია.
ვფიქრობ, დროა, გავაცნობიეროთ, რომ გოგებაშვილის დედაენის მთავარი ღირსება არა აგრარული ლექსიკა და მიწათმოქმედების თემატიკაზე შედგენილი ტექსტებია, არამედ პრინციპი, რომ საკითხავი მასალა უნდა იყოს მოსწავლის ასაკობრივ გამოწვევებსა და მის ყოველდღიურ ყოფაზე მორგებული. სხვა მხრივ, დედაენას, ისევე, როგორც ნებისმიერ სახელმძღვანელოს, შეიძლება ჰქონდეს ასპექტები, რომლებიც გარკვეულ საზოგადოებაში მუშაობდა, მაგრამ დროში მდგრადი არ აღმოჩნდა, ან, უბრალოდ, ძლიერი და სუსტი მხარეები, რომლებიც ავტორმა სწორად განჭვრიტა, ან ალღომ უმტყუვნა.
"რადგან უეჭველია, ეს წიგნი კიდევაც ბევრჯერ დაიბეჭდება, კარგი იქნება, უკეთ გაშალაშინდეს. კარგი წიგნი რომ არა ყოფილიყო, არას ვიტყოდიო", – წერდა დიმიტრი ყიფიანი თავისი შენიშვნების ბოლოს, რომელიც მან დედაენის 1876 წლის რედაქციასთან დაკავშირებით გააკეთა. შენიშვნები უკიდურესად სკრუპულოზური იყო და ეხებოდა სახელმძღვანელოს, თითქმის, ყველა ენობრივ შრეს – კორექტურიდან და პუნქტუაციიდან – რუსულის კალკით შეთხზულ ხელოვნურ ფრაზებამდე. საბედნიეროდ, იაკობ გოგებაშვილი კრიტიკის მიმღებელი იყო და დიმიტრი ყიფიანის შენიშვნები მომდევნო რედაქციებში გაითვალისწინა. თუმცა ვერც იაკობ გოგებაშვილი და ვერც დიმიტრი ყიფიანი მაშინ ვერ ხვდებოდნენ, რომ ეს პროგრესული, ინოვაციური, დემოკრატიული, მოქნილი სახელმძღვანელო ოდესმე პროგრესის, ინოვაციის, დემოკრატიულობის, მოქნილობის წინააღმდეგ დასამუნათებელ იარაღად შეიქნებოდა. იმედია, ამ სევდიან ისტორიას ბედნიერი დასასრული ექნება.
კომენტარები