გალაქტიკური კანიბალიზმით ირმის ნახტომის სქელი დისკის წარმომავლობა აიხსნა
ცნობილია, რომ შორეულ წარსულში ჩვენს გალაქტიკას, ანუ ირმის ნახტომს სხვა გალაქტიკებთან საკმაოდ ინტენსიური შეჯახებები აქვს გადატანილი.
ახლა კი ასტრონომებმა აღმოაჩინეს, რომ ირმის ნახტომის ცენტრში არსებული სქელი დისკი, რომლის წარმომავლობაც აქამდე უცნობი იყო, სწორედ ასეთი შეჯახების შედეგია.
ეს შეჯახება დაახლოებით ათი მილიარდი წლის წინ მოხდა და სწორედ ის არის პასუხისმგებელი ჩვენი გალაქტიკის სქელი დისკისა და ირმის ნახტომის შიდა ჰალოს წარმოქმნაზე - ეს უკანასკნელი გუმბათისებრი სტრუქტურაა, რომელიც გალაქტიკური სიბრტყის ზემოთ და ქვემოთ ვრცელდება.
ირმის ნახტომის ჰალო სხვა სპირალური გალაქტიკებისას არ ჰგავს. სხვებისგან განსხვავებით, მასში არსებულ ვარსკვლავებში მძიმე მეტალების შემცველობა ძალიან მცირეა. ეს თვისება მხოლოდ ძველ, ძალიან ძველ ვარსკვლავებს ახასიათებს, ვინაიდან მძიმე მეტალები სამყაროში მხოლოდ მას შემდეგ გაჩნდა, როდესაც პირველი თაობის ვარსკვლავები, რომლებმაც მეტალები დაასინთეზეს, დაიღუპნენ და მათში შექმნილი ელემენტები სივრცეში მიმოიფანტნენ, რისგანაც უკვე ახალი, მეტალების შემცველი ვარსკვლავებიც წარმოიშვა.
ასტრონომებს დიდი ხნის განმავლობაში მიაჩნდათ, რომ ირმის ნახტომს სხვა პატარა გალაქტიკები რამდენჯერმე შეეჯახნენ, რომლებმაც ირმის ნახტომის ჰალო ვარსკვლავებით "გამოკვებეს", თუმცა ეს შეჯახებები ათი მილიარდი წლის წინ, ან უფრო ადრე უნდა მომხდარიყო. აღსანიშნავია, რომ სამყარო მხოლოდ 13.8 მილიარდი წლისაა.
ახლახან, ევროპულმა კოსმოსურმა სააგენტომ საკუთარი კოსმოსური ობსერვატორიის, GAIA-ს მიერ შექმნილი ცის ამ დროისთვის ყველაზე ზუსტი და დეტალური რუკა გამოაქვეყნა, რისი წყალობითაც ასტრონომებმა ირმის ნახტომის ჰალოს უპრეცენდენტო სიზუსტით შესწავლა შეძლეს.
მათ აღმოაჩინეს, რომ ჰალოში არსებულ ობიექტებს საერთო წარმომავლობა აქვთ და ეს სხვა გალაქტიკაა, რომელთან შეჯახების შედეგად ისინი ირმის ნახტომის ცენტრში მოხვდნენ. ქვემოთ მოცემულ ვიდეოში კი ამ შეჯახების სიმულირებას ხედავთ.
"GAIA-ს მონაცემებზე დაყრდნობით, ჩვენ ირმის ნახტომის შიდა ჰალოში არსებული ვარსკვლავების ტრაექტორია შევამოწმეთ და აღმოვაჩინეთ, რომ ისინი ერთ მოძრავ სტრუქტურას ქმნიან, ხოლო მასში არსებული ვარსკვლავების კომპოზიცია კი მიუთითებს, რომ ყველა მათგანი ირმის ნახტომის გარეთ, რომელიღაც სხვა გალაქტიკაში ჩამოყალიბდა. შიდა ჰალოში შეიძლება სხვა წარმომავლობის ობიექტებიც იყვნენ, თუმცა მათ უმეტესობას ნამდვილად ერთი, კონკრეტულ საწყისი აქვს," - აცხადებს გრონინგენის უნივერსიტეტის ასტრონომი ამინა ჰელმი.
აღნიშნული შეჯახების დამადასტურებელი ფაქტების პოვნამ მეცნიერებს საშუალება მისცათ, რომ ირმის ნახტომის ანომალურად სქელი დისკის წარმოშობა აეხსნათ.
მსგავს სქელ დისკებს სპირალური გალაქტიკების ნაწილში ვპოულობთ, თუმცა ასტრონომებმა მისი წარმოშობა რეალურად არ იციან. ირმის ნახტომის შემთხვევაში, გალაქტიკური დისკი ორ ნაწილად იყოფა, ერთი არის ვარსკვლავების, გაზისა და მტვრის შემცველი თხელი დისკი, რომლის სიგანეც 400 სინათლის წელიწადია, მეორე კი არის 1 000 სინათლის წელიწადის სისქის სქელი დისკი, რომელში არსებული ვარსკვლავების ასაკიც 10 მილიარდი წლიდან იწყება.
არსებობს კიდევ ერთი მსგავსი კვლევა, რომელმაც ასევე დაადგინა, რომ ირმის ნახტომს დაახლოებით 9.5 მილიარდი წლის წინ მისივე სატელიტი გალაქტიკა შეეჯახა, რომლის ვარსკვლავებიც საბოლოოდ ჩვენი გალაქტიკის ცენტრში მოხვდა.
"ეს ყველაფერი საშუალებას მოგვცემს უკეთ გავიგოთ, თუ როგორ გამოიყურებოდნენ გალაქტიკები ახალგაზრდა სამყაროში. ამ დრომდე ჩვენი გალაქტიკის ისტორია უცნობი იყო და არც ის ვიცოდით, ირმის ნახტომის ჰალოში არსებული ვარსკვლავები ჩვენს გალაქტიკაში იყვნენ დაბადებულნი, თუ სადმე სხვაგან და არც ის, რა წარმოშობდა სქელ გალაქტიკურ დისკს.
კვლევა ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები