ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ ხაბიბ ნურმაგომედოვისა და კონორ მაკგრეგორის ორთაბრძოლის წინ

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

გზა მეგობრობიდან დაუძინებელ მტრობამდე და ბრძოლა, რომელსაც ყველა მოუთმენლად ელოდება. 7 ოქტომბერს UFC 229-ზე ოქტაგონის გალია დაიკეტება და საუკეთესოს ვინაობა 5 რაუნდიან დაპირისპირებაში გაირკვევა.

რა ხდება 7 ოქტომბერს?

ფოტო: UFC

7 ოქტომბერს, გამთენიისას, შერეული ორთაბრძოლების ორი გამორჩეული ვარსკვლავი ერთმანეთს UFC 229-ის ღონისძიებაზე დაუპირისპირდებიან. ამ დღის მთავარი შეხვედრა ხაბიბ ნურმაგომედოვსა და კონორ მაკგრეგორს შორის გაიმართება.

კონორ მაკგრეგორი ირლანდიელი მებრძოლია, რომელმაც პროფესიონალური კარიერა 2008 წელს დაიწყო. მარცხი და გამარჯვება მისთვის ერთნაირად ნაცნობია და როგორც თვითონ ამბობს, წარუმატებლობა კიდევ უფრო მეტად აძლიერებს. ირლანდიელი UFC-ს ორი წონითი კატეგორიის ყოფილი ჩემპიონია, თუმცა მან ბოლო ბრძოლა 2 წლის წინ, ედი ალვარესის წინააღმდეგ გამართა. 10 წლიანი კარიერის შემდეგ, კონორ მაკგრეგორის ანგარიშზე 21 გამარჯვება და 3 მარცხია.

ხაბიბ ნურმაგომედოვი სრულიად განსხვავებული მებრძოლია, რომელსაც თავის პროფესიონალურ კარიერაში არც ერთი მარცხი არ განუცდია. მისი ჩხუბის ტექნიკა და სტილი რადიკალურად განსხვავდება მეტოქისაგან, თუმცა ხაბიბმა ბევრჯერ დაამტკიცა, რომ ცალსახად შეუძლია ნებისმიერ მეტოქეზე დომინირება. დაღესტანელი სპორტსმენი მსუბუქიწონითი კატეგორიის მოქმედი ჩემპიონია, რომელიც ტიტულის დაცვას ნებისმიერ ფასად აპირებს.

რატომ არის ეს შეხვედრა ასეთი გამორჩეული?

UFC 229-ის მთავარ ბრძოლას გამორჩეულს არაერთი მიზეზი ხდის. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ხაბიბისა და კონორის პიროვნული დაპირისპირებაა, რომელიც უკვე დიდი ხანია განხილვის საგანია. ირლანდიელი და დაღესტანელი მებრძოლები ერთმანეთის მიმართ უშვერ სიტყვებს არ იშურებენ და ზიზღს ყველაზე უხეში ფორმებით გამოხატავენ.

მეორე მიზეზი კი ისაა, რომ კონორიც და ხაბიბიც არამარტო UFC-ს, არამედ მსოფლიო სპორტის ვარსკვლავები არიან. ორიე სპორტსმენს გულშმატკივრების მთელი არმია ჰყავს, რომლებიც მათ დაპირისპირებას წლებია ელიან. ყველაზე ეპატაჟური და დაუმარცხებელი სპორტსმენების შეჯახება სავარაუდოდ UFC-ს ყველა დროის რეკორდს მოხსნის მაყურებლების რაოდენობით და ეს ტემპერატურა ბრძოლამდე 1 დღით ადრე უკვე იგრძნობა.

რაც ყველაზე მთავარია, 7 ოქტომბრის დაპირისპირებაში ერთმანეთს ორი რადიკალურად განსხვავებული სტილის მქონე მებრძოლი შეხვდება. კონორ მაკგრეგორი თავის ბრძოლებს ძირითადად ფეხზე დგომში წარმართავს და მისი ძლიერი მხარე სწრაფი და ძლიერი დარტყმებია. რაც შეეხება ხაბიბს, ის მოჭიდავეა და მისი კომფორტის ზონა პარტერში ბრძოლაა, რაშიც ხაბიბს UFC-ში ბადალი არ ჰყავს.

გზა მეგობრობიდან მტრობამდე - როგორ დაიწყო მათი ისტორია?

ფოტო: Instag

შესაძლოა მკითხველისთვის აღმოჩენა იყოს, რომ ორი საუკეთესო მებრძოლი ერთ დროს მეგობრები იყვნენ. განსაკუთრებით კი ხაბიბ ნურმაგომედოვი გამოირჩეოდა კარგი დამოკიდებულებით კონორის მიმართ. მან ირლანდიელთან ერთ-ერთი ორთაბრძოლის შემდეგ ფოტოც გადაიღო და ტვიტერზე დადო. ის კონორის შესახებ წერდა, რომ მაკგრეგორი შთამბეჭდავი და საშიში მოჩხუბარი იყო. ეს ყველაფერი მაშინ ხდებოდა, როცა კონორი ნახევრადმსუბუქ წონით კატეგორიაში გამოდიოდა, ხაბიბი კი მსუბუქ კატეგორიაში დომინირებდა.

სიტუაცია ორ მებრძოლს შორის მაშინ აირია, როცა კონორმა დივიზიონის შეცვლა გადაწყვიტა და ნახევრადმსუბუქიდან მსუბუქ წონით კატეგორიაში გადაბარგდა. ამ ცვლილებამ ხაბიბის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან მიუხედავად წაუგებელი სერიებისა, მისი პოპულარობა კონორთან მიახლოებულიც არ იყოს. კონორ მაკგრეგორმა მსუბუქ წონით კატეგორიაში მალევე მიიღო საჩემპიონო ორთაბრძოლის უფლება, ხაბიბი კი ქამრისთვის ბრძოლას ზოგჯერ ტრავმების, ზოგჯერ კი UFC-ს გადაწყვეტილების გამო ჩამოშორდა.

ამ სიტუაციამ ხაბიბ ნურმაგომედოვის უკმაყოფილება გამოიწვია და მან კონორი არაერთხელ გამოიწვია ჩხუბში. ის ირლანდიელ მებრძოლს მოიხსენიებდა, როგორც "ქათამს", "ბურგერ კინგს", "დანებების მანქანას" (Tap Machine), რაც ძირითადად კონორის სარეკლამო აქტივობით იყო გამოწვეული.

2016 წლის 12 ნოემბერს, როდესაც კონორი ედი ალვარეზს უნდა შეხვედროდა, ხაბიბი და კონორი ერთმანეთს დერეფანში შეხვდნენ, რასაც დაძაბულობა მოჰყვა.

ამ პერიოდში კონორ მაკგრეგორმა UFC-ში პაუზა აიღო და მთელი ყურადღება ბოქსსა და ფლოიდ მეივეზერთან გასამართ მატჩს დაუთმო. საერთო ჯამში კონორს ორ წლიანი პაუზა გამოუვიდა და პასიურობის გამო ჩემპიონის ტიტულიც ჩამოერთვა. ამასობაში ხაბიბი გამარჯვებების სერიას აგრძელებდა და საბოლოოდ ქამარიც მოიპოვა, თუმცა ამით არ დაკმაყოფილებულა. ის საჯაროდ სთხოვა დენა უაითს (UFC-ს) პრეზიდენტს კონორთან შეხვედრის ორგანიზებას. "მინდა, რომ შენს ბიჭს სახე გავულამაზო", - ეუბნებოდა ხაბიბი დენას.

მათი ურთიერთობის დაძაბულობამ პიკს 2018 წლის აპრილში მიაღწია.

კონორის შეტაკება ხაბიბის ავტობუსზე და ბრძოლის დაანონსება

2018 წლის აპრილში კონორ მაკგრეგორი UFC-ს ავტობუსს დაესხა თავს, რომელშიც ხაბიბ ნურმაგომედოვი იჯდა. ავტობუსს სპორტსმენები UFC 223-ის პრესკონფერენციაზე მიჰყავდა, რა დროსაც ავტოფარეხში ირლანდიელი მაკგრეგორი თავის მეგობრებთან ერთად გამოჩნდა და ავტობუსს სხვადასხვა ნივთები დაუშინა. ამ შემთხვევას ერთი დაზარალებული მებრძოლი მოჰყვა, თუმცა კონორს კანონთან პრობლემები შეექმნა.

ჩნდება კითხვა, რატომ მოიქცა კონორი ასე? - კონორს ჰყავს ერთი ძალიან ახლო მეგობარი, არტიომ ლობოვი, რომელმაც ხაბიბის შესახებ ვიდეო ჩაწერა. ვიდეოში ლობოვი ხაბიბს აკრიტიკებდა, რაც დაღესტანელს ძალიან არ მოეწონა. აპრილში ლობოვი და ხაბიბი ერთმანეთს შემთხვევით გადაეკვეთნენ, რა დროსაც ხაბიბმა ვიდეოს გამო ლობოვს "პასუხი მოსთხოვა" და გაულაწუნა კიდეც.

ეს რომ კონორ მაკგრეგორმა შეიტყო, გადაწყვიტა ხაბიბისთვის ჭკუა ესწავლებინა და მეგობრებთან ერთად მივარდა იმ ავტობუსს, რომელშიც ხაბიბი იჯდა. კონორი მიმართავდა მას, რომ ავტობუსიდან ჩამოსულიყო და პირისპირ დაემტკიცებინა მისი "კაცობა", თუმცა ხაბიბს ავტობუსიდან ჩასვლის საშუალება დაცვამ არ მისცა. ინციდენტის შემდეგ ხაბიბმა კონორი კიდევ ერთხელ გამოიწვია. "უბრალოდ მომწერე მისამართი", - მიმართა დაღესტანელმა მაკგრეგორს. ეს იყო მომენტი, როდესაც მთელი მსოფლიო დარწმუნდა, რომ კონორის და ხაბიბის ორთაბრძოლა აუცილებლად შედგებოდა.

რამდენიმე კვირის წინ UFC-მ ოფიციალურად დააანონსა UFC 299 და მთავარი ორთაბრძოლა კონორისა და ხაბიბს შორის, რომლის დაწყებამდეც სულ რამდენიმე საათია დარჩენილი.

საინტერესო ფაქტები კონორ მაკგრეგორის შესახებ

კონორ მაკგრეგორი ირლანდიელი სპორტსმენია, რომელიც 1988 წელს დუბლინის გარეუბანში დაიბადა. მისი ცხოვრება სავსეა საინტერესო ფაქტებითა და შემთხვევებით, რომლებიც კონორს ასეთ განსაკუთრებულს ხდის. 30 წლის სპორტსმენი რამდენიმე წლის წინ ერთი უბრალო ღარიბი სანტექნიკოსი იყო, რომელიც მრავალი ირლანდიელივით რამდენიმე ათეულ ევროს გამოიმუშავებდა. დღეს კი ის მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების ხუთეულში შედის და მისი ქონება რამდენიმე ასეულ მილიონს ითვლის.

საინტერესო ფაქტები კონორ მაკგრეგორის შესახებ:

  • კონორ მაკგრეგორი ბავშვობაში ხშირად იყო ბულინგის მსხვერპლი. მისი სიმაღლისა და სისუსტის გამო კონორს თანატოლები ჩაგრავდნენ, რის გამოც ირლანდიელმა მებრძოლმა ბოქსზე სიარული გადაწყვიტა.
  • კონორ მაკგრეგორი სანტექნიკოსი იყო და სხვადასხვა დაწესებულებებში მუშაობდა, თუმცა მალევე მიხვდა, რომ მისი ჟინი პროფესიონალური საბრძოლო კარიერის მიმართ ძალიან დიდი იყო და სამსახური მიატოვა.
  • სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ, მაკგრეგორს შემოსავალი არ ჰქონდა, რის გამოც სახელმწიფო შემწეობაზე ცხოვრობდა. მას ყოველთვე 180 ევრო ეძლეოდა სოციალური დახმარება. ამ პერიოდში კონორი მთელ დროს ვარჯიშს უთმობდა და ოცნებობდა, რომ ოდესმე ჩემპიონი გახდებოდა.
  • მაშინ, როდესაც კონორი ირლანდიის უღატაკეს ფენას მიეკუთვნებოდა და მთელ დროს ვარჯიშს უთმობდა, მაკგრეგორის ცხოვრებაში მისი ამჟამინდელი მეუღლე, დი დევლინი გამოჩნდა. ირლანდიელ მებრძოლს ყველაზე რთულ პერიოდში დი დევლინი გვერდში ედგა, მორალურად ამხნევებდა და ზრუნავდა მის ჯანმრთელობაზე. კონორი ყოველთვის აღნიშნავს, რომ დევლინის გარეშე მისი წარმატება წარმოუდგენელი იქნებოდა.
  • კონორ მაკგრეგორი UFC-ის ისტორიაში ყველაზე სწრაფი ფინიშერია, რაც იმას ნიშნავს, რომ ორთაბრძოლებს ყველაზე სწრაფად იგებს. ირლანდიელის ანგარიშზეა UFC-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მებრძოლის, ჟოზე ალდოს ნოკაუტით დამარცხებაც, რისთვისაც კონორს სულ რაღაც 13 წამი დასჭირდა.
  • კონორ მაკგრეგორის ანგარიშზე შერეულ ორთაბრძოლებში 21 გამარჯვება და 3 მარცხია. ამ სამიდან, მაკგრეგორმა 2 კარიერის დასაწყისში წააგო, ბოლო წარუმატებლობა კი 2016 წელს, ნეიტ დიაზის წინააღმდეგ იწვნია. რამდენიმე თვის შემდეგ, მაკგრეგორმა ნეიტ დიაზი კიდევ ერთხელ გამოიწვია და ის 5 რაუნდიან ორთაბრძოლაში დაამარცხა.
  • კონორ მაკგრეგორი UFC-ს ერთადერთი მებრძოლია, რომელმაც ორ წონით კატეგორიაში მოიპოვა ჩემპიონობა.

საინტერესო ფაქტები ხაბიბ ნურმაგომედოვის შესახებ

ხაბიბ ნურმაგომედოვი დაღესტანში, 1988 წელს დაიბადა. მამამისი, აბდულმანაფ ნურმაგომედოვი პროფესიონალი მწვრთნელია, რომელიც ხაბიბს ფაქტობრივად დაბადებიდან წვრთნიდა. ბავშვობაში ნურმაგომედოვს რთული სავარჯიშო გრაფიკი ჰქონდა, რამაც მის კარიერას უდიდესი კვალი დაატყო. ხაბიბის კარიერული და ბიოგრაფიული ფაქტები ძალიან საინტერესოა მათთვის, ვინც UFC 229-ს ელოდება.

  • ხაბიბ ნურმაგომედოვი ბავშვობაში დათვის ბელთან ჭიდაობდა და მას უშანსოდ ამარცხებდა. როგორც ხაბიბი ამბობს, დათვთან ჭიდაობამ მას ბევრი რამ ასწავლა, მათ შორის ბრძოლისუნარიანობა.
  • ხაბიბ ნურმაგომედოვი სამბობს ორ გზის მსოფლიო ჩემპიონია, თუმცა ის ყველა სახეობის ორთაბრძოლაში პროფესიონალურად იბრძვის.
  • ნურმაგომედოვი ძალიან მორწმუნე მუსულმანია, რომელიც რელიგიურ წესჩვეულებებს ზედმიწევნით იცავს. რამადანის პერიოდში ხაბიბი არასდროს ჩხუბობს, არაფერს ჭამს და მხოლოდ საღამოობით ვარჯიშობს.
  • ხაბიბ ნურმაგომედოვი პირველი რუსი და მუსლიმი მებრძოლია MMA-ს ისტორიაში, რომელმაც ჩემპიონის ქამარი მოიპოვა.
  • დაღესტანელი მებრძოლი ამ დროისთვის ერთადერთი წაუგებელი მებრძოლია. მის ანგარიშზე 26 გამარჯვება და ნული მარცხია.
  • ხაბიბ ნურმაგომედოვის მამა ფიქრობს, რომ ხაბიბმა პროფესიონალური კარიერა 32 წლის ასაკში უნდა დაასრულოს, რათა დაუმარცხებელ მებრძოლად დარჩეს. მისი აზრით, 32 წელს გადაცილებული ხაბიბი ვეღარ იქნება ისეთ ფორმაში, რომ უმაღლეს დონეზე იჩხუბოს.
  • ხაბიბი ორთაბრძოლამდე ყოველთვის დასაშვებზე უფრო მეტ კილოგრამს იწონის, თუმცა ოფიციალურ აწონვამდე ერთი დღით ადრე 10 კგ-მდე იკლებს. წონის დაფიქსირების შემდეგ კი, ორთაბრძოლამდე დაკლებული კილოგრამების ნახევარს მაინც ინაზღაურებს.
  • ხაბიბ ნურმაგომედოვსა და ტონი ფერგიუსონს შორის ოთხჯერ დაინიშნა შეხვედრა, თუმცა ოთხივე ჩაიშალა. ამის მიზეზი ხან ხაბიბის გადაჭარბებული წონა იყო, ხან კი ტონი ფერგიუსონის ტრავმა.
  • ხაბიბ ნურმაგომედოვი ერთადერთი მებრძოლია, რომელსაც კარიერაში არც ერთი რაუნდი არ წაუგია.

პროგნოზები - ვინ გაიმარჯვებს ამ ორთაბრძოლაში?

ფოტო: UFC

ეს შეხვედრა შესაძლოა იმიტომაც არის გამორჩეული, რომ გამარჯვებულის წინასწარმეტყველება ფაქტობრივად შეუძლებელია. ეს ის შემთხვევაა, როცა წინადადება უნდა დავიწყოთ დაშვებით -"თუ..." - რადგან ორივე მებრძოლს თავისი იარაღი აქვს გასამარჯვებლად.

კონორ მაკგრეგორის ბრძოლის სტილი დისტანციურ დომინირებაშია. კონორს საკმაოდ გრძელი ხელები აქვს, მოძრაობები კი ძალიან ათლეტური. ის ერთდროულად კარგად ხმარობს ფეხებსა და ხელებს, რაც მის მოწინააღმდეგეებს ყოველთვის პრობლემას უქმნის. ირლანდიელი ოქტაგონზე არასდროს შედის მოწინააღმდეგესთან ახლო კონტაქტში და ცდილობს შორიდან მიყენებული დარტყმებით დაამარცხოს ის. კონორი სტრაიკერია, რაც იმას ნიშნავს, რომ მას აქვს უნარი იპოვოს თავისუფალი ზონები და გამანადგურებელი დარტყმა მიაყენოს მოწინააღმდეგეს. ამას MMA-ში თაიმინგი ჰქვია, ანუ დარტყმების მისაყენებლად შერჩეული სწორი დრო, რაშიც კონორი ნამდვილად საუკეთესოა.

ირლანდიელი მებრძოლის მთავარი სისუსტე მისი გამძლეობაა. მიუხედავად იმისა, რომ კონორმა კარგად იცის თავის დაცვა, პარტერში წინააღმდეგობის გაწევა უჭირს, რადგან შედარებით მალე იღლება. ეს სისუსტე ხაბიბ ნურმაგომედოვს უდიდეს უპირატესობას აძლევს. ამის შესახებ თავად დაღესტანელიც საუბრობს:

"ჩემი მიზანია, რომ კონორი დავღალო. მას ძალიან ცუდი გამძლეობა აქვს და თუ ის პირველ ორ რაუნდში ჩემს ნოკაუტში ჩაგდებას ვერ მოახერხებს, ძალიან გრძელი და მძიმე ღამე ელის", - თქვა ხაბიბმა.

ნურმაგომედოვი პარტერში შეუდარებელია. მისი მთავარი მიზანი 7 ოქტომბერს კონორის შებოჭვა იქნება, რაც ადვილი მისაღწევი ნამდვილად არ არის. ხაბიბი ოქტაგონზე 26-ჯერ ავიდა და ყველა შემთხვევაში უპირობო ლიდერი იყო. მას ვერც ერთმა მოწინააღმდეგემ თანასწორი ბრძოლა ვერ შესთავაზა, თუმცა კონორთან სულ სხვა შემთხვევა უნდა იყოს.

ამ ბრძოლაში გაიმარჯვებს ის, ვინც საკუთარი წესებით შეძლებს თამაშს. თუკი კონორს გამოუვა, რომ ბრძოლა დგომში წარიმართოს, მაშინ ის უცოლობლად ფავორიტი იქნება, ხოლო თუ ხაბიბი შეძლებს ირლანდიელის პარტერში გადაყვანას, მაკგრეგორს მართლაც ძალიან გრძელი ღამე ელის წინ.

რამდენ ფულს მიიღებენ ხაბიბი და მაკგრეგორი ორთაბრძოლისთვის?

მებრძოლების ჰონორარი დამოკიდებულია გაყიდული ჩვენებების რაოდენობაზე, თუმცა სავარაუდო თანხა მაინც ცნობილია. ხაბიბ ნურმაგომედოვი კონორთან შეხვედრის შემდეგ დაახლოებით $10 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს, ხოლო კონორ მაკგრეგორი $15 მილიონს.

ცნობისთვის, ამ შეხვედრამდე UFC-ში ჩატარებული ორთაბრძოლისთვის რეკორდული ჰონორარი კონორ მაკგრეგორს აქვს მიღებული. $3.5 მილიონი კონორმა ედი ალვარესთან საჩემპიონო ორთაბრძოლის შემდეგ მიიღო.

რომელ საათზე და რომელ არხზე გავა?

UFC 229 საქართველოს დროით დილის ექვს საათზე დაიწყება და მისი ყურება ქართველი მაყურებლებისთვის Setanta Georgia-ზე იქნება შესაძლებელი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

სადამკვირვებლო ორგანიზაციები: ეუთო/ოდირის დასკვნა კიდევ ერთი საფუძველია, რომ საქართველოში ახალი არჩევნები ჩატარდეს

ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის საბოლოო…