გრენლანდიაში მყინვარის ქვეშ 30-კილომეტრიანი კრატერი აღმოაჩინეს
გრენლანდიაში ყინულის ერთკილომეტრიანი ფენის ქვეშ უზარმაზარი კრატერი აღმოაჩინეს.
უზარმაზარი კრატერი სავარაუდოდ ერთი კილომეტრის სიგანის მეტეორის ჩამოვარდნის შედეგია, რომელიც კუნძულს წამში ოცი კილომეტრის სიჩქარით დაეცა.
ათ მილიარდტონიანი მეტეორის კუნძულთან შეჯახება 1945 წელს ჰიროშიმაში ჩამოგდებულ ატომურ ბომბზე 47 მილიონჯერ უფრო ძლიერ აფეთქებას გამოიწვევდა. ატმოსფეროში გატყორცნილი დიდი რაოდენობის გრუნტის გარდა შეჯახება გრენლანდიაში უზარმაზარი რაოდენობის ყინულსაც გაადნობდა.
ყინულის ქვეშ აღმოჩენილი კრატერი სიგანეში დაახლოებით 30 კილომეტრია, რის გამოც ის უკვე დედამიწაზე არსებულ 25 ყველაზე დიდ კრატერთა სიაში შედის.
"ამ დრომდე ამ ზომის ყველაზე ახალგაზრდა კრატერი 40 მილიონი წლის იყო, ამიტომ ახალი აღმოჩენა უმნიშვნელოვანესია", - აცხადებს დანიის ნატურალური ისტორიის მუზეუმის წარმომადგენელი კურტ კიარი.
მეცნიერები ყინულის ქვეშ კრატერის არსებობის შესაძლებლობაზე ჯერ კიდევ 2015 წელს დაფიქრდნენ, როცა ნასას მიერ რადარით გადაღებულ სურათებში ყინულის ქვეშ კრატერის ფორმის მსგავსი სტრუქტურა შეამჩნიეს.
მეცნიერებმა კრატერის აღმოსაჩენად გერმანიის ალფრედ ვეგენერის ინსტიტუტში შექმნილი ახალი გაძლიერებული რადარის სისტემა გამოიყენეს, რომელსაც ფუნქციონირება ჰაერიდან შეეძლო. 2016 წელს მეცნიერებმა აღნიშნულ მყინვარს გადაუფრინეს და ყინულის ქვეშ არსებული სტრუქტურების მაღალი გარჩევადობის რუკა შექმნეს.
რადარით მიღებულ სურათებში მკაფიოდ ჩანდა 300 მეტრის სიღრმის მქონე მრგვალი სტრუქტურა, რომლის ცენტრიც შემაღლებული იყო. სტრუქტურის დაფიქსირების შემდეგ მეცნიერებმა ადგილიდან ნიმუშებიც აიღეს, რომლებშიც მათ მეტეორის შეჯახების კვალიც აღმოაჩინეს.
ჯერჯერობით, შეჯახების ზუსტი თარიღის თქმა რთულია, თუმცა კრატერის მდგომარეობა მიანიშნებს, რომ ის მას შემდეგ გაჩნდა, რაც დაახლოებით სამი მილიონი წლის წინ გრენლანდიამ ყინულით დაფარვა დაიწყო, თუმცა კრატერი შესაძლოა ბევრად უფრო ახალგაზრდა იყოს. რადარით მიღებული სურათებით დგინდება, რომ კრატერის შემდგომი ზედაპირული ფენები დაზიანებული არ არის, თუმცა უფრო ღრმა, ძველი ფენები ძლიერად დეფორმირებულია და მასში დიდი ზომის ქვების ნატეხებია გაჭედილი.
"იმის გასარკვევად, თუ როდის მოხდა შეჯახება დაახლოებით 64 000 ათასი დოლარია საჭირო. ამისთვის ერთკილომეტრიანი ყინული უნდა გაიბურღოს და კრატერის ნიმუშების დათარიღება მოხდეს. მეორე ვარიანტი კი მოცდაა, ჩვენ შეგვიძლია დაველოდოთ, როდის გამოიტანს მყინვარი შეჯახებისას გაფანტულ ქვებს ზედაპირზე", - აცხადებს ნასას გოდარდის კოსმოსური ფრენის ცენტრის უფროსი მეცნიერი იოსებ მაკრეგორი.
კომენტარები