უძველეს სარიტუალო კომპლექსზე ჰალუცინოგენები, ძვლები და ძვირფასეულობა აღმოაჩინეს
ატაკამას უდაბნო დედამიწაზე ყველაზე მშრალი ადგილია, ის იმდენად სპეციფიკურია, რომ მას ხშირად ასტრონავტების სავარჯიშოდ, მარსისა და სხვა პლანეტების მოდელირებისთვის იყენებენ.
მიუხედავად ამისა, ათასობით წლის წინ ატაკამას უდაბნო საკმაოდ შეძლებული და განვითარებული მონადირე-შემგროვებელთა ტომის საცხოვრებელი ადგილი იყო, რომელთაც, როგორც ჩანს, საჭმლის, ძვირფასი ქვებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი ჰქონდათ.
ჩილელმა და ფრანგმა არქეოლოგებმა ატაკამას უდაბნოში არსებული უძველესი საცერემონიო კომპლექსი, Tulán-52 შეისწავლეს, კომპლექსი ქრისტესშობამდე 3450-დან 2250 წლამდე თარიღდება.
როგროც ჩანს, Tulán-52-ს ნეოლითური ხანის დასაწყისში მნიშვნელოვანი პოზიცია ეკავა, მის გარშემო არის კიდევ ერთი საცერემონიო კომპლექსი Tulán-54, რომელიც ქრისტესშობამდე 1250-დან 680 წლამდე თარიღდება. ორივე ძეგლზე არსებული სტრუქტურები ერთმანეთის მსგავსია.
Tulán-54 არტეფაქტებით უფრო მდიდარია, აქ მეცნიერებმა ოქრო, ობსიდიანი და წყლის ნიჟარები აღმოაჩინეს. ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი, ოქროთი დაფარული ხის მასალით შექმნილი სვავის თავია, რომელსაც თვალებში მწვანე თვლები აქვს ჩასმული. არტეფაქტი ქრისტესშობამდე დაახლოებით 615 წლით თარიღდება.
ქვისგან დამზადებულ საფქვავებზე კი ჰალუცინოგენების კვალია აღმოჩენილი, რომლებსაც ტომები ჩრდილო-აღმოსავლეთ არგენტინიდან იმპორტირებული სხვადასხვა მცენარის თესლებიდან იღებდნენ.
ადგილზე ნაპოვნია ბავშვთა ნამარხების კვალიც, რაც მიუთითებს, რომ ამ ადგილს მნიშვნელოვანი კულტურული დანიშნულება ჰქონდა.
კვლევა კემბრიჯის უნივერსიტეტის ჟურნალ Antiquity-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები