ატმოსფეროში გამოყოფილი დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგი ოკეანის ფსკერს შლის
ახლახან ჩატარებული კვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ ოკეანეში მოხვედრილი მომატებული რაოდენობის ნახშირორჟანგი ოკეანის ფსკერის დაშლას იწვევს.
დედამიწაზე ნახშირორჟანგის ბრუნვა რამდენიმე სხვადასხვა ხერხით მიმდინარეობს. ამ ბრუნვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი კი ოკეანეა, რომლის ზედაპირზე შთანთქმული ნახშირორჟანგიც საბოლოოდ მის ფსკერზე ხვდება, სადაც კალციუმის კარბონატი მას ბიკარბონატად გარდაქმნის.
ეს სქემა მილიონობით წლის განმავლობაში წარმატებით მუშაობდა, თუმცა ადამიანების მიერ ატმოსფეროს ნახშირორჟანგით დაბინძურებამ ეს ბუნებრივი სისტემა მწყობრიდან გამოიყვანა. ოკეანის ფსკერი მომატებული რაოდენობის ნახშირორჟანგის "გადამუშავებას" ვეღარ ახერხებს, რის გამოც ფსკერზე არსებული კალციუმის კარბონატის მარაგები სწრაფად იშლება. ეს კი ოკეანეებში მჟავიანობას ამაღლებს.
"ოკეანე თავის საქმეს ძალიან ეკონომიურად აკეთებს, პრობლემა ის არის, რომ ატმოსფეროში გადამატებული რაოდენობის ნახშირორჟანგია. დედამიწაზე ნახშირორჟანგის ასეთი მაღალი დონე დინოზავრების დაღუპვის შემდეგ არ ყოფილა", - აცხადებს მაკგილის უნივერსიტეტის სტუდენტი და კვლევის ავტორი ოლივერ სიულპისი.
ლაბორატორიაში ჩატარებულ ექსპერიმენტებზე, ოკეანეში შეგროვებულ ინფორმაციასა და სიმულაციებზე დაყრდნობით სიულპისმა და მისმა კოლეგებმა ოკეანის ფსკერზე არსებული "ცხელი წერტილები" აღმოაჩინეს, სადაც ფსკერი განსაკუთრებით სწრაფად იშლება.
კალციუმის კარბონატის სწრაფად დაშლა ოკეანის ფსკერის შემადგენლობის მკვეთრ ცვლას გამოიწვევს, ხოლო ადამიანის აქტივობების კვალის დანახვა მილიონობით წლის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.
"დედამიწაზე ერთი კვადრატული მეტრიც აღარ დარჩა, სადაც ადამიანის გავლენა არ იგრძნობა. ჩვენ ოკეანის ფსკერზე ბევრი რამ არ ვიცით, თუმცა იქ პლასტმასის ნარჩენებსა და ნახშირორჟანგს უკვე ვპოულობთ", - აცხადებს სიულპისი.
იმის ვარაუდი, თუ ზუსტად რა გავლენა ექნება ოკეანეში მჟავიანობის მატებასა და კალციუმის კარბონატის მარაგებია დაშლას, რთულია. ჩვენ ვიცით, რომ ორგანიზმებზე, რომლებიც კალციუმისგან ნიჟარებს ან ჯავშნებს ამზადებენ, მსგავსი ცვლილებები უარყოფით გავლენას ახდენს. ოკეანის ფკსერზე მცხოვრები დანარჩენი არსებების ბედი კი უცნობია.
კომენტარები