რა გავლენა აქვს მარიხუანის მოხმარებას ადამიანზე — რისკები და ეფექტები მოკლედ

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რა ხდება?

მარიხუანის მოხმარების ლეგალიზების შემდეგ სოციალურ ქსელებსა და მედიასაშუალებებში ერთმანეთისგან განსხვავებული ინფორმაცია, ზოგიერთ შემთხვევაში კი დეზინფორმაცია ვრცელდება.

ლეგალიზაციის მოწინააღმდეგეები მარიხუანაში "ეროვნულობისა და ტრადიციების განადგურების საფრთხეს ხედავენ". ლეგალიზაციის მომხრეების ნაწილი ამბობს, რომ მარიხუანა ორგანიზმისთვის სასარგებლო არ არის, მაგრამ თამბაქოზე და ალკოჰოლზე გაცილებით უსაფრთხოა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეა და კვლევებითაც დასტურდება, მნიშვნელოვანია ზუსტად ვიცოდეთ რისკები, რომელიც მარიხუანის მოხმარებას ახლავს თან.

ფარმაკოლოგიის დოქტორმა, დერილ ინაბამ და ნარკოტიკების განათლების სფეროში წამყვანი კომპანიის, CNS ფროდაქშენის დირექტორმა, უილიამ კოენმა მოამზადეს სახელმძღვანელო, სადაც საუბარია ფსიქოაქტიური საშუალებების ფიზიკური და ფსიქიკური ეფექტების შესახებ. ნაშრომი მერვე გამოცემაა და ქართულ ენაზე ევროკომისიის TEMPUS-ის დაფინანსებით ითარგმნა. სახელმძღვანელოს ავტორები, სხვა ნივთიერებებთან ერთად, მარიხუანის მოხმარებით გამოწვეულ ეფექტებზეც წერენ. უნდა აღინიშნოს, რომ ის ყველა საზიანო შედეგი, რომელიც მარიხუანასა და ნებისმიერ სხვა ფსიქოაქტიურ ნივთიერებას ახლავს, მომხმარებელთა მხოლოდ გარკვეულ ნაწილში იჩენს თავს.

სტატია მომზადებულია სახელმძღვანელოს "ცადამყვანები, გამაბრუებლები და სხვები", მერვე გამოცემის მიხედვით, რომელიც ქართულ ენაზე ევროკომისიის TEMPUS-ის დაფინანსებით ითარგმნა.

რა ხანმოკლე ფიზიკური ეფექტები აქვს მარიხუანის მოხმარებას?

მარიხუანის მოხმარებისას მალევე დგება ფიზიკური რელაქსაციის ან მოშვების, ტკივილის კონტროლის ეფექტი: თვალები წითლდება, ფილტვების გაღიზიანების გამო მომხმარებელი ხშირად ახველებს, იმატებს მადა და კუნთების კოორდინაცია მსუბუქად ან საშუალო დონეზე ირღვევა. მცირე დოზით მიღებისას მარიხუანა ამსუბუქებს ასთმის სიმპტომებს, მაგრამ დიდმა დოზებმა შეიძლება ასთმის შეტევა გამოიწვიოს. დიდი დოზებით მიღებისას დოფამინზე ზემოქმედება და გულისცემის მომატებული სიხშირე გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში მოხვედრის ძირითადი მიზეზებია.

სხვა ფიზიკური ეფექტებია გულისცემის მცირედ მატება, არტერიული წნევის დაწევა, თვალის წნევის დაქვეითება. ეპილეფსიის მქონე პირებს მარიხუანა გულყრებთან გამკლავებაში ეხმარება.

მარიხუანა აქვეითებს მოძრავი ობიექტებისთვის თვალის მიდევნების უნარს და იწვევს "კვალის დატოვების" ფენომენს, რაც მოძრავი ობიექტის ნარჩენი ხატების "დანახვას" გულისხმობს. აღნიშნული ეფექტები ართულებს ამოცანების შესრულებას, რომელიც სიღრმის აღქმას და თვალისა და ხელის კარგ კოორდინაციას მოითხოვს (თვითმფრინავის მართვა, ბურთის დაჭერა).

სტიმულატორის თუ დეპრესანტის ეფექტი დამოკიდებულია კანაფის სახეობაზე, ასევე ტვინში მოხვედრილი ტეტრაჰიდროკანაბინოლის (THC) რაოდენობაზე, გარემოზე, სადაც ხდება მოხმარება, ასევე მომხმარებლის პიროვნულ და ნეიროქიმიურ თავისებურებებზე.

მარიხუანა აძლიერებს მადას და აღძრავს გამძაფრებული შიმშილის გრძნობას. მარიხუანის მოწევის შემდეგ გემოს აღქმა არ ძლიერდება, ის არ ცვლის მჟავე, ტკბილი, მარილიანი ამ მწარე გემოების აღქმას.

"თუ სახლში ვზივარ და მარიხუანას მოვწევ, და თუ ვიცი, რომ საყინულეში ან სადმე სხვაგან საჭმელი მაქვს, მოწევიდან 10 წუთში იმხელა სენდვიჩების კეთებას ვიწყებ... ყველაფერი გემრიელია", - 18 წლის მარიხუანის მომხმარებელი, აღდგენა-გამოჯანმრთელების პროცესში.

მარიხუანამ შეიძლება გამოიწვიოს მამაკაცის ჰორმონის, ტესტოსტერონის გამოყოფის მცირე, დროებითი შეფერხება. ეს მნიშვნელოვანი დეტალია ჰორმონალური დისბალანსის მქონე ან გარდატეხის და სექსუალური მომწიფების პერიოდში მყოფი მომხმარებლებისთვის.

რა ხანმოკლე ფსიქიკური ეფექტები აქვს მარიხუანის მოხმარებას?

მარიხუანის მოწევიდან რამდენიმე წუთის შემდეგ მომხმარებელი ოდნავ დაბნეული ხდება და მენტალურად გამოეყოფა გარემოს. მარიხუანა იწვევს deja vu განცდას − თითქოს, ახლა რაც ხდება, ადრეც მომხდარა; ასევე იწვევს ძილიანობას, დისტანცირებას, კონცენტრაციის სირთულეს.

"ეს ჰგავს ცხოვრებას თანმიმდევრული აზრის გარეშე. გაქცევასავითაა, იძინებ და ივიწყებ რაღაცებს. ყველაფერი სიზმრის მსგავსია და არაფერი გბოჭავს. გაქვს თავისუფლება თქვა ყველაფერი, რის თქმაც გინდა", — 16 წლის მარიხუანის მომხმარებელი.

ძლიერმოქმედმა სახეობებმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, მომატებული სიფხიზლე, მნიშვნელოვანი დარღვევები დროის, ფერების და ხმების აღქმაში. ძალიან ძლიერი დოზების მიღება იწვევს ილუზიებს, მომხმარებლებს აქვთ შეგრძნება, თითქოს მათ ფეხქვეშ რაღაც მოძრაობს, აქვთ ჰალუცინაციები. ყველაზე ხშირად ნახსენები ფსიქოლოგიური რეაქციებია —
პარანოია და დეპერსონიფიკაცია.

რა გავლენას ახდენს მარიხუანა მეხსიერებასა და სწავლაზე?

ხანმოკლე მეხსიერების მუშაობაში თავის ტვინის ყველაზე აქტიურად ჩართული ნაწილი ჰიპოკამპია, რომელიც მიმდინარე სენსორულ ინფორმაციას მოსახმარად ინახავს. საბოლოოდ, ეს ინფორმაცია ხანგრძლივ მეხსიერებაში გადადის. როდესაც ორგანიზმში ტეტრაჰიდროკანაბინოლის (THC) მსგავსი გარე კანაბინოიდი ხვდება, ის მნიშვნელოვნად ზღუდავს ხანმოკლე მეხსიერების მუშაობისთვის საჭირო ჰიპოკამპის მოცულობას.

როდესაც მოხმარებას წყვეტენ, ხანმოკლე მეხსიერება თითქმის სრულად აღდგება, მაგრამ თუ ისე მოხდა, რომ წარსული გამოცდილებები და ფაქტები ხანმოკლე მეხსიერებაში არ გადამუშავდა, მაშინ ეს ინფორმაცია სამუდამოდ იკარგება. რაც უფრო ქრონიკული ხასიათისაა მოხმარება, მით მეტია დაკარგული ინფორმაციის რაოდენობაც.

მიუხედავად იმისა, რომ მარიხუანა ანელებს სწავლის პროცესს და ხანმოკლე მეხსიერებაზე ზემოქმედებით არღვევს კონცენტრაციას, ხანგრძლივ მეხსიერებაზე მისი გავლენა სუსტია. ამით შეიძლება აიხსნას ზოგი სტუდენტის კარგი ნიშნები მარიხუანის რეგულარულად მოხმარების მიუხედავად, მაშინ, როდესაც სხვებს ცუდი მოსწრების გამო სასწავლებლიდან რიცხავენ.

მარიხუანის მოწევისას ბევრი აზრი და გრძნობა ინტერნალიზებული ხდება. ისინი, ვისაც მარიხუანის ხანგრძლივად მოხმარების ისტორია აქვს, ცდებიან, როდესაც თვლიან, რომ უკეთ სწავლობენ, ფიქრობენ, გრძნობენ და კომუნიკაციის კარგი უნარები აქვთ.

"კაიფში ყოფნისას მჯეროდა, რომ სამყაროში ყველაზე ჭკვიანი ადამიანი ვიყავი, ყველაფერზე მქონდა პასუხი. ერთ დღესაც დავჯექი და ტელეფონით ჩავიწერე ყველა დიდებული აზრი; მეორე დღეს, როდესაც გავიღვიძე და ჩანაწერს მოვუსმინე, მიხვდი, რომ ინგლისურადაც კი არ ვლაპარაკობდი წესიერად", — იხსენებს 38 წლის მარიხუანის კომპულსურად მომხმარებელი.

მარიხუანას მოზარდის ტვინზე უფრო ძლიერი გავლენა აქვს, ვიდრე ზრდასრული ადამიანის ტვინზე. მარიხუანის ჭარბად მოხმარებამ შესაძლოა აზროვნების დარღვევამდე მიგვიყვანოს. ადამიანის უნარი, ამოარჩიოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია და უგულებელყოს უმნიშვნელო, დროთა განმავლობაში იკარგება.

რა გავლენა აქვს მარიხუანას დროის აღქმაზე?

დროებითი დეზინტეგრაცია დროის აღქმას ამახინჯებს. სწორედ ეს მოვლენაა პასუხისმგებელი მარიხუანას სხვადასხვა ეფექტებზე. მოსაწყენი, რუტინული სამუშაოს შესრულებისას დრო თითქოს უფრო სწრაფად გადის. მარიხუანის მოწევა კომპლექსური აქტივობის დროს, როგორიცაა, მაგალითად, გამოცდისთვის მზადება, მოწყენილობას იწვევს და მომხმარებელი ხშირად თავს ანებებს წიგნის კითხვას.

დროის შეგრძნების დამახინჯების ეფექტებს, განსჯის უნარის დაქვეითებასა და ხანმოკლე მეხსიერების დარღვევებს რამდენიმე საქმის ერთად შესრულების და ინტერაქციის უუნარობამდე მივყავართ. ერთ-ერთი კვლევის ფარგლებში, მარიხუანის მოქმედ და ყოფილ მომხმარებლებს ჩაუტარეს ტესტირება სხვადასხვა ინტენსივობის მოხმარების შეწყვეტიდან 1-ელ, მე-7 და 28-ე დღეს. პირველ და მე-7 დღეს ჭარბად მომხმარებლებმა მნიშვნელოვანი დარღვევები გამოავლინეს, თუმცა მათი მდგომარეობა საკმაოდ გაუმჯობესებული იყო 28-ე დღისთვის.

რა ხანგრძლივი ეფექტი აქვს მარიხუანას სასუნთქ გზებზე?

ტეტრაჰიდროკანაბინოლსა და ნიკოტინში შემავალი ძირითადი ფსიქოაქტიური ნივთიერებები განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ, ორივე მათგანის კვამლი ტოქსიკური გაზების ნარევს და სხვადასხვა მყარ ნაწილაკებს შეიცავს. ამდენად, ქრონიკული მოწევა იწვევს სასუნთქი გზების მუდმივ გაღიზიანებას. ექიმ დონალდ ტაშკინის კვლევების თანახმად, მარიხუანის ოთხი ან ხუთი სიგარეტის მოწევის და ბოლის ფილტვებში გაჩერებით ფილტვები და ლორწოვანი მემბრანა ექვემდებარება ზიანის იმავე ჯამურ ზემოქმედებას, როგორიც მთელი კოლოფი სიგარეტის მოწევის შედეგად დგება. ჯანდაცვის სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ მარიხუანა სასუნთქ სისტემას აზიანებს.

მარიხუანის რეგულარულად მოწევა იწვევს ხველას, მწვავე და ქრონიკული ბრონქიტის სხვა სიმპტომებს. ლორწოვანი მემბრანის მიკროსკოპულ კვლევებში ექიმმა ტაშკინმა აღმოაჩინა, რომ ფილტვების ქსოვილი ყველაზე დაზიანებული იმ ადამიანებს ჰქონდათ, ვინც როგორც სიგარეტის, ასევე მარიხუანის მომხმარებელი იყო.

"დარწმუნებული ვარ, რომ ფილტვებს გარკვეული ზიანი ნამდვილად მივაყენე. შეუძლებელია ორგანიზმში გაცხელებული კუპრის ამხელა რაოდენობა ჩაუშვა 23 წლის მანძილზე და მერე თქვა, რომ არაფერი დაშავებულა და არაფერი მომხდარა. რა თქმა უნდა, რაღაც ნამდვილად მოხდა", — ამბობს 48 წლის მარიხუანის მომხმარებელი ქალი.

მარიხუანის მოწევასა და ფილტვის კიბოს შორის კავშირი არ დადგინდა, ჭარბად მოხმარების შემთხვევებშიც კი. ზოგი მკვლევარი მიიჩნევს, რომ მარიხუანის მომხმარებლებს შორის სიმსივნის განვითარების დაბალი რისკის მიზეზი შესაძლოა THC იყოს; THC ანადგურებს დაბერებულ უჯრედებს, რომლებიც შესაძლოა სიმსივნურ უჯრედებად იქცეს.

რა ხანგრძლივი ფსიქიკური ეფექტი აქვს მარიხუანას?

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანები ნარკოტიკულ საშუალებებს ზოგჯერ სიმპტომების კონტროლის მიზნით იყენებენ. არსებობს კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც შიზოფრენიის დიაგნოზის მქონე პირები კანაფს რელაქსაციის, თვითღირებულების შეგრძნებისთვის და ყურადღების გადატანის მიზნით ეწევიან, რის საჭიროებასაც მათი დაავადება წარმოქმნის.

მეცნიერები ჯერ კიდევ მსჯელობენ, იწვევს მარიხუანა ფსიქოზს ან სერიოზულ ფსიქიკურ დაავადებას, თუ უბრალოდ ზრდის პარანოიის, მწვავე შფოთვისა და დეპრესიის დონეს. რადგან რთულია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს მარიხუანის გავლენა და სხვა ფაქტორები, განსაკუთრებით კი მოხმარებამდე არსებული ფსიქიკური პრობლემები, აღნიშნულ კითხვაზე პასუხი შესაძლოა ვერასოდეს მივიღოთ.

იწვევს თუ არა მარიხუანის მოხმარება ტოლერანტობას?

ტოლერანტობა ორგანიზმის მიერ უცხო ნივთიერების მიმღებლობას ნიშნავს. ტოლერანტობა მარიხუანის მიმართ საკმაოდ სწრაფად ყალიბდება, მიუხედავად იმისა, რომ საწყის ეტაპზე ბევრი მწეველი სასურველი ეფექტების მიმართ არა ნაკლებად, არამედ მეტად მგრძნობიარე ხდება. ქრონიკული მომხმარებლის ორგანიზმში მარიხუანა 3 თვემდე რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი ეფექტების ხანგრძლივობა 4-6 საათია.

რას ნიშნავს აღკვეთის მდგომარეობა მარიხუანის მოხმარების დროს?

მარიხუანის აღკვეთის მდგომარეობა ე.წ. ლომკა არ მოიცავს ალკოჰოლის ან ჰეროინის აღკვეთისთვის დამახასიათებელ სწრაფად აღმოცენებად სიმპტომებს, ამიტომაც, ბევრი ადამიანი საერთოდ უარყოფს მის არსებობას. მარიხუანის აღკვეთის სინდრომის ნელ ტემპს ტვინში დარჩენილი THC-ის რაოდენობა განსაზღვრავს. აღკვეთის სიმპტომები მოხმარებისგან მხოლოდ ხანგრძლივი თავშეკავების პერიოდის შემდეგ იჩენს თავს.

მარიხუანის აღკვეთის სიმპტომებია:

  • ბრაზი, გაღიზიანებადობა, შფოთვა და აგრესია;
  • ტკივილი და ციება;
  • დეპრესია;
  • კონცენტრაციის უუნარობა;
  • ოფლიანობა;
  • ლტოლვა ნარკოტიკის მიმართ;
  • მსუბუქი ტრემორი;
  • ძილის დარღვევები;
  • მადის დაქვეითება და მუცლის ტკივილი.

"შხაპში ოფლად ვიღვრებოდი. პირველი ორი თვე მიჭირდა კონცენტრაცია. დაახლოებით სამი ან ოთხი თვე დამჭირდა, მანამ სრულად გამოვფხიზლდი, ბურუსიდან გამოვედი და ჩემ ირგვლივ მოვლენების აღქმა დავიწყე", — 38 წლის ყოფილი მარიხუანის მომხმარებელი.

აღნიშნულ სიმპტომებს ყველა მომხმარებელი არ განიცდის, მაგრამ ყველა მათგანს ექნება რამდენიმე სიმპტომი, განსაკუთრებით კი ლტოლვა ნარკოტიკის მიმართ.

იწვევს თუ არა მარიხუანა დამოკიდებულებას?

კოკას ფოთლებიდან კოკაინის და ოპიუმიდან ჰეროინის დამზადების ტექნიკების დახვეწის შედეგად აღნიშნული ნივთიერებების ავადმოხმარების მაჩვენებელი გაიზარდა; ოპიატების, დამამშვიდებელი საშუალებების, ალკოჰოლის და რამდენიმე სტიმულატორისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას მეტი მნიშვნელობა ენიჭება, თუმცა, ბოლო 18 წლის მანძილზე ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა მარიხუანის დამოკიდებულებისა და აღკვეთის სინდრომის ფიზიკური კომპონენტების მნიშვნელობაც.

როგორც კოკაინმა, ჰეროინმა, ალკოჰოლმა, ნიკოტინმა და სხვა ადიქციურმა ნივთიერებებმა, მარიხუანამაც შეიძლება სისტემატურ მოხმარებამდე მიგვყვანოს, ყველა იმ უარყოფითი შედეგის მოიუხედავად, რომელიც ამ სახის ქცევას მოჰყვება მომხმარებლის ცხოვრებაში.

"თორმეტი ნაბიჯის პროგრამაში, სულ ცოტა, 6 წელია ჩართული ვარ; არ ვამბობ, რომ ყოველთვის ასეა, მაგრამ პროგრამაში ვისაც შევხვდი, თითქმის ყველამ მოხმარება მარიხუანათი ან ალკოჰოლით დაიწყო", — 44 წლის მარიხუანის მომხმარებელი, აღდგენა-გამოჯანმრთელების პროცესში.

მიიჩნევა, რომ მარიხუანას, სხვა ნარკოტიკებთან შედარებით, ნაკლებად აქვს უნარი დამოკიდებულება გამოიწვიოს.

რა სამედიცინო ეფექტები აქვს მარიხუანას?

გასული 150 წლის მანძილზე კანაფისა და მისი ექსტრაქტების სამედიცინო მიზნით გამოყენება კლინიკური და სამეცნიერო კვლევის საგნად არის ქცეული. ისტორიულად, მარიხუანა გამოიყენებოდა კუნთების რელაქსაციისთვის, ტკივილის გასაყუჩებლად, მადის მოსამატებლად, სპაზმებისა და კრუნჩხვების საკონტროლოდ, შფოთვის შესამცირებლად, მშობიარობის ხელშესაწყობად, ხველების შესამსუბუქებლად და ოპიატებისა და ალკოჰოლისგან გამოწვეული აღკვეთის მდგომარეობის სიმპტომების სამკურნალოდ.

კანაფის მოხმარებას რეკომენდაცია გაეწია:

  • გულისრევის დროს (განსაკუთრებით ქიმიოთერაპიით გამოწვეულ შემთხვევებში);
  • წონის მოსამატებლად (სხეულის მასის შემამცირებელი დაავადებებისას, როგორიცაა კიბო და შიდსი);
  • გულყრების დროს, როგორიცაა ეპილეფსია;
  • ქრონიკული და მწვავე ტკივილების დროს (შაკიკი, კიბო, რევმატიზმი);
  • გაფანტული სკლეროზის და სხვა აუტოიმუნური დაავადებებისას;
  • ზოგიერთი ტიპის გლაუკომის (თვალის ქრონიკული დაავადება) დროს;
  • დეპრესიისა და შფოთვის შესამცირებლად.

ბოლო დროს ჩატარებული კვლევები მარიხუანის სხვა კანაბინოიდებზე − კერძოდ, კანაბიდიოლზეა ფოკუსირებული. ტეტრაჰიდროკანაბინოლის (THC) კონცენტრაციის მიუხედავად, კანაბიდიოლი (CBD) გავლენას ახდენს კრუნჩხვებზე, გაფანტული სკლეროზის დროს განვითარებულ ტრემორზე და ასევე შფოთვის დონეზე. კანაფ სატივას მეტი გავლენა აქვს სხეულის ტრემორზე, მაშინ, როდესაც კანაფი ინდიკა ტკივილისა და სტრესის სამკურნალო ეფექტური საშუალებაა.

ავიდეკელი მარიხუანის ჰიბრიდია კანაბიდიოლის მაღალი (15,8%) და THC დაბალი შემცველობით (0%- 0,03%). ის სამედიცინო მოხმარების მიზნით შეიქმნა და ფსიქოაქტიური თვისებები ფაქტობრივად არ გააჩნია. მისი გავრცელება ნამდვილი "სამედიცინო მარიხუანის" სახელით ხდება, რადგან ინარჩუნებს სამედიცინო თვალსაზრისით ყველა სასარგებლო თვისებას და არ აქვს ფსიქიკური ეფექტები, რომელიც რეკრეაციული მომხმარებლებისთვისაა მიმზიდველი.

მარიხუანის შემსწავლელი სამედიცინო კვლევები მომავალშიც გაგრძელდება, რაც ამ ნარკოტიკის შესახებ დარგის მკვლევრებს მეტ ინფორმაციას მისცემს.

რა გავლენას ახდენს მარიხუანა მანქანის მართვის უნარზე?

საგზაო ტესტირებები, რომელიც ნიმუშად ნერწყვს იყენებს, ადგენს მოიხმარა თუ არა მძღოლმა მარიხუანა, მაგრამ ვერ ზომავს მოხმარებულ რაოდენობას, მოხმარების ვადებსა და ორგანიზმში დარჩენილი ნივთიერების რაოდენობას. ზემოქმედების დონე იმავე მეთოდებით იზომება, რაც ალკოჰოლის შემთხვევაში გამოიყენება.

დღესდღეობით ავტომობილის დაუდევრად მართვის ან სხვა მიზეზით გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევისთვის მძღოლების ტესტირება ალკოჰოლის გარდა მარიხუანასა და სხვა ნარკოტიკებზე საკმაოდ ხშირ პრაქტიკას წარმოადგენს.

"თავიდან, დაბოლილი მანქანაზე არ ვჯდებოდი, მაგრამ ჩვევად როცა მექცა და დიდ გავლენას აღარ ახდენდა, უფრო კეთილსინდისიერადაც კი დავიწყე ტარება, ვიცავდი სიჩქარის შეზღუდვას. არ მინდოდა, რომ პოლიციას გავეჩერებინე", — 19 წლის მამაკაცი, მარიხუანას მომხმარებელი.

დასკვნების გამოტანა უახლოეს წარსულში მძღოლის მიერ მარიხუანას მოხმარების თაობაზე და მოხმარების წვლილზე ავტოსაგზაო შემთხვევაში უფრო რთულია რამდენიმე მიზეზის გამო:

  • აღნიშნული ნარკოტიკი ორგანიზმში რამდენიმე დღით რჩება და ტესტით მისი გამოვლენა მოხმარებიდან რამდენიმე კვირაშიც კი შეიძლება მოხდეს;
  • ორგანიზმიდან გამოსვლის ინდივიდუალური ტემპი რადიკალურად განსხვავებულია ალკოჰოლთან შედარებით, რომელსაც მეტაბოლიზმის განსაზღვრული სიჩქარე აქვს;
  • სისხლში მარიხუანას დონესა და სხვადასხვა უნარების დაქვეითების კავშირზე სანდო მონაცემები ძალზე მწირია;
  • უმეტეს შემთხვევებში ადამიანის ორგანიზმში მარიხუანას გარდა სხვა ნარკოტიკიც აღმოჩნდება ხოლმე და როგორც წესი, ეს ალკოჰოლია.

ტესტირების ხელსაწყოებს ტეტრაჰიდროკანაბინოლის მეტაბოლიტების მიკრორაოდენობის გაზომვაც კი შეუძლიათ, მაგრამ ძირითადად ისეა დაკალიბრებული, რომ შარდის ნიმუშის 1 მილილიტრში 50 ნანოგრამიდან იწყებს აზომვას. 50 ნგ/მლ დონე არ ზომავს მოხმარების შედეგად რაიმე უნარის დაქვეითებას, უბრალოდ, ადასტურებს მოხმარების ფაქტს.

მოხმარების ხანგრძლივი ისტორიის მქონე ადამიანის შემთხვევაში თავშეკავების დაახლოებით 3 კვირაა საჭირო 50 ნგ/მლ ზღვარის მქონე ტესტზე უარყოფითი შედეგის მისაღებად და დამატებით 3 კვირა სრულად ნეგატიური შედეგის მისაღებად.

საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ზღვრად 15 ნგ/მლ აქვს აღებული. არსებობს შემთხვევები, როდესაც ორგანიზმიდან ნარკოტიკის სრულად გამოსვლას 10 კვირა დასჭირვებია. იმ ინდივიდის ტესტს, რომელიც მარიხუანას წვეულებაზე მოწევს, მაგრამ არ არის სტაჟიანი მომხმარებელი, 24-48 საათში უარყოფითი ჩვენება ექნება.

მარიხუანას ან ალკოჰოლის მომხმარებელი მძღოლების ტესტირებამ აჩვენა, რომ მარიხუანას მცირე რაოდენობის მოწევის შემდეგ უნარების შეზღუდვის ხარისხი უფრო დაბალია, ვიდრე ალკოჰოლის მცირე რაოდენობის მიღების შემდეგ.

ალკოჰოლი ამცირებს შებოჭილობას და ზრდის საკუთარ თავში დარწმუნების დონეს, მაშინ, როდესაც მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ ადამიანები ზედმეტად ფრთხილნი და პარანოიდულებიც კი ხდებიან.

მძღოლისთვის, რომელმაც ახლახანს მოწია მარიხუანა, ამოცანების შესრულება, როგორიცაა მანქანის მართვა ნორმალურ პირობებში, ნაცნობ ქუჩებში, არც ისე რთულია. მაგრამ, რთულ სიტუაციასთან შეჯახებისას, სადაც მძღოლს გადაწყვეტილების მიღება და სწრაფად რეაგირება მოეთხოვება, ორგანიზმში მარიხუანის არსებობისას მნიშვნელოვნად იზრდება შეცდომის დაშვების ალბათობა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბექა წიქარიშვილი: ეს ბიჭი თუ გახსოვთ, ქალბატონო თეა? ჩვენ გვახსოვს, არ ვივიწყებთ და მუდამ გვემახსოვრება.
  2. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
  3. მაკა ბოჭორიშვილი: დიახ, ვარ "ქართული ოცნების" საკმაოდ ამაყი წარმომადგენელი
  4. ირაკლი ზარქუა: ჩვენ რამენაირად უნდა გავძლოთ 20 იანვრამდე და გავძლებთ კიდეც
  5. რიკარდ იოზვიაკი: EU დღეს საქართველოს ოფიციალურ პირებს სანქციებს არ დაუწესებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მარკო მიჰკელსონი: ქართველებს ახალი არჩევნები და ევროპული მომავალი სჭირდებათ

ქართველებს ახალი არჩევნები და ევროპული მომავალი სჭირდებათ, — ამის შესახებ X-ზე ესტონეთის პარლამენტის საგარეო…