10 ცნობილი პარადოქსი, რომელიც საგონებელში ჩაგაგდებთ
ადამიანის ტვინი ჩვენს გაოცებას არასდროს წყვეტს (ყოველ შემთხვევაში, ამას ამბობს ჩვენი ტვინი), თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიუხედავად ამისა, მას მაინც უამრავი შეზღუდვა გააჩნია. არსებობს მრავალი იდეა და აზრი, რომელთა გაანალიზება და წარმოდგენაც კი ჩვენ ძალიან გვიჭირს.
აქ არის სხვადასხვა სფეროდან შეკრებილი 10 პარადოქსი, რომელიც თქვენი ტვინის შესაძლებლობებზე დაგაფიქრებთ.
1. ჰედონიზმის პარადოქსი
ჰედონიზმი არის ეთიკის იდეალისტური მიმდინარეობა, რომლის მიხედვითაც ცხოვრების მთავარ მიზანს სიამოვნება და ტკბობა წარმოადგენს. თუმცა, ფსიქოლოგ ვიქტორ ფრენკლის თქმით, ბედნიერების გამიზნულად მოპოვება შეუძლებელია, რადგან ბედნიერება თავად უნდა მოვიდეს თქვენთან, ეს კი მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც ადამიანი თავის თავს რაიმე უფრო დიად მიზანს უძღვნის.
თუ ბედნიერებისკენ მუდმივად მიდიხართ, ეს დამღლელი და მტანჯველი საქმეა. შესაბამისად, ბედნიერების მოსაპოვებლად, მისი არსებობა უნდა დაივიწყოთ.
2. შავი ხვრელის პარადოქსი
ფიზიკაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ამოცანა შავი ხვრელის ინფორმაციული პარადოქსის სახელით არის ცნობილი.
კვანტური მექანიკის მიხედვით, ინფორმაცია ნაწილაკების მასისა და სტრუქტურის შესახებ მუდმივია, ანუ მათი განადგურება შეუძლებელია. მაგალითად, თუ თქვენ ორ სხვადასხვა ნივთს დაწვავთ, მიღებული ფერფლისგან ნივთების აღდგენა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება, მაგრამ არა სრულებით შეუძლებელი. ორი ფერფლი ერთმანეთისგან მასითა და სხვა მახასიათებლებით განსხვავებული იქნება, რაც ნიშნავს, რომ ნივთების დაწვის შემდეგაც კი, მიღებული ფერფლი მათ შესახებ გარკვეულ ინფორმაციას მაინც ატარებს.
პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ შავი ხვრელები მატერიას შთანთქავენ, შემდეგ კი, დროთა განმავლობაში შთანთქმულ მატერიას ჰოკინგის რადიაციის სახით უკან ასხივებენ. ფერფლისგან განსხვავებით, ჰოკინგის რადიაცია მატერიის შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ატარებს: ჰოკინგის რადიაცია მუდმივად ერთნაირია, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ შავ ხვრელში სამყაროს შესახებ არსებული ინფორმაცია შეიძლება ნადგურდებოდეს.
სტივენ ჰოკინგს მიაჩნდა, რომ შავ ხვრელში მოხვედრილი ნაწილაკები ბოლოს ისევ სამყაროს უბრუნდება, რადგან თუ ეს ასე არ არის, ეს ნიშნავს, რომ თანამედროვე ფიზიკის უმეტესი ნაწილი თავიდან არის შესამუშავებელი.
3. ხაფანგი-22
მეორე მსოფლიო ომის დროს ჯოზეფ ჰელერი სამხედრო მფრინავი იყო, ომის შემდეგ მის მიერ დაწერილ წიგნში ის ყვება მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი პილოტის ისტორიას, რომელიც ცდილობს, რომ შეშლილობის საფუძველზე სამხედრო სამსახურისგან თავი დაიხსნას, რის საშუალებასაც თითქოს მას სამხედრო კოდექსის 22-ე მუხლი აძლევს.
ექიმი კი მას ეუბნება, რომ როგორც კი მფრინავი სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებას დაწერს, ის შეშლილად ვეღარ ჩაითვლება, რადგან ექიმის თქმით, შეშლილი მხოლოდ ის შეიძლება იყოს, ვისაც ბრძოლის ველზე გაფრენის სურვილი აქვს.
პარადოქსული ლოგიკით, ერთადერთი გზა, რომ პილოტმა გაფრენისგან თავი დაიხსნას საკუთარი შეშლილობის დამტკიცებაა, რისთვისაც ის ამ მისიაზე უნდა გაფრინდეს, რა დროსაც შეშლილის სტატუსი აღარ გამოადგება. ეს დაახლოებით იმას ჰგავს, უნივერსიტეტდამთავრებულებს გამოცდილება რომ სჭირდებათ მუშაობის დასაწყებად და ამ გამოცდილებას სამსახურში აყვანის გარეშე რომ ვერ დააგროვებენ.
4. მონტი ჰოლის პარადოქსი
ამ პარადოქსში კარგად ჩანს, თუ როგორ უდგება ადამიანის ტვინი სტატისტიკურ პრობლემებს. ეს კლასიკური პარადოქსი ამერიკული შოუს, Let's make a deal-ის ნაწილი იყო.
არსებობს სამი კარი, ერთ-ერთი მათგანის უკან მანქანაა, ორი მათგანის უკან კი - თხა. თქვენ ირჩევთ ერთ კარს, ისე, რომ არ იცით, მის უკან რა არის, ამ დროს კი იხსნება დარჩენილი ორი კარიდან ერთ-ერთი, რომელშიც თხას ხედავთ. ამის შემდეგ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ არჩევანი შეცვალოთ და მეორე დარჩენილი კარი აირჩიოთ.
ადამიანების უმეტესობას ჰგონია, რომ არჩევანის შეცვლა უსარგებლოა, რადგან შეცვლილ კარშიც ან მანქანა იქნება, ან - თხა, თუმცა ყველაფერი ასე მარტივად არ არის. არჩევანის შეცვლა კარის უკან მანქანის აღმოჩენის შანსს 66 პროცენტამდე ზრდის.
თუ თქვენი არჩეული კარის უკან თხა იყო (რისი შანსიც 2/3-ია), კარის გაცვლა მოგების შანსებს ზრდის, ხოლო თუ თქვენი არჩევანის უკან მანქანა იყო (რისი შანსიც 1/3-ია), კარის გაცვლა თქვენ წაგაგებინებთ, ანუ სტატისტიკურად მეტი შანსია, რომ კარის შეცვლის შემთხვევაში თქვენ მანქანა მოიგოთ.
5. პეტოს პარადოქსი
1970-იან წლებში ბიოლოგმა რიჩარდ პეტომ შეამჩნია, რომ თაგვებს კიბოს განვითარების რისკი ბევრად უფრო მაღალი აქვთ, ვიდრე ადამიანებს, რაც ალოგიკურია, რადგან ადამიანებს თაგვებთან შედარებით დაახლოებით 1 000-ჯერ მეტი უჯრედი გვაქვს, კიბო კი მეტი არაფერია, თუ არა უჯრედი, რომელიც გარკვეული დარღვევების გამო უკონტროლოდ მრავლდება. ლოგიკური იქნებოდა გვეფიქრა, რომ ადამიანებს კიბოს გაჩენის უფრო დიდი შანსი უნდა ჰქონდეთ, ვიდრე თაგვებს. ეს პარადოქსი უამრავ სხვადასხვა სახეობაზე ვრცელდება: კიბოს განვითარების რისკი, ადამიანებთან შედარებით, ლურჯ ვეშაპებსაც ბევრად უფრო დაბალი აქვთ.
6. ფერმის პარადოქსი
აღნიშნულ პარადოქსს იტალიელი ფიზიკოსის, ენრიკო ფერმის სახელით ვიცნობთ. პარადოქსის იდეა შემდეგია: სამყაროზე დაკვირვებები მიუთითებს, რომ სამყაროში სიცოცხლის გაჩენის შანსი საკმაოდ მაღალია, მიუხედავად ამისა, ჩვენ სიცოცხლის კვალს ვერსად ვპოულობთ, სად არიან უცხოპლანეტელები?
მხოლოდ ჩვენს გალაქტიკაში დაახლოებით 400 მილიარდი ვარსკვლავი და 640 მილიარდი პლანეტაა, ამ პლანეტების საკმაოდ მნიშვნელოვანი რაოდენობა კი საკუთარი ვარსკვლავის გარშემო სასიცოცხლო ზონაშია მოთავსებული, რაც ნიშნავს, რომ სამყაროში სიცოცხლეს განვითარების უამრავი შანსი უნდა ჰქონდეს, მიუხედავად ამისა ჩვენ სხვა ცივილიზაციების კვალს ჯერაც ვერ ვპოულობთ.
7. პოლჩინსკის პარადოქსი
ჯოსეფ პოლჩინსკი ამერიკელი ფიზიკოსია, რომლის მიერ შემუშავებული დროის პარადოქსის უამრავი სხვადასხვა ვერსიაა გავრცელებული.
რა ხდება მაშინ, თუ ბილიარდის ბურთს დრო-სივრცის პორტალში (რომელსაც ჭიის ხვრელს უწოდებენ ხოლმე) შევაგორებთ, ისე, რომ ის წარსულში თავის თავს დაეჯახოს და ბურთს ხვრელში შეგორების საშუალება არ მისცეს?
ამ პარადოქსის ერთ-ერთი ვარიანტია დროში მოგზაურობა და საკუთარი ბაბუის ან ბებიის მოკვლა, რა შემთხვევაშიც თქვენ ვეღარ გაჩნდებით და დროშიც ვეღარ იმოგზაურებთ. კიდევ ერთი ვერსია ასეთია: თუ წარსულში გაემგზავრებით, რათა პატარა ჰიტლერი მოკლათ, მაშინ ხომ აღარ იარსებებს მიზეზი, რის გამოც თქვენ სხვა საუკუნეში გადაინაცვლეთ და შესაბამისად, ეს მოგზაურობაც არ შედგება?!
8. დამკვირვებლის პარადოქსი
ამ პარადოქსს მაშინ ვაწყდებით, როდესაც რაიმე ფენომენის შესწავლისას, მასზე დაკვირვება თავად ამ ფენომენზევე ახდენს გავლენას. მაგალითად, სოციოლინგვისტური კვლევის მიზანია დადგინდეს, თუ როგორ საუბრობენ ადამიანები ყოველდღიურად, თუმცა პრობლემა ისაა, რომ როდესაც ადამიანებმა იციან, რომ მათ აკვირდებიან, ისინ უფრო ფორმალურად საუბრობენ, რაც კვლევას უსარგებლოს ხდის.
ერთ-ერთ ქარხანაში მკვლევარები ცდილობდნენ დაედგინათ, გაუმჯობესდებოდა თუ არა პერსონალის პროდუქტიულობა საწარმოო ხაზზე სინათლის ინტენსივობის მომატებისას. მათ აღმოაჩინეს, რომ სინათლის მომატება მომუშავე პერსონალზე დადებით გავლენას ახდენდა, თუმცა მათ ასევე ნახეს, რომ პროდუქტიულობა სინათლის დაბალ ინტენსივობაზე დაბრუნებისასაც გაუმჯობესდა, საბოლოოდ დადგინდა, რომ პერსონალზე გავლენას არა სინათლის ინტენსივობა, არამედ მათზე დაკვირვება და ყურადღება ახდენდა.
9. ტოლერანტობის პარადოქსი
აღნიშნული პარადოქსის იდეა არის ის, რომ სრულად შემწყნარებელი საზოგადოება არატოლერანტულობის მიმართაც ტოლერანტული იქნება, რაც ნიშნავს, რომ არაშემწყნარებელი სუბიექტები უფრო და უფრო მეტ გავლენას მოიპოვებენ და ისევ არატოლერანტულ საზოგადოებას მივიღებთ.
იმისათვის, რომ საზოგადოება შემწყნარებელი იყოს, ის შეუმწყნარებლობის მიმართ ტოლერანტული არ უნდა იყოს, ანუ ტოლერანტული საზოგადოების შესანარჩუნებლად შეუმწყნარებლობაა საჭირო, რაც პარადოქსულია.
10. შეგნებულად დატოვებული ცარიელი გვერდი
წიგნებისა და ლეგალური დოკუმენტების ფორმატირებისას ზოგჯერ ჩნდება ერთი ფურცლის დამატების საჭიროება, რომელიც ცარიელი უნდა იყოს. იმისთვის, რომ მკითხველებს საკუთარი წიგნი ან დოკუმენტი დეფექტური არ ეგონოთ, ცარიელ გვერდზე ხშირად შევხვდებით წარწერას, რომელიც გვატყობინებს, რომ "ცარიელი გვერდი შეგნებულადაა დატოვებული", რაც მას "სიცარიელეს" ართმევს.
კომენტარები